ანზორ საკანდელიძე: ,,სიკვდილის კორპუსების’’ სამშენებლო მანქანა თუ არ შევაჩერეთ, შეიძლება თბილისი ერთ დიდ ძმათა სასაფლაოდ იქცეს

მეტროსადგურ ,,ვარკეთილში’‘ ახალშერემონტებული ჭერის ჩამონგრევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მშენებლობის სფეროში სრული განუკითხაობა სუფევს. ამ სამწუხარო ფაქტმა ბევრი კითხვა გააჩინა, ყველაზე მთავარი ალბათ ისაა, რისთვის ჩატარდა ხსენებულ მეტროსადგურში რეკონსტრუქცია და ვის ჭირდებოდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ‘‘მშენებელთა ლიგის’‘ თავმჯდომარის ანზორ საკანდელიძის განცხადებით, სრული სიმართლე თქვა სამთოელთა პროფკავშირის პრეზიდენტმა თამაზ დოლაბერიძემ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ლიბერტარიანული ნარატივის ქვეშ ვცხოვრობთ, საქართველოში თუ რამე კეთდება, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მოსახლეობას ჭირდება, არამედ იმისთვის, რომ რომელიმე კომპანიამ ფული ‘‘გააკეთოს’‘.

ანზორ საკანდელიძე: ‘‘ამ მეტროსადგურში მანამდეც შეკიდული ჭერი იყო, მაგრამ ეს იყო ერთმანეთზე ხისტად და მყარად დამაგრებული ლითონის მილები, რასაც თავისი დანიშნულებაც ჰქონდა. მიწისქვეშეთში რომ ჩადის ადამიანი, ისეთი შეგრძნება არ უნდა ჰქონდეს, რომ სადღაც ჩაიკარგა, რაც შეიძლება ფართო სივრცე უნდა იყოს. რეკონსტრუქციის შემდეგ, ისეთი ჭერი გააკეთეს, რომ სივრცე გაცილებით შემცირდა, თანაც ცეცხლსაშიში მასალა გამოყენებული, არადა გვირაბმშენებლობაში ძირითადად ლითონსა და ქვის მასალას იყენებენ, თუ რაიმე ხელოვნურია, მათ შორის, ბეტონი, იმ დონეზე უნდა იყოს შესწავლილი, რომ ეჭვს არ იწვევდეს, ასევე უნდა შემოწმდეს ამ მასალებს გარკვეული პერიოდის შემდეგ, თვისებები ხომ არ ეკარგება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამის მსგავსი არაფერი მომხდარა. ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ ეს რეკონსტრუქცია თუ რემონტი ფულის საშოვნელად გაკეთდა’‘.

ამ კონკრეტული შემთხვევის დროსაც, როგორც წესი ყველაზე მეტად ნაციონალები და მათი სატელიტები ხმაურობენ. დედაქალაქის მერიის ადვოკატობას ნამდვილად არ ვაპირებთ, მაგრამ ნაციონალებს გვინდა შევახსენოთ, რომ სწორედ მათი მმართველობისას ჩამოხსნეს მეტროსადგურ ‘‘წერეთელში’‘ ‘‘რეკონსტრუქციის’‘ მომიზეზებით, კედლებიდან იშვიათი მწვანე მარმარილოს ფილები და ცეცხლსაშიში პლასტმასით მოაშანდაკეს იქაურობა, ისევე როგორც მეტროსადგურ ‘‘ავლაბარში’‘. მოგვიანებით ორივეგან ცეცხლი გაუჩნდა ნაციონალების ‘‘ნოვაციას’‘ და მგზავრები ლამის გაიგუდნენ, თუმცა ეს შემთხვევები ფართო განხილვის საგნად არ უქცევია ნაცხელისუფლებას და მათ რუპორ ‘‘რუსთავი-2’‘-ს.

ანზორ საკანდელიძის განცხადებით, მშენებლობის სფეროში არსებული კატასტროფული ვითარების მიზეზი ისაა, რომ ქვეყანაში არათუ მშენებლობის სამინისტრო არ არსებობს, არამედ არცერთ საჯარო უწყებაში, იქნება ეს მთავრობა, პარლამენტი თუ მუნიციპალიტეტები, სანთლით ვერ იპოვით მშენებელს.

ანზორ საკანდელიძე: ‘‘კვირიკაშვილი რაც პრემიერ-მინისტრი გახდა, მას მერე არაერთხელ მივმართეთ, რომ მრჩევლად მაინც აეყვანა ერთი მშენებელი, მთავრობის კანცელარიაში ერთმა კაცმა არ იცის მშენებლობის ანაბანა, ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სადაც უამრავი პროფესიონალია, ახლოს არ გვიკარებენ, ამ დროს ინგრევა ყველაფერი. არ არსებობს მშენებლობის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროში კი არის ვითომ მშენებლობის დეპარტამენტი, მაგრამ იქაც არავინ არაფერი იცის. საქართველოს გარდა, არცერთ პოსტსაბჭოურ რესპუბლიკას არ გაუუქმებია მშენებლობის სამინისტრო, ჩვენ ვითომ იმათზე ჭკვიანები ვართ? იკითხე მაინც მთელს მსოფლიოში რატომ აქვთ შენარჩუნებული ეს უწყება, მშვიდობა თუ გინდა, ომისთვის უნდა ემზადო,  ყველა სამხედრო ობიექტს კი, როგორც წესი, მშენებლობის სამინისტრო აშენებს, ეს სამხედრო საიდუმლოებაა და დაცული უნდა იყოს. ‘‘ყვარელმშენის’‘ მსგავს კომპანიებს უნდა ვანდოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქცია? მოიგონეს ეს რაღაც ტენდერები, მის გარეშე არაფერი კეთდება, იქნება კაპიტალური მშენებლობა თუ შეკეთება-რეაბილიტაცია, რა სიკეთე მოგვიტანა ამ ტენდერებმა, იქნებ მითხრან.  მთავრობას და დედაქალაქის მერიას ვურჩევ, დაანებონ ტენდერებს თავი და თვითონ გააკეთონ ყველაფერი. უკვე მერამდენე წელია ვისმენ, რომ სწორედ ამ ტენდერების დროს ‘‘ტყდება’‘ ფული ‘‘ატკატების’‘ სახით, კონკრეტული კომპანია თუ ვინც იქნება, თუ ‘‘ატკატზე’‘ არ დათანხმდა, ტენდერს ვერ მოიგებსო. ‘‘ატკატზე’‘ გაცემული თანხა ხომ აკლდება ობიექტის ასაშენებელ თუ სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის საჭირო ბიუჯეტს. ხარჯთაღრიცხვა უკვე გაკეთებულია რა დაჯდება კონკრეტული მშენებლობა-რეკონსტრუქცია, ამ დროს ეცლება ის ფული, 20 თუ 30%, რაც ვიღაცას ‘‘ატკატის’‘ სახით უნდა გადაუხადოს ამშენებელმა, თვითონაც ხომ უნდა აიღოს რაღაც, ამიტომაცაა, რომ ის ან ვეღარ ამთავრებს ობიექტს, ანდა უხარისხოდ აქვს ყველაფერი გაკეთებული. სადაც მივიდა კახა კალაძე, ყველგან უხარისხოდ შესრულებული სამუშაო დახვდა, მგონი, ოლიმპიური სტადიონი უნდა ყოფილიყო თავისი სათავსოებით, რომელიც დაახლოებით შვიდი მილიონი დაჯდა, მაგრამ უკვე დანგრეულია ყველაფერი. ვიღაცამ ჩაიბარა ხომ ეს ობიექტი, მიღება-ჩაბარების აქტზეც მოუწერა ხელი, რატომ ჩაიბარა უხარისხოდ ჩაბარებული ობიექტი, ე.ი. რაღაც დაინტერესება ჰქონდა ხომ? საბოლოოდ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე, როდემდე უნდა ვუყუროთ ამ მაიმუნობას? დავანებოთ თავი ამ მაიმუნობას, ამ ლიბერტარიანელობას, რომ სახელმწიფო არაფერში უნდა ჩაერიოს, რას ჰქვია არ უნდა ჩაერიოს, ამ ჩაურევლობამ დაანგრია ქვეყნის  მთელი ეკონომიკა. ადამ სმიტის ორი საუკუნის წინანდელი საგადასახადო სისტემა გვაქვს შემორჩენილი, რომ სახელმწიფო არაფერში უნდა ჩაერიოს და არც არავითარი ბიზნესი არ უნდა ჰქონდეს და თურმე მარტო მავანთა მიერ ბიუჯეტის, ხალხის ჯიბის ხარჯზე ფულის შოვნას უნდა უყუროს. კი, მაგრამ რატომ? შექმენი სახელმწიფო ორგანიზაცია, ხომ გვქონდა თბილმშენი? დღესვე შეიძლება მაგის გაკეთება, ‘‘მშენებელთა ლიგაც’‘ დავეხმარებით, სადაც პროფესიონალი მშენებლები და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები არიან. დაანებონ ამ ტენდერებს თავი, რა ფულიც დარჩება, იმით სახელმწიფომ ისარგებლოს, ეკონომიკა განვითარდება და ქვეყანაც გაძლიერდება. იგივე დედაქალაქის მერია ბიუჯეტის ფულს რომ არის მიჩერებული, თვითონ გააკეთოს ფული, შევიდეს სამშენებლო ბიზნესში, ააშენოს და გაყიდოს, მიწა თავისია, ტრანსპორტი, ფული და ამ დროს სხვას აშოვნინებს ფულს. მერიამ ააშენოს თვითონ, ჯერ ერთი ფასებსაც დაარეგულირებს ბაზარზე, ყაჩაღობას არ დაიწყებს ფასებით, შემოიტანოს საჭირო მასალები, რა პრობლემაა, უცხო ქვეყნების ქალაქების მერებთან ხომ აქვთ კავშირი. სახელმწიფომ მედიკამენტები და სხვა პროდუქტებიც შემოიტანოს, ერთ აფთიაქსა და მაღაზიას ვერ გააკეთებენ? ხომ ხედავთ როგორ გაძვირდა  წამლები, სახელმწიფომ იშოვოს ის ფული და დაუკლოს ფასი, საკუთარ ხალხსაც გამოადგება და ბაზარსაც დაარეგულირებს. ან საწვავი აიღეთ, მილიონნახევრიან ქალაქში ერთი მუნიციპალური ბენზინგასამართი სადგური არ უნდა იყოს? რა უშლით ხელს, რომ თუნდაც ერთი ასეთი სადგური მოაწყონ, თვითონვე შემოიტანონ საწვავი და გაყიდონ. ახლა როგორც უნდათ, ისე ათამაშებენ საწვავის ფასებს ეს იმპორტიორ-რეალიზატორები, სახელმწიფო რომ შემოიტანს და გაყიდის საწვავს დაბალ ფასში, მერე ის კერძოები კომპანიებიც დააკლებენ ფასს, თან რაღაც ხუთი თეთრით კი არა’‘.

ბატონო ანზორ, სამშენებლო სფეროში არსებულ კატასტროფულ ვითარებაში, კონკრეტულად რა იგულისხმება?

2009 წელს მიიღეს კანონი სეისმომედეგობასთან დაკავშირებით (პნ-01-01-09), რომელიც 2010 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ამ კანონის თანახმად, არ შეიძლება რკინა-ბეტონის კარკასული ტიპის შენობა 12 სართულზე მეტი იყოს, რადგან მიწისძვრის დროს უმეტესად ასეთი შენობები ინგრევა. მიუხედავად ამისა, თბილისში უკვე 30-40 სართულიან შენობებს აშენებენ, ეს პროცესი როგორმე უნდა შევაჩეროთ. 2015-2016 წლებში, ასათიანის ქუჩაზე ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე 32-სართულიანი კორპუსის აშენება უნდოდათ და სწორედ კანონის მეშვეობით მოვიგეთ სამივე ინსტანციის სასამართლო. ვითხოვდით, მშენებლობა დროებით შეეჩერებინათ სამშენებლო დოკუმენტაციის ხსენებულ კანონთან შესაბამისობაში მოსვლამდე, სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი და მერიას დაავალა შეეჩერებინათ მშენებლობა. დღევანდელმა მერმაც გამოიყენოს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, პრეცედენტად ვაქციოთ და შევაჩეროთ ამ უზარმაზარი კორპუსების მშენებლობა. ექსპერტიზაც კი არ არის საჭირო, რომ კანონი დარღვეულია. სხვა საკითხია, როგორ შეიძლება ამის პრაქტიკული რეალიზაცია, უკვე აშენებულ კორპუსებს რას უზამ, ხომ ვერ დაანგრევ, ხალხი ცხოვრობს. ახლის შენების უფლება აღარ უნდა მისცე, ამას თუ არ გააკეთებ, ‘‘სიკვდილის კორპუსების’‘ სამშენებლო მანქანა არ ჩერდება, ვიღაცას ისევ აძლევენ ნებართვას, ვიღაც კიდევ აშენებს. აუცილებლად უნდა შევაჩეროთ ეს პროცესი, თორემ ჩვენ ისეთ სეისმურ ზონაში ვცხოვრობთ, ყოველ წუთს არის მოსალოდნელი მიწისძვრა, ბოლო ხანს მოხშირდა კიდეც, საბედნიეროდ, მცირე სიმძლავრის ბიძგებია. შედარებით ძლიერი მიწისძვრა, თბილისს ერთ დიდ საძმო სასაფლაოდ აქცევს, ლამის ნახევარი საქართველო დედაქალაქში ცხოვრობს და წარმოიდგინეთ, რამხელა მსხვერპლის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ. ეს კატასტროფა, როგორმე უნდა შევაჩეროთ. ამ დროს, მერიას (ნარმანიას მერობის დროს და უფრო ადრეც) დიღმის მასივის ტერიტორიაზე 11 მილიონ კვ.მ ფართის მაღლივ კორპუსებზე ჰქონია მშენებლობის ნებართვა გაცემული, რაც სრული კატასტროფა იქნება ამ უბნისთვის, ისე გადაიტენება იქაურობა მრავალსართულიანი სახლებით.

არანაკლები საშინელებაა გაჩერებული მშენებლობები, გამოსავალი არც მათ კონსერვაციაშია. დავით ნარმანია წასვლის წინ ტრაბახობდა, 140 მილიონი ლარის გამაგრებითი სამუშაოები ჩავატარეთო, ჩათვალეთ, რომ წყალშია გადაყრილი ეს სამუშაოები,  ყველაფერი დასანგრევია, რადგან ზემოხსენებულ კანონთან წინააღმდეგობაში მოდის, რომელიც ყველა დაშენება-მიშენებაზე, რეკონსტრუქცია-გამაგრებაზეც ვრცელდება. გამაგრებული შენობა უკვე 8 ბალს უნდა აკმაყოფილებდეს, ასეა დღეს საპროექტო გათვლა. კომუნისტების პერიოდში აშენებული შენობები 7 ბალზეა გათვლილი, მაგრამ ახლა ამხელა სეისმომედეგობა აღარ აქვთ, რადგან ამ შენობებმა ამორტიზაცია განიცადა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ამ შენობების პრივატიზაცია მოხდა. ადრე სახლმმართველობები წყლის საწრეტ მილებს მაინც ცვლიდა, ახლა არავინ არაფერს აკეთებს, წყალი სარდაფებში ჩადის და საძირკველს აზიანებს. იდეალურადაც რომ იყოს მოვლილი ეს შენობები და შენარჩუნებული ჰქონდეთ შვიდბალიანი სეისმომედეგობა, მაინც არ აქვთ მიშენება-დაშენების უფლება, რადგან კანონის მოთხოვნა რვა ბალია. ამ სტანდარტამდე გამაგრება, ფანტაზიის სფერო მგონია. არაფრით არ შეიძლება იმ კორპუსებზე მშენებლობის გაგრძელება, რომლებიც ამდენი წელი ნახევრად აშენებულ მდგომარეობაშია მიყრილი, ისე, რომ დაკონსერვებულიც არ არის. კონსერვაციასაც გარკვეული სამუშაოების ჩატარება ჭირდება. დასანგრევია ის შენობა, სადაც მშენებლობა, მინიმუმ ათი წელი მაინც არის გაჩერებული, აწვიმს და ათოვს. გაყინვა-გალღობის დროს, ისეთი პროცესები ვითარდება, რომ მისი რვა ბალამდე გაძლიერება გამორიცხულია.

Please follow and like us: