საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამა ანოტაცია

ჩვენ მიერ დამუშავებული და 2015 წლის 31 აგვისტოს ინტელექტუალური საკუთრების დეპონირების წესით სამეცნიერო-მეთოდურ ნაშრომად დაპატენტებული (საქპატენტის მოწმობა N6333) „საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამა“ მოიცავს 57 ნაბეჭდ თაბახს შესავლით, 6 ძირითადი თავით, დასკვნებითა და 64 გამოყენებული ლიტერატურის დასახელებით. 6 ძირითად თავში განხილულია 6 ეკონომიკური რეფორმის პროგრამა, რომელთაგან 4 დაპატენტებულია სამეცნიერო-მეთოდურ ნაშრომად.
ამ თავებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მე-4 თავის “მცირე მეწარმეობისა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების ერთიანი კომპლექსური მეგაპროგრამა“, რომელიც ჩვენ მიერ მიგნებული საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების (სსთ) ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით ახდენს სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა (რომელთა შორის 2 მილიონზე მეტი მეანაბრეა!) მილიარდობით ლარის ზარალის ტრანსფორმაციას სსთ-ად და შემდეგ მათ კაპიტალიზაციას ადგილობრივ ინვესტიციებად.
სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულებზე გაყიდვის უფლებით დარიგებული ზარალის შესაბამისი სსთ-ების გამოყენება შეიძლება როგორც გრძელვადიან არენდებში აღებული მიწებისა და სხვა სახის სახელმწიფო ქონების არენდების, ისე საგადასახადო კოდექსის გადასახადების დასაფარავად ახლად გახსნილ ევროპული სტატუსის მცირე სამრეწველო საწარმოებში, სადაც 1 დასაქმებული ყოველგვარი ინვესტიციების მოზიდვის გარეშე, ამ საწარმოთა გარეთ, არასამრეწველო ბიზნესებში ავტომატურად დამატებით ასაქმებს 5-6 კაცს. სსთ-ის გაცემასთან ერთად, ასევე ავტომატურად, სახელმწიფოს თანდათანობით ჩამოეწერება მილიონობით დაზარალებულთა მილიარდობით ლარის საშინაო ვალი, რომელიც დამოკლეს მახვილივით ადგას საქართველოს თავზე და დაზარალებულთა მიერ სტრასბურგის სასამართლოში იურიდიულად გამართული სარჩელების შეტანის შემთხვევაში, სახელმწიფო შეიძლება გამოცხადდეს დეფოლტედ.
„კონცეფცია-პროგრამის“ პრაქტიკული ამოქმედებით განსაკუთრებული იდეალური სამეწარმეო პირობები შეექმნებათ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი ევროპული სტატუსის მცირე სამრეწველო საწარმოთა მესაკუთრეებს, რომლებიც გრძელვადიან არენდებში აღებული მიწებისა და სხვა სახელმწიფო ქონების არენდების გადასახადებს დაფარავენ სსთ-ებით, საბრუნავ სახსრებად წარმატებით გამოიყენებენ მიზნობრივ უპროცენტო ემისიურ კრედიტებს აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის მიერ დამუშავებული მკაცრი შეზღუდვების გათვალისწინებით და საგადასახადო კოდექსის გადასახადებს ასევე დაფარავენ სსთ-ებით, რის გამოც ყველა ეს საწარმო იმუშავებს გარანტირებული მაღალი მოგებებითა და რენტაბელობით. რაც მთავარია, „კონცეფცია-პროგრამის“ ამოქმედებით ბიუჯეტში შემოსავლები არ შემცირდება, რადგან სსთ-ის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ახლად გახსნილ მცირე სამრეწველო საწარმოებში, რომელთა შემოსავლები არ არის განსაზღვრული მიმდინარე ბიუჯეტში, თანაც არასამრეწველო ბიზნესებში დამატებით დასაქმებულები არ თავისუფლდებიან გადასახადებისაგან და იბეგრებიან ჩვეულებრივი წესით. არ მოხდება ინფლაციაც, რადგან ბრუნვაში შედის არა ფულის ნიშნები, არამედ ფასიანი ქაღალდები სსთ-ების სახით და ეს სსთ-ებიც უკვე დასაქონლებულია გამოშვებული პროდუქციით.
„კონცეფცია-პროგრამის“ წარმატებული განხილვა მოეწყო 2016 წლის 25 თებერვალს ფინანსთა სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის თავმჯდომარეობით მინისტრის მოადგილეებითა და დეპარტამენტების თავმჯდომარეებით დაკომპლექტებულ 9-კაციან კომისიაზე. „კონცეფცია-პროგრამა“ მოწონებულ იქნა აგრეთვე თბილისში გამართული მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონფერენციის მიერ, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის პროფესორებისა და საერთოდ, ყველას მიერ, ვინც ყურადღებით წაიკითხა. ხელისუფლების პოლიტიკური ნების გამოხატვის შემთხვევაში, ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ 5 სამეურნეო წელიწადში საქართველოში შევქმნით დაახლოებით 1 მილიონ სამუშაო ადგილს.
ანზორ საკანდელიძე
რეფორმატორთა კავშირის თავმჯდომარე