კოჭლი მართლმსაჯულება, ანუ საქართველოში ყველაფერი ,,მოსულა”?!

Spread the love

   რამდენიმე დღის წინ. სოციალურ ქსელში ცნობილი ადვოკატის, პროფესიონალი იურისტის მამუკა ნოზაძის განცხადება გავრცელდა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მოსამართლეები დანაშაულს სჩადიან, არ ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას და თან ამას აკეთებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. მამუკა ნოზაძეს მრავალი წელია ვიცნობ, იგი არაერთხელ ყოფილა ჩემი რესპოდენტი. ნაცრეჟიმმა შეურიგებელი პოზიციის გამო, გისოსებს მიღმაც გამოამწყვდია. ნაციონალების მმართველობისას, როგორც ბატონ მამუკას, ისე თითქმის ყველა ჩემს რესპონდენტ იურისტ-ადვოკატებს ვეკითხებოდი, ქართული თემიდა მხოლოდ თვალებახვეულია, თუ საერთოდ, დაბრმავებული-თქო, რადგან მაშინდელ სასამართლო მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებდა. ნამდვილად არ მეგონა, ათი თუ მეტი წლის შემდეგ, ისევ მართლმსაჯულების რბილად რომ ვთქვათ, ხარვეზებზე და მოსამართლეების უპასუხისმგენლო საქცელზე გვექნებოდა საუბარი, თუმცა სჯობს თავად მამუკა ნოზაძეს მოვუსმინოთ.

 

  მამუკა ნოზაძე: ,,სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ასე ვთქვათ, ყველაფერი მოსულა.  მოსამართლეებს უფლება აქვთ კანონი უხეშად დაარღვიონ, რადგან არ არსებობს შესაბამისი მექანიზმი, რომელიც მოსამართლეებს პასუხს მოსთხოვს ჩადენილი უკანონო, ანდა დანაშაულებრივი ქმედებების გამო. საქართველოში არ მოქმედებს ქმედითი კანონი, მოსამართლეების დისციპლინურ დასჯასთან მიმართებაში და აზრიც არ აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსადმი მიმართვას, მოსამართლის დასჯის მოთხოვნით. რატომ? – კლანი არ დასჯის საკუთარ წევრს და საუბედუროდ, საზოგადოება აღარც კი რეაგირებს, მოსამართლეების დანაშაულებრივ ქმედებებზე”. მამუკა ნოზაძის კრიტიკა ყველა მოსამართლეს არ ეხება, მათი ნაწილი აფერხებს ქვეყნის განვითარებას, ამიტომაცაა ქვეყანა ჭაობსა და კრიზისში, რაც მხოლოდ პოლიტიკოსების ბრალი არ არისო. საქართველოში მოქმედი კანონით, უზენაესი სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეზე წარდგენილ საკასაციო საჩივრის დასაშვებობას, სამთვიან ვადაში იხილავს და დაუშვებელი ყოფილა ვადის დარღვევა.

  მამუკა ნოზაძე: ,,რეალურად კი ის ხდება, რომ მოსამართლეთა ნაწილს, ბოდიში მომითხოვია, ფეხებზე კიდია კანონიც, სამართალიც და ადამიანის უფლებებიც. უზენაესი სასამართლო იშვიათად თუ იხილავს საქმეს, სამაგიეროდ, ხელფასები და პრივილეგიები აქვთ განუსაზღვრელად დიდი. 2019 წლის, ივლისში შევიტანე  საკასაციო საჩივარი უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. იგი  მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძეს დაეწერა განსახილველად, თუმცა მას დღემდე არ გამოუტანია შესაბამისი გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მეორე წელი სრულდება. ასეთი უკანონობა, უმსგავსობა და არაკეთილსინდისიერება, ალბათ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს, გასდით და რაც მოესურვებათ, იმას აკეთებენ, რადგან პასუხის მომთხოვნი არავინაა. მთავარია, მათ მმართველი პოლიტიკური ელიტები ყავდეთ კმაყოფილი, ნებისმიერ ხელისუფლებას მოემსახურებიან და ემსახურებიან კიდეც. მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძე ერთგულად ემსახურებოდა შევარდნაძის, სააკაშვილის რეჟიმებს და ემსახურება დღევანდელსაც. ამ ,,ერთგულების” გამოა იგი, უვადოდ გამწესებული მოსამართლედ. ნუგზარ სხირტლაძის ერთ გადაწყვეტილებას ვერ ნახავთ, რომელიც თავისი შინაარსით იქნებოდა ფუნდამენტურ-სამართლებრივი  და დაამკვიდრებდა ახალ პრაქტიკას, ნიმუში იქნებოდა სამოსამართლეო სამართალშემოქმედების, თუმცა რა საჭიროა აზროვნება?! მოკლედ, ჯერ ისევ უცნობია, როდის შეასრულებს მოსამართლე თავის ვალდებულებას, შეწყვიტავს უკანონობას და გამოიტანს გადაწყვეტილებას”.

  სასამართლო ერთია, მაგრამ არც საგამოძიებო ორგანოები გამოირჩევიან დიდი ,,მოწესრიგებულობით”. ეს გაუთავებელი პანდემიაც, ზუსტად ამ უპასუხისმგებლო იქნება თუ გულგრილი მოხელეების წისქვილზე რომ ასხამს წყალს… სამუშაო დღის რომელ მონაკვეთშიც არ უნდა დარეკოთ, ფანტაზიის სფეროა, რომ იგივე პროკურათურაში ფიქსირებულ ტელეფონზე ვინმემ გიპასუხოთ, კონკრეტულ შემთხვევაში თბილისის პროკურატურას ვგულისხმობ. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე აღძრული სს-ის საქმის ფარგლებში გასული წლის ზაფხულში ამოიღეს თბილისი-მარნეულის ავტომაგისტრალის მიმდებარე სავაჭრო თუ სხვა დანიშნულების ობიექტებიდან, სათვალთვალო კამერების ე.წ. რესივერები. ზოგიერთიდან მაშინვე გადაუწერიათ ჩანაწერი, ზოგიდან ვერ მოახერხეს. კი დაამშვიდეს მფლობელები, რომ მოკლე ხანში დაუბრუნებდნენ, მაგრამ ეს ,,მოკლე ხანი” ლამის ცხრა თვე გაჭიანურდა. ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ გენპროკურატურაში გადამამისამართა, ამ უწყებამ წაიღო ე.წ. რესივერიო, გენპროკურატურამ დედაქალაქის პროკურატურაში, იქ არის გადაგზავნილი, რადგან მაგ საქმეზე გამოძიებას ეგ უწყება აწარმოებსო. ამ უწყებაში რა თქმა უნდა ,,უფროსობას” ვერ ვესაუბრე, რადგან, როგორც გითხარით, ფიქსირებულ ტელეფონს არ ეკარებიან. სავარაუდოდ, ოპერატორმა მითხრა, რომ გამოძიების დამთავრებამდე ვერ მივიღებდით ჩვენს ,,ქონებას”. გენპროკურატურის წარმომადგენელმაც მითხრა უფრო მოგვიანებით, რომ თითქოსდა გენინსპექციას გადასცა ინფორმაცია და თავად დამიკავშირდებოდნენ. იმის შემდეგ სამი თვეა გასული, არავინ დამკავშირებია. ხსენებული სს-ის საქმეც შეწყდა. იმედია, როგორმე მოვახერხებ დედაქალაქის პროკურატურასთან დაკავშირებას, რომ გავიგო იმ ძვირადღირებული ,,მექანიზმის” ბედი, რომლის თავიდან შეძენაც დიდი პრობლემაა უბრალო მოკვდავთათვის. სულო ცოდვილო, რასაც ვაკვირდები, შევარდნაძის მმართველობის დროინდელი სასამართლო-პროკურატურა, პოლიცია თუ სხვა უწყებები ბევრად უფრო პასუხისმგებლიანები იყვნენ მედიის, ადვოკატების თუ რიგითი მოქალაქეების მიმართ. სხვათა შორის, ამ მოსაზრებაში გარკვეულწილად ადვოკატები და სხვა უფლებადამცველებიც მეთანხმებიან.

                                                                                                                                                                                                                                                                      მოამზადა მანანა სუხიშვილმა