აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დარწმუნებული იყო, რომ ირანს აუცილებლად ექნებოდა საპასუხო რეაქცია. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია სულეიმანის განადგურებით, ირანის პროვოცირებას ახდენს საპასუხო მოქმედებებზე, ასე გამოეხმაურა საკუთარ ტვიტერზე ქართველი კოლექტიური ნაცების კუმირი ჯო ბაიდენი ამერიკელი სამხედროების მიერ განხორციელებულ ოპერაციას. ბაიდენმა მიაღწია იმას, რომ დემოკრატიულმა პარტიამ 020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მისი კანდიდატურაც წარადგინაო, წერს რუსული პრესა.
დემოკრატებს მიეცათ ტრამპის გაკრიტიკების საბაბი. ბაიდენის განცხადებით, არცერთი ამერიკელი არ დაიწყებს სულეიმანის დატირებას, რომელიც მხარს უჭერდა ტერორსა და ქაოსის გავრცელებას, მაგრამ ეს არ ამართლებს იმ ნაბიჯის გადადგმას, რომელიც სერიოზულ ესკალაციას გამოიწვევს, ისედაც საფრთხის შემცველ რეგიონში. ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მიზნად ისახავს დაასწროს ირანის მხრიდან სამომავლო იერიშებს, მაგრამ ეს აქცია გარკვეულწილად საპირისპირო რეზულტატს გამოიწვევს. პრეზიდენტმა ტრამპმა დინამიტის კაფსულა ჩადო დენთის კასრში, ამიტომ იგი ვალდებულია ამერიკელ ხალხს აუხსნას რა გეგმა და სტრტეგია აქვს შემუშავებული, რაც ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს, საელჩოების თანამშრომლებს, ხალხსა და ინტერესებს დაიცავს. ირანის საპასუხო რეაქციის გათვალისწინებით, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ სერიოზული კონფლიქტის ზღვარზე ახლო აღმოსავლეთშიო, დასძინა დემოკრატების წარმომადგენელმა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.
ბაიდენისეულ შეფასებას იზიარებს საპრეზიდენტო წინასაარჩევნო მარათონის სხვა მონაწილე, დემოკრატი სენატორი (მასაჩუსეტსის შტატი) ელიზაბეთ უორენი. „ასეთი უგუნური ნაბიჯი გაამწვავებს ირანის ირგვლივ ვითარებას და გაზრდის ახალი კონფლიქტის გაღვივების ალბათობას ახლო აღმოსავლეთში, რაც უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. ჩვენთვის პრიორიტეტი, კიდევ ერთი ძვირადღირებული ომის არდაშვება უნდა იყოს“, დაწერა ტვიტერზე სენატორმა ქალბატონმა.
აშშ-ის საქარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, დემოკრატმა სენატორმა კონექტიკუტის შტატიდან კრისტოფერ მერფმაც კრიტიკულად შეაფასა რესპუბლიკელი ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომ წინასწარ არ გააფრთხილეს კანონმდებლები, იმ სარაკეტო დარტყმების შესახებ, რომელსაც სულეიმანი და სხვა ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანი შეეწირა. „იბადება კითხვა, გაუსწორა კი ამერიკამ ანგარიში, ირანის რიგით მეორე ძლევამოსილების მქონე ადამიანს კონგრესის სანქციის გარეშე, როცა იცოდა, რომ ამით რეგიონში მასშტაბურ ომს გამოიწვევდა?“, რიტორიკული კითხვა დასვა საკუთარი ტვიტერიდან სენატორმა მერფიმ.
ირანის საპასუხო რეაქციის შესახებ უკვე ცნობილია, ირანელებმა სარაკეტო დარტყმები მიაყენეს ერაყში განთავსებული ამერიკულ სამხედრო ბაზას. გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმის შედეგად ერთი ამერიკული თვითმფრინავი საფრენ ბილიკზე გაანადგურეს, ირანული მხარის განცხადებით, დაღუპულია 80 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, არიან დაჭრილებიც, თუმცა ამერიკული მხარე ამ ინფორმაციას უარყოფს. მოგეხსენებათ, თეირანის სიახლოვეს აფეთქდა უკრაინული ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი „ბოინგი“, რომელიც კიევი-თეირანის რეისს ასრულებდა. 167 მგზავრი (მათ შორის ირანის მოქალაქეები) და ეკიპაჟის ცხრა წევრი ადგილზე დაიღუპა. თავიდან ტერორისტული აქტი გამორიცხეს, უკრაინული მხარეც აცხადებდა, რომ თვითმფრინავის აფეთქება ძრავის გაუმართაობამ გამოწვია. მოგვიანებით ირანულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკელები გეგმავდნენ მათზე შურისძიებას ირანის სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქების გზით, მაგრამ ზუსტად ვერ გათვალეს და უკრაინული სამგზავრო ლაინერი ააფეთქეს. ამის საპასუხოდ მალევე გავრცელდა ინფორმაცია კოლექტიური ნაცების „ხელდასმული“ საიტების მეშვეობით, რომ უკრაინული მხარის განცხადებით, აფეთქებული თვითმფრინავის ნარჩენებში, რუსული საბრძოლო მასალის კვალი აღმოაჩინეს. კოლექტიური ნაცების და მათი სატელიტების პროვოკაციული გამოხტომები და სახელმწიფო ინტერესების უგულვებელყოფა არახალია, ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა, „მოწოდების“ სიმაღლეზე დგანან. ამის მიუხედავად მაინც მაინტერესებს, საიდან და როგორ აღმოაჩინა უკრაინულმა მხარემ თვითმფრინავის ნამსხვრევებში „რუსული კვალი“, როცა ირანელებმა კატეგორიული უარი თქვეს თვითმფრინავის „შავი ყუთის“ ვინმესთვის გადაცემასა და საერთოდ, ექსპერტიზაში სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა ჩართულობაზე?!
უცხოური პრესის მიხედვით მოამზადა ანი გოგაშვილმა