ნატოელები ასეთ მიღებას არ ელოდნენ

Spread the love

  სამხედრო ექსპერტები ხსნიან, თუ რატომ გაიქცნენ შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდები ,,ამერიკული ზღვიდან”.

  რუსეთმა ნატოს არასასიამოვნო სიურპრიზი მიართვა, როცა ალიანსის პარალელურად, შავ ზღვაში სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო, იქვე ყურადღებას ამახვილებენ იმ საკითხზე, რომ აშშ-ის ხომალდები გარბიან ,,ამერიკული ზღვიდან”. ,,ნატოელები ასეთ დახვედრას არ ელოდნენ”, განაცხადა სამხედრო ექსპერტმა, თადარიგის პირველი რანგის კაპიტანმა ვასილ დანდიკინმა – სამხედრო სწავლებები, მათთვის უსიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა. არადა ეს წვრთნები ფაქტობრივად,  დასავლეთის ქვეყნების მხრიდან გამოვლენილი აგრესიის ანარეკლი იყოო. ამერიკული ხომალდების, ,,ტომაჰავკებით” აღჭურვილი ,,მონტერეისა” და ,,თომას ჰადნერის” საპირწონედ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა სწავლებებზე ,,კალიბრებით” აღჭურვილი ფრეგატები ,,ადმირალი მაკაროვი” და ,,ადმირალი ესენი” გამოიყვანა, წვრთნებში ასევე ჩართულები ყოფილან წყალქვეშა ნავებისა და ავიაციის შენაერთები. ,,ნატოელები ასეთ დახვედრას არ ელოდნენ, წვრთნებმა აჩვენა, რომ შავ ზღვაში მასპინძელი კვლავ რუსეთია”, განაცხადა დანდიკინმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა აქტიურად ეპატიჟება ნატოს ძალებს და ლამის საჯაროდაც უწოდებს შავ ზღვას, ,,ამერიკულს”. რეალობა კი საპირისპიროს ამბობსო.

  გაცილებით ადრე გახდა ცნობილი, რომ ამერიკულმა სარაკეტო კრეისერმა ,,მონტერეიმ”, ,,ზღვის ფარი-21”-ის წვრთნებში მონაწილეობის შემდეგ დატოვა შავი ზღვის აკვატორიაო, ხოლო ერთი დღით ადრე, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმმზიდი ,,თომას ჰანდერი” წასულა.

  მომხდარს ნატოს მკერდში განხორციელებულ ორმაგ დარტყმად აფასებენ ექსპერტები და ჟურნალისტები. რუსეთის საზღვაო მანევრებმა, შეაფიქრიანა ნატოს სარდლობა. ბოლო დროს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რუსეთის ,,დაუძინებელი მეგობარი” ამერიკელებითურთ, სულ უფრო მეტად ავლენს არაჯანსაღ აქტიურობას რუსეთის საზღვრებთანო. ხან ნატოს ხომალდები სერავენ შესაშური რეგულარულობით, შავი ზღვის სივრცეებს, ხან ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენები გამოგვეცხადებიან რუსეთის საზღვრებთან. ამ ყველაფერს თან ახლავს, ღიად მტრული განცხადებები, რასაც პროვოკაციის გარდა, ვერაფერს დაარქმევო, წერს რუსული გამოცემა ,,სამხედრო მასალები” – ,,მაგრამ არც რუსეთია ,,მშიშარების ათეულიდან”, ჩვენმა არცთუ დიდი ხნის წინანდელმა საზღვაო მანევრებმა, უბრალოდ, თავგზა აუბნია ნატოს სარდლობას”. ჩინურმა გამოცემა ,,სოჰმა” რუსეთის ქმედებებს, ალიანსის პროვოკაციებზე გაცემული ღირსეული პასუხი უწოდეს.

  ასე რამ გააკვირვა ამერიკელი სამხედროები? საქმე იმაშია, რომ რუსულმა წყალქვეშა ნავმა ბ-237 ,,დონის როსტოვი”, დატოვა სირიის პორტი ,,ტარტუსი” და იდუმალად ,,აორთქლდა”. ნატოელმა სამხედროებმაც აღიარეს, რომ თვალსაწიერიდან დაკარგეს რუსეთის სუბმარინი. ცნობისთვის, სუბმარინი ფაქტობრივად ქვია იმ წყალქვეშა ნავს, რომელსაც შეუძლია ჩაეშვას დიდ სიღრმეზე და დიდი ხნის განმავლობაში იმოქმედოს, წყალქვეშა მდგომარეობაში. ყველაზე საინტერესო, შემდგომ მომხდარა, აღმოჩნდა, რომ ალიანსის არცთუ მცირე ძალების მიერ ძებნილმა ,,ბ-237”-მა,  კურსი კუნძულ კრეტასკენ აიღო, გაუჩინარდა და ჩაუსაფრდა ამერიკული საბრძოლო ხომალდების დაჯგუფებას, რომელსაც ავიამზიდი ,,დუაიტ ეიზენჰაუერი” წინამძღოლობდა. რაც შეეხება რუსული სუბმარინის მახასიათებელს, მისი საბრძოლო სიმძლავრე საკმარისზე მეტი ყოფილა, რომ მწყობრიდან გამოეყვანა ხსენებული ავიამზიდი. ხოლო თუ იგი ზღვის ფსკერზე დაიმალება, მაშინ მისი შეტევის მოგერიება, უბრალოდ შეუძლებელი იქნება. აი, ასეთი ,,გამჭვირვალე” მინიშნება ყოფილა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებისგან. თუმცა ეს კიდევ არ ყოფილა ყველაფერი, პირველ მანევრს მეორე მოჰყოლია. შავი ზღვის ფლოტის ექვსი სუბმარინი ერთდროულად გასულა ზღვაში, როცა ნატოს მსხვილმასშტაბიანი წვრთნები ტარდებოდა, რამაც ძალიან დაძაბა ნატოელი სამხედროები და რუსეთის საზღვრებთან პროვოკაციის მოწყობის სურვილი გაუქროო.

რუსული პრესის მიხედვით მოამზადა მანანა სუხიშვილმა