ვაგრძელებთ რუსი ჟურნალისტისა და პოლიტიკოსის ანალიზს კავკასიასა და უშუალოდ საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც მან გასული წლის ნოემბრის დასაწყისში გააკეთა. როგორც უკვე ვწერდით, ერთი საუკუნის წინ დადებული საბჭოთა კავშირ-თურქეთს შორის დადებული ყარსის ხელშეკრულება უვადო ყოფილა, რომლის მიხედვითაც, ე.წ. ბათუმის ოლქი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის რესპუბლიკის ერთობლივი მოქმედების ზონად ითვლება.
მაქსიმ შევჩენკო: ,,ამ ტერიტორიაზე მყარი ნიადაგი და პერსპექტივებია, რუსეთ-თურქეთის ურთიერთთანამშრომლობისთვის მით უმეტეს, რომ გამოჩნდა საერთო მოწინააღმდეგე, საფრანგეთის სახით. ამ უკანასკნელმა მცირე აზიის ჟანდარმის როლი იტვირთა, გაჩაღებული აქვს ანტიისლამური, ანტითურქული და ამავე დროს, ანტირუსული პროპაგანდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 17-18 ნოემბერს, საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ესტუმრება, ვიღაც იტყვის, ნეტა საქართველოში რა უნდა პომპეოს, როცა თავის ქვეყანაში ამდენი პრობლემები აქვთო. საქმე იმაშია, რომ ამერიკელებმა ისეთი სისტემა შექმნეს, ტრამპი და ბაიდენი ერთმანეთში კი კინკლაობენ, მაგრამ პენტაგონი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (,,ცერეუ”) აშშ-ის ერთიანი, ხანგრძლივი პოლიტიკური სტრატეგიის ფარგლებში მოქმედებენ. ამ პოლიტიკის თვალსაწიერიდან შეუძლებელია, ამერიკისა თუ საფრანგეთის ჩართულობის გარეშე დარჩეს ისეთი მნიშვნელოვანი რეგიონი, როგორიც კავკასიაა. გავრცელებული ინფორმაციით, პომპეო საქართველოში იმის შესათანხმებლად ჩადის, რომ ამ ტერიტორიაზე ამერიკული, ანდა ამერიკულ-ფრანგული სამხედრო ბაზა შეიქმნას. საბაბს რა დალევს, თითქოს სომხები უნდა დაიცვან, ან ტერორიზმს უნდა ებრძოლონ, რომლის დამფინანსენელიც თითქოსდა საქართველოა, ანდა თურქეთსა თუ რუსეთს უნდა ებრძოლონ და ა.შ. ისე, ვერასდროს ვერც ვერავინ დაამტკიცებს, იყო თუ არა, რეალური ეს ე.წ. მიზეზები.
ყარაბაღში სომხეთის დამარცხების შემდეგ, დასავლეთი საქართველოსკენ დაიხევს, უკვე ცდილობს, ეს ქვეყანა გადააქციოს კავკასიაში თავის მთავარ ფორპოსტად. მისი დახმარებით აკონტროლოს თურქეთისა თუ რუსეთის ინტერესების განვითარება, მათი პოტენციური კავშირი. რუსეთის სისუსტე იმაშია, რომ ჩვენ საქართველოსთან მიმართებაში არ გვაქვს ჯანსაღი, ჭკვიანური პოლიტიკა, არავითარი ისეთი დიასპორები, როგორიც სომხებს აქვთ. ქართულ სათვისტომოები რუსეთში არ ფლობენ ისეთ მასშტაბურ გავლენებს, როგორიც სომხებს აქვს. რუსეთში კი არიან საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ 2008 წელს ვნახეთ, როგორ უხამსი, ამაზრზენი მეთოდებით გაადეპორტეს მართლმადიდებელი ქართველები. ქალები და ბავშვებიც კი შეყარეს თვითმფრინავებში (თუ სწორად მახსოვს, სატვირთო თვითმფრინავები იყო – მ.ს.) და ,,გადასხეს” საქართველოში. ამიტომაც ვამბობ, რომ მავანნი მოსკოვში დიდხანს და დაბეჯითებით ქმნიდნენ საქართველოსგან მტრის ხატს, აქტიურად მუშაობდნენ, რომ ეს ქვეყანა მტრად გადაექციათ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს რუსეთის ხელისუფლებაში მოკალათებული მეხუთე კოლონის ,,დამსახურებაა”, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს ქრისტიანული, მართლმადიდებლური საქართველო დასავლეთს ,,გადაულოცოს”. ახლა დგება ჭეშმარიტების დადგენის დრო, დღეს თუ არ ექნება რუსეთს საქართველოს მიმართ, აზრიანი, ჭკვიანური პოლიტიკა, თუკი რუსეთი საშუალებას მისცემს, რომ საქართველოში პოზიციები გაიმყაროს დასავლეთის ღია ,,აგენტურამ”, აქაც დაუშვას ახალი, ფაშინიანის სომხეთი და თავად ფაშინიანმაც თუ შეინარჩუნა თანამდებობა, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ახალ ფორპოსტად გადააქცევენ, რომ მხარი დაუჭიროს და იარაღით მოამარაგოს სომხეთი.
ამის ,,მიზეზიც” აქვთ სომხებს, არ გამოგვივიდა უსაფრთხოებაზე რუსეთთან ერთობლივად ზრუნვა, ამ უკანასკნელმა ,,გაგვიყადაო” და იქნებ საქართველომ თავის ტერიტორიაზე არსებული ბაზით დაეხმაროს სომხეთს, რომ რევანში აიღოს აზერბაიჯანზე. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანი ყურადღებით უნდა იყოს საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ, აზერბაიჯანელებს არ უნდა ეგონოთ, რომ ,,განათლებული” ევროპელები, თითქოსდა პოზიტიურად იქნებიან მათ მიმართ განწყობილი. კერძოდ, იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც დამაკავშირებელ რგოლად იქცა რუსულ-თურქული შესაძლო კავშირისთვის. ალბათ, დაგაინტერესებთ მიხეილ სააკაშვილის ბედ-იღბალი, რომლის დაჭერაზეც თეა წულუკიანმა ორდერი გამოწერა და ამბობდნენ, რომ საქართველოში არ შემოუშვებდნენ. სააკაშვილს დასავლეთი უბრძანებს, რომ მედიის წინაშე წარსდგეს და მან უკვე დაიწყო კიდეც, რუსეთის ლიბერალურ მედიასაშუალებებში, ,,დოჟდისა” და ,,ეხო მასკვის” ეთერებში გამოსვლა. მას საქართველოში არ გაგზავნიან, რადგან იქ ისედაც ყოფნით სააკაშვილისტები, ოღონდ დასავლეთი უეჭველად მოსთხოვს ბიძინა ივანიშვილის, სალომე ზურაბიშვილის, თეა წულუკიანის ნაციონალებთან, ანუ სააკაშვილის პარტიასთან ერთობლივი ხელისუფლების, კოალიციური მთავრობის შექმნას. ამ მთავრობის მთავარი მიზანი კი, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთისა და თურქეთის ინტერესებისთვის დაბრკოლების შექმნა იქნება. ვფიქრობ, მოსკოვში ეს მავანთ გაკვეთილად უნდა გამოადგეთ, ვინც მორჩილად და ჯიუტად მიყვებოდა რუსეთ-საქართველოს ერთმანეთთან წამკიდებლებს. დღეს დადგა დრო, რომ საფუძვლიანად შეიცვალოს დამოკიდებულება, ამ უძველესი მართმადიდებელი ქვეყნისა და მისი ხალხის მიმართ. მის ტერიტორიაზე ცხოვრობენ მუსულმანებიც, სომხებიც, მაგრამ მთავარი მართლმადიდებელი მოსახლეობაა. უნდა გვესმოდეს, რომ სწორედაც ქართველები უნდა იყვნენ ჩვენთვის ყველაზე ახლო მოკავშირეები. ვშიშობ, რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებაში, მით უმეტეს, რომ იქ უამრავი დასავლეთის გავლენის აგენტია, რომლებიც მოსკოვში სხედან, ამის მიღწევა ადვილი არ იქნება, მაგრამ ამაზე აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ”.