პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის დავით გაგნიძის განცხადებით, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულობებმა, განსაკუთრებით ქურდობებმა ბოლო ხანს მასობრივი სახე მიიღო, რაც შემთხვევით არ ხდება. სავარაუდოდ, ეს ორგანიზებული დანაშაულობებია, რომელთა უკან უფროსები დგანან.
დავით გაგნიძე: მოზარდი გასაქურდად რომ შედის, შეიძლება რაც მოეწონება ის წაიღოს, ზემოხსენებულ შემთხვევებში ასე არ ხდება, ისეთი რაღაცებია წაღებული, ეჭვს აჩენს, რომ ვიღაცის მითითებით ხდება. რამდენიმე ხნის წინ შს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა გააკეთა განცხადება, ხაშურში მომხდარი ყაჩაღობა გავხსენითო. ცალკეული რიგითი დანაშაულის გახსნა ამ სამსახურის საქმე არ არის. მათ ძირითადად ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებაზე უნდა იმუშაონ, იმ ჰალსტუხიან ყაჩაღებზე უნდა იმუშაონ, რომლებსაც მილიონები აქვთ მითვისებული. არაერთხელ მითქვამს, რომ ათეულობით მილიარდი დოლარია ქვეყნიდან გატანილი, ერთი მილიონი მაინც ამოიღეს? ყოველ შემთხვევაში, მე ამგვარი არაფერი გამიგია. მოზარდების მხრიდან გახშირებულ დანაშაულობებზე იმუშაონ, სადაც ორგანიზებული დანაშაულის ნიშნები იკვეთება. ხსენებული სამსახური დაინტერესდეს, რა არის მოპარული და რა ხელწერითაა ჩადენილი ქურდობები, ანალოგიური ნიშნები ხომ არ ფიგურირებს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა არასრულწლოვანთა ინსპექციის გაუქმება, რა მეთოდით მუშაობენ არასრულწლოვნებთან, ვერ გავარკვიე. არასრულწლოვანთა ინსპექცია შევარდნაძის მმართველობისას კი არსებობდა, მაგრამ ის ეფექტი აღარ ჰქონდა, როგორც კომუნისტების დროს. ნაციონალებმა კი საერთოდ გააუქმეს ეს ინსპექცია, ალბათ იმ კეთილშობილური მიზნით, ბავშვის უფლებები ილახებაო, არადა კომუნისტების მმართველობისას, არასრულწლოვანთა ოთახი მილიციის შენობაშიც კი არ იყო, რომ ბავშვს ფსიქოლოგიური ტრავმა არ მიეღო. მე თვითონ ვმუშაობდი ამ სამსახურში და კარგად ვიცი, სკოლის დირექტორები იმასაც გვეუბნებოდნენ, სკოლაში ხშირად ნუ ივლით, კვირაში ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ გამოიარეთ, არ გვინდა ფორმიანმა კაცმა ბავშვები შეაშინოსო. ვარდოსნებმა კი გააუქმეს არასრულწლოვანთა ინსპექცია, მაგრამ ჯერ კიდევ ვმუშაობდი შსს-ში, უფრო ზუსტად სოდ-ში, როცა სამინისტროდან ბრძანება მოვიდა, დანაშაულებრივი დაჯგუფებები იქმნება, სადაც 14-15 წლის მოზარდები არიან, ინფორმაციები მოიპოვეთ და იმუშავეთო. ჩვენ რა შუაში ვიყავით, ვისაც ევალებოდა, უბნის ინსპექტორი იქნებოდა თუ სხვა, მათ ემუშავათ, თავს თუ ვერ გაართმევდნენ, იმ შემთხვევაში დავეხმარებოდით. იმ პერიოდის დაჯგუფებების უკან უფროსები არ იდგნენ, ახლა კი იგრძნობა, რომ ასაკოვანი ხალხი ხელმძღვანელობს. თუ არ ვცდები, საიუვილერო მაღაზიაც გაქურდეს, მაგრამ მარტო ფული წაიღეს. საიდან უნდა სცოდნოდა 15 წლის ბავშვს, რომ ძვირფასეულობა არ გაეყოლებინა, ე.ი. ვიღაცამ აუხსნა, რომ ფულის მოპარვა პრაქტიკულად გაუხსნელი საქმეა. არასრულწლოვანთა ინსპექცია რომ ფუნქციონირებდეს, დანაშაულობების გახსნის ალბათობა გაცილებით მეტი იქნებოდა. თელავის მილიციიის არასრულწლოვანთა ინსპექციაში, ერთი არასრულწლოვანი გვყავდა აღრიცხვაზე, გასაუბრებაზე რომ დავიბარე, შევნიშნე ხელი გაჭრილი ჰქონდა. ჩვენს სამსახურს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა სისხლის სამართლის სამძებროსთან, რაიმე შედარებით მსუბუქ დანაშაულში ოპერატივნიკები არასრუწლოვნების მონაწილეობის სავარაუდო კვალს თუ დაადგენდნენ, ჩვენ ჩავრთულიყავით. იმ პერიოდში თელავში ბინა გატეხეს და მიმოქცევიდან ამოღებული ფული (ქაღალდის კუპიურები) წაიღეს. აშკარა იყო, ქურდობაში ბავშვი მონაწილეობდა. სამძებროს თანამშრომელმა მითხრა, თუ ვინმე გყავს აღრიცხვაზე, გაიკითხე, ქურდმა ფანჯარა რომ გატეხა, ხელი გაიჭრაო. იმ ბიჭსაც ხელი ჰქონდა გაჭრილი, განმეორებით დავიბარე გასაუბრებაზე, შევადარეთ სისხლის ნიმუშები და ის აღმოჩნა ქურდი. მარტო ექვსი სკოლა მებარა, გაცილებით უკეთ ვმუშაობდით, ვიდრე სკოლის მანდატურები, რომლებსაც სკოლის გარეთ არაფერი ეხებათ. აღრიცხვაზე გვყავდა აყვანილი რთული მოზარდები, საუბრებს ვუტარებდით, მილიციის უფროსებსა და პროკურატურის თანამშრომლებს შეფობა ჰქონდათ მათზე აღებული, ეს ბავშვები თუ რამეს დააშავებდნენ, შეფებსაც სთხოვდნენ პასუხს. ამიტომ მილიცია-პროკურატურა დაინტერესებული იყო, რომ არ ყოფილიყო ის განუკითხაობა, რაც დღეს სუფევს. ქურდობას ვინ ჩივის, ახალგაზრდები დაუნდობლად უსწორდებიან ერთმანეთს, კატასტროფულად იმატა დაჭრის თუ მკვლელობის ფაქტებმა.
ე.წ. კულინარების საძმოს წევრები ამ ბიჭებზე უფროსები კი არ იყვნენ, შავბნელ საქმეებს რომ სჩადიოდნენ, ისინიც შეიარაღებულები დადიოდნენ, უფროსებმა მისცეს. კულინარებს ვერის საძმო კურირებდა, ამ უკანასკნელების წევრმა ჩამოაყალიბა ეს დაჯგუფება და სათავეშიც ჩაუდგა. ყველა ეს ე.წ. საძმო (მარტო თბილისში რამდენიმე დაჯგუფება იყო) მხედრიონის შემადგენლობაში შედიოდა, წარმოიდგინეთ, რამხელა გავლენა ჰქონდა ვერის საძმოს , რომ ჯაბა იოსელიანიც კი დაიჭირეს და გაასამართლეს, ამათ კი არავინ შეხებია, იშვიათად თუ ვინმეს მაინც დააკავებდნენ, ისინიც ციხიდან მალევე გამოდიოდნენ. არადა ეს საძმოები უდიდეს დესტაბილიზაციას ქნიდნენ, მარტო დედაქალაქი კი არა, მთელი საქართველო ბანდფორმირებების ხელში იყო, რამდენი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს, მაგათ არ მოკლეს ცნობილი ქირურგი ბოხუა? ვარდების რევოლუცის შემდეგ ამ კონტიგენტის ელიტარულმა ნაწილმა ხელისუფლებაში გადაინაცვლა, ზოგიც მსხვილ ბიზნესმენად მოგვევლინა. ისე, არც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეცვლილა დიდად ვითარება. თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ნაციონალებს მართლა კრიმინალური ვითარების გაჯანსაღება უნდოდათ და იმიტომ გამოაცხადეს ნულოვანი ტოლერანტობა , სინამდვილეში მემკვიდრეების გამოჩენის ეშინოდათ. იმიტომაც დაერივნენ უმოწყალოდ მარტო შავ სამყაროს კი არა, მთლიანად ახალგაზრდობას და ისინიც კრიმინალებად გამოაცხადეს, საკუთარი გამოცდილებით ხელმძღვანელობდნენ, ეშინოდათ, მერე რამე რომ მომხდარიყო, ახალგამოჩეკილი დაჯგუფებები ხელისუფლებაში გადაბარგებულებს არ დაპირისპირებოდნენ. ნაციონალები და მათი განაყრები ახლაც იმიტომ ყვრიან ყველაზე მეტად, კრიმინალური ვითარება გაუარესდა, 90-იან წლებს ვუბრუნდებითო, რომ შურისძიების ეშინიათ. როგორც გითხარით, სოდ-ში ბრძანება მოვიდა, რომ არასრულწლოვნებზე გვემუშავა, დამამუშავებინეს მთელი საქართველოს მასშტაბით დანაშაულებრივი დაჯგუფებები და მერე გამორჩეული პერსონები თავიანთ ზონდერჯგუფებში გადაიყვანეს, რა ვიცოდი ამას თუ იკადრებდნენ. როგორ იყენებდნენ ამ ზონდერებს ხალხის დასატერორებლად, მიტინგებისა და საპროტესტო აქციების დასარბევად, ყველას კარგად მოეხსენება. ამ კონტიგენტის უმეტესობა დღესაც საქართველოშია, ძალოვან სტრუქტურებშიც არიან ჩანერგილი და რაც ყველაზე სამწუხაროა, ახალი ხელისუფლების პირობებში დაწინაურებულებიც კი არიან.