რესპუბლიკელები მხარს უჭერენ პრეზიდენტ ტრამპს

Spread the love
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ლი ზელდინმა (ნიუ-იორკის შტატი), რომელიც ერაყში მსახურობდა, ირანელი გენერლის სულეიმანის ლიკვიდაცია ფრიად გამართლებულ ნაბიჯად შეაფასა. „მოლაპარაკებების მაგიდასთან ამერიკელი ლიდერების დამცირებისა და ბრძოლის ველზე ამერიკელი ჯარისკაცების დაუსჯელი ხოცვის დრო დამთავრდა. თუ სულეიმანის ლიკვიდაცია სიმართლეა, მაშინ ესოდენ აუცილებელი მართლმსაჯულება შესრულებელია“, განაცხადა ბაღდადის აეროპორტის დაბომბვიდან მოკლე ხანში საკუთარი ტვიტერით რესპუბლიკელმა კონგრესმენმა.

რუსული მედიის შეფასებით, რესპუბლიკელმა სენატორმა (სამხრეთ კაროლინის შტატი) ლინდსი გრემმა იჩქარა ტრამპის გადაწყვეტილების გამართლება, მან არგუმენტად, ბაღდადში ამერიკის საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციებში ირანის პირდაპირი მონაწილეობა დაასახელა. თუ ირანი გააგრძელებს თავდსხმას აშშ-სა და მის მოკავშირეებზე, მაშინ მათ უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი ამ ყველაფერზე, მათ შორის, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განადგურებითაც“, დაიმუქრა გავლენიანი სენატორი.
ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სარაკეტო დარტყმები, რომელმაც სულეიმანი იმსხვერპლა, პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით განხორციელდა. პენტაგონის განცხადებით, დარტყმას თავდაცვითი ხასიათი ჰქონდა, რადგან იგი ემსახურებოდა ერაყსა და სხვა ქვეყნებში დისლოცირებული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაცვას. შეერთებული შტატები სულეიმანის პასუხისმგებლობას იმის გამო აკისრებდა, რომ თითქოს ირანელი გენერალი იწონებდა ბაღდადში, ამერიკის საელჩოსთან საპროტესტო აქციების ჩატარებას. სულეიმანის სიკვდილი დადასტურდა და მეორე სამხედრო პირთან ერთად, გრანდიოზული დაკრძალვაც მოუწყვეს, როგორც გმირებს, თუმცა ვითარება მალევე შეიცვალა. დაკრძალვიდან ლამის მეორე დღესვე, ირანის ხელისუფების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე უამრავი სტუდენტი გამოვიდა.
მოგვიანებით პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება სულეიმანის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, აშშ-ის გენპროკურორმაც გაამართლა.

აშშ-ს გენპროკურორი უილიამ ბარი

„პრეზიდენტ ტრამპს სულეიმანის ლიკვიდაციის უფლება ჰქონდა, სარაკეტო დარტყმა ირანელ გენერალზე, თავდაცვის აქტი იყო“, განაცხადა უილიამ ბარიმ. გენპროკურორმა აღნიშნა, რომ ირანული მხარე რიგ ესკალაციურ ნაბიჯებს დგამდა, როგორც აშშ-ის მოკავშირეების, ისე ამერიკელი ხალხისა და სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ. ბარიმ, რომელიც იუსტიციის სამინისტროს პირველი პირია, დასძინა, რომ ბაღდადის აეროპორტზე განხორციელებული სპეცოპერაციის წინ, თეთრ სახლს კონსულტაციები ჰქონდა ხსენებულ უწყებასთან.
რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოებას, მათ ტრამპის ბრძანებით განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას, რომლის მიზანი სულეიმანის მოკვდინება იყო, სახელმწიფო ტერორიზმი უწოდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ჩატარებული საბრძოლო ოპერაცია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარტყმებით, საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ერაყის პარლამენტმა სულეიმანის მკვლელობიდან უმოკლეს ვადაში მიიღო გადაწყვეტილება, უცხოური სამხედრო დანაყოფების ერაყის ტერიტორიიდან გაყვანის შესახებ.

უცხოური პრესის მიხედვით მოამზადა

ანი გოგაშვილმა