მინისტრმა ლავროვმა ყველაფერი გააფუჭა

 

 რუსი ჟურნალისტი ალექსანდრე ნევზოროვი სოციალურ ქსელში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისადმი ,,მიძღვნილ” პოსტს ავრცელებს.  მისი განცხადებით, ლავროვმა ნერვიულად, მაგრამ მედიდურად ამცნო ქვეყანას (რუსეთს), რომ ევროკავშირთან ურთიერთობა მთლიანად ჩამოშლილი, გაწყვეტილია, ხოლო ინგლისთან ბოლომდე დასამარებული. ,,აქ რაღაც გაურკვევლობაა”, წერს ნევზოროვი, ,,იმიტომ, რომ მინისტრი წყალგაყვანილობის იმ მთვრალი ,,ოსტატის” იდუმალი სიამაყის დემონსტრირებას ახდენს, რომელიც კლიენტს მოტეხილ ონკანებს, დამტვრეულ ვენტილებს, მოგლეჯილ ქუროებს მიაყრის და ეუბნება, ამის შემდეგ, სახლში წყალი აღარასდროს გექნებაო.

  მერე მილებსაც მიაყოლებს თავის მუხლებიანად, დაგლიჯავს, გადაყრის და ,,გაახარებს”, რომ წყალგაყვანილობა აღდგენას არ ექვემდებარება. ლავროვის ხმაში, ზუსტად ეს სიამაყეა დამაფიქრებელი, იმიტომ რომ თავად ამ ,,ოსტატმა” ლავროვმა გააჩანაგა ყველაფერი. ლავროვს ფულს დიამეტრალურად განსხვავებული საქმიანობისთვის ვუხდით და არა იმისთვის, რისთვისაც იღწვოდა და მოსპო კიდეც. იგი თავისი მარცხითა და სრული პროფესიული უვარგისობით იწონებს თავს, ჩვენ კი ხელფასს იმისთვის ვუხდით, რომ ყველა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს და შეძლებისდაგვარად უფრო გავაუმჯობესოთ. ლავროვს თავის პროფესიში ან რაღაც არ ესმის, ანდა კი ესმის, მაგრამ იმაზე მეტი ნამდვილად არა, რაც დიმიტრი რაგოზინს რაკეტებში, გენადი ონიშჩენკოს სანიტარიაში”.