რამდენად რეალურია მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხე?!

ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ბოლო ინფორმაციით, ირანმა საჰაერო იერიში მიიტანა ერაყში განლაგებულ სამხედრო ბაზაზე (აინ-ალ-ასადი). სარაკეტო სროლების დროს, ამერიკული მხარის ასაფრენ ბილიკზე განადგურებული იქნა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ერთი თვითმფრინავი. ერაყი, რომელსაც ხან დემოკრატიას უწუნებდა ,,ცივილური” დასავლეთი და ხან ბირთვული იარაღის წარმოებაში ადანაშაულებდა, ლამის ოცი წელია საბრძოლო მოქმედებების პოლიგონადაა ქცეული. ერთ დროს აყვავებული, უმდიდრესი ქვეყანა, მსოფლიო დემოკრატიის ,,მამების” მეოხებით, ნანგრევებად იქცა, ერაყელების უმრავლესობა კი, რომელიც ვითომდა დიქტატორი სადამ ჰუსეინის მარწუხებიდან ,,გაათავისუფლეს”, მთელ მსოფლიოსაა მოდებული დევნილის რანგში.

ამ ინციდენტამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, ერაყელმა კანონმდებლებმა მთავრობას ამერიკელი სამხედროების ქვეყნიდან გაყვანისკენ მოუწოდეს. როგორც ერაყის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლობის წარმომადგენელი აბდელ ხალფი აცხადებდა, მთავრობამ უკვე დაიწყო შესაბამისი მექანიზმის მომზადება, რომელიც ამერიკელი სამხედროების ქვეყნიდან გაყვანას უზრუნველყოფს. საერთაშორისო კოალიციის მოქმედება ერაყში მხოლოდ  კონსულტაციებით, შეიარაღების მიწოდებითა და სამხედრო მოსამსახურეთა წვრთნებით შემოიფარგლება, რაც შეეხება კოალიციური შეიარაღებული ძალების შენაერთებს, ისინი გავლენ ერაყიდანო. ხალფიმ ამერიკელების მიერ, ბოლო ხანს განხორციელებული სარაკეტო დარტყმები, ისეთ სისულელედ შეაფასა, რომელზე გაჩუმებაც შეუძლებელია. მან იმაზეც მიანიშნა, რომ ერაყის მთავრობამ შეზღუდა საერთაშორისო კოალიციის ძალების სახმელეთო და საჰაერო გადადგილებები და არ დაუშვებს, რომ ისინი საითაც არ უნდა იყოს,  უნებართვოდ გადაადგილდნენ. ხალიფის განცხადებით, ვაშინგტონმა საქმის კურსში არ ჩააყენა ერაყის თავდაცვის სამინისტროს გენერალიტეტი ზემოხსენებულ ოპერაციებთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, აშშ-მა 29 დეკემბერს სარაკეტო დარტყმა მიაყენა შიიტური დაჯგუფება ,,ქათაიბ ჰესბოლას” ობიექტებს ერაყსა და სირიაში, რაც პენტაგონმა იმ შეტევის პასუხად შეაფასა, რომელიც ,,ჰესბოლამ” კირკუკის სიახლოვეს მდებარე ბაზაზე განახორციელა, რა დროსაც დაიღუპა აშშ-ის ერთი მოქალაქე, ოთხი სამხედრო მოსამსახურე კი დაიჭრა. ამის შემდეგ შიიტებმა იერიში მიიტანეს აშშ-ის საელჩოზე ბაღდადში, რასაც შტატებმა ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის მკვლელობით უპასუხა. ოფიციალური ვაშინგტონი  ამ უკანასკნელს თვლიდნენ შიიტთა აქციების ორგანიზატორად. ბაღდადმა ამერიკელების მიერ განხორციელებული დარტყმები, ამერიკული სამხედრო შენაერთების ერაყში განლაგების პირობების დარღვევად შეაფასა და როგორც აღვნიშნეთ, ერაყელმა კანონმდებლებმა მთავრობას მოსთხოვეს, რომ მიაღწიოს ამერიკელი სამხედროების ერაყიდან გაყვანას. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერაყს სანქციებით დაემუქრა, თუკი ბაღდადის მხრიდან მტრული ქმედებები განხორციელდებაო. ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზადაა ერაყს ისეთი სანქციები დაუწესოს, როგორიც ,,ერაყელებს არასდროს უნახავთ” და დასძინა, რომ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები იქამდე არ აპირებენ ერაყის დატოვებას, სანამ ბაღდადი ამერიკელების მიერ აშენებული ავიაბაზის საფასურს არ გადაიხდის.

7 იანვარს ,,ვაშინგტონ პოსტმა” სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის მთავრობა სანქციებს შეიმუშავებს ერაყის წინააღმდეგ, ამერიკელი სამხედროების ერაყიდან გაყვანის მოთხოვნის გამო. ჩინოვნიკების განცხადებით, თუ შეზღუდვები მაინც დაუწესდება ერაყს, ამაში წამყვანი როლი ფინანსთა სამინისტროსა და თეთრი სახლს ეკავებათ, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.