ისევ ათი მილიონით დაფინანსებულთა შესახებ

  მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში, ,,საერთო გაზეთში” გამოქვეყნდა სამოქალაქო აქტივისტის და ჟურნალისტის ირაკლი ჯანყარაშვილის ინტერვიუ, სადაც იგი საუბრობდა, რომ ნაციონალებიდან ,,ქართულ ოცნებაში” პორტირებულებს, ექს-პრემიერი გიორგი გახარია მფარველობდა.

  ირაკლი ჯანყარაშვილი ხსენებულ ინტერვიუშიც აცხადებს, რომ გახარია მფარველობდა ლევან ვარშალომიძის უახლოესი გარემოცვის წევრს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გენერალურ დირექტორს თამარ იოსელიანს, რომელიც დღემდე ინარჩუნებს თანამდებობას. ამ ქალბატონის მიმართ ალბათ, არც ირაკლი ჯანყარაშვილს ექნებოდა პრეტენზია და არც სხვა პირებს, პროფესიონალი და პოლიტიკურად მიუკერძოებელი რომ იყოს. ქალბატონი თამარი ამ უწყებაში მუშაობის პერიოდში, ყოველთვის გამოირჩეოდა ნაციონალებისადმი სიმპათიით და განსაკუთრებულ ზიზღს გამოხატავდა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მიმართ. იოსელიანი ქალბატონ სალომეს მოღალატესა და რუსეთის აგენტს უწოდებდა, თავის თანამშრომლებს უფლებას არ აძლევდა, რომ ზურაბიშვილის მიმართ, თუნდაც სოციალური ქსელით გაეკეთებინათ მხარდამჭერი განცხადება, უკრძალავდა მათ რაიმე ფორმით მხარი დაეჭირათ პრეზიდენტობის ამ კანდიდატისთვის. ვარშალომიძის ,,ფრეილინა” თამარი განსაკუთრებული ,,სიყვარულით” რომ გამოირჩევა ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, ირაკლი ჯანყარაშვილს არაერთხელ აღუნიშნავს. თამარ იოსელიანი ყოველთვის განსაკუთრებული აგრესიით იყო განწყობილი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, უწოდებდა ,,ბნელ გრუზინსა” და რუსეთუმეს. ,,ფრეილინას” აზრით, თურმე ბატონი ირაკლი ის ადამიანია, რომელიც საქართველოს რეგრესისკენ მიაქანებდა და როცა იგი მთავრობაში არ იყო, ეს ხელისუფლების მიერ წინ გადადგმული ნაბიჯი ყოფილა. იოსელიან ,,რეცეპტიც” ჰქონია ,,გამოწერილი”, ღარიბაშვილის მსგავს ,,ბნელ გრუზინებს” არ უნდა ემართათ საქართველო.

  ირაკლი ჯანყარაშვილმა ,,საერთო გაზეთთანაც” ისაუბრა სააგენტოს შეფინია  იოსელიანის მიმართ არსებულ ბევრ პასუხგაუცემელ კითხვაზე, რომელიც ფინანსურ საკითხებს ეხება. რომ 2014-2015 წლებში იგი შემჩნეული იყო ე.წ. ინვოისების გაყალბებაში, სამივლინებო ხარჯების გაბერვასა და საბიუჯეტო თანხების მითვისებაში. მოგეხსენებათ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ყოველწლიურად ათი მილიონი ლარით ფინანსდება, მაგრამ თურმე ძვირდება მეზღვაურთა სერთიფიკატები. სახელმწიფოს ჰყავს მხოლოდ ერთი, ნახევრად მწყობრიდან გამოსული გემი, რომლის რემონტისთვისაც ერთ თეთრსაც ვერ იმეტებს სააგენტო. ამის გარდა, იქ კიდევ უამრავი სხვა პრობლემაა, თუმცა ხელმძღვანელობა საერთოდ არ ინტერესედება ამ პრობლემებითო. მარტო ის რად ღირს, რომ სახელმწიფოში ერთი გემთმფლობელიც კი არ არის, არ შესრულებულა არცერთი საერთაშორისო (შორეული) ნაოსნობა, რასაც ქალბატონი იოსელიანი მოსვლის პერიოდში გვპირდებოდა. სააგენტოში დღემდე ყველაფერი ამ ქალბატონის ხუშტურების მიხედვით მიმდინარეობსო. ირაკლი ჯანყარაშვილის განცხადებით, მას არავითარი პირადი ინტერესი არ აქვს თამარ იოსელიანის მიმართ, როგორ უნდა დაიმალოს, რომ მან ერთ-ერთი თანამშრომელი, პოლიტიკური სიმპათიის გამო გაათავისუფლა სამსახურიდან, რომელიც აქტიურად იყო ჩართული სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში იმ კუთხით, რომ იგი ემხრობოდა ქალბატონ სალომეს გაპრეზიდენტებას. არაერთ საინფორმაციო საშუალებას მივეცი ინტერვიუ, რომ ეს ადამიანი უსამართლოდ დაისაჯაო.

  ამონარიდი ირაკლი ჯანყარაშვილის ინტერვიუდან: ,,…ამ ხნის განმავლობაში, თამარ იოსელიანმა არაერთხელ სცადა ჩემთან დაკავშირება, მერე თავისი მოადგილე ვანიკო აბაშიძე და თანაშემწე თაკო ჯანელიძე მომიგზავნა. კაფეში შევხვდი მათ, სადაც აბაშიძე აგრესიით გამოირჩეოდა, მაგიდაზე ხელს მიბრახუნებდა, მოდი ჩვენთან და ყველაფერს აგიხსნითო. თავად ვანიკო აბაშიძეც ვერ იტანს ირაკლი ღარიბაშვილს, ის აგრეთვე, ჩვენი პატრიარქისა და ეკლესიის მტერია. არსებობს ჩანაწერი, რომელსაც ნებისმიერ დროს წარმოგიდგენთ და თავად დარწმუნდებით როგორ დასცინის, შეურაცხყოფას აყენებს პატრიარქს, საპატრიარქოს და წმინდა მოწამეებს”… რაც შეეხება გიორგი გახარიას მხრიდან თამარ იოსელიანის მფარველობას ,,…როცა მოკვლევა დავიწყეთ, როგორ ინარჩუნებდა ეს ქალბატონი თანამდებობას, როცა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საქმიანობა უკუსვლით მიდიოდა, სანდო წყაროს ინფორმაციით, აღმოჩნდა, რომ უშუალოდ გახარია მფარველობდა მას. დამიკავშირდა ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, რომ ამ ეტაპზე თავი შემეკავებინა იოსელიანზე საუბრისგან, რადგამ ამჟამად ამის დრო არ იყო… საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებაა, ქალბატონ იოსელიანს პრემიერთან შეიძლებოდა ჰქონოდა საქმიანი შეხვედრები. შემდეგ როგორ წარიმართა ურთიერთობები, ეს, რა თქმა უნდა, მე არ ვიცი. ჩემი კავშირებით და წყაროების ინფორმაციებით, რომელიც ყველამ იცის, რომ მრავალრიცხოვანია, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა ერთი რამ – თამარ იოსელიანს ლობირებდა გიორგი გახარია, ხოლო თამარ იოსელიანი არის ნაცმადიდებელი და ,,ქართული ოცნების” მტერი.

  ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერების შემდეგ, როცა არქივიდან ამოვიღე ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემული ადრინდელი ჩემი ინტერვიუ, სადაც ვამბობდი, რომ ქალბატონი იოსელიანი ებრძოდა ,,ქართულ ოცნებას” და სალომე ზურაბიშვილს არჩევნების მიმდინარეობისას, აი, მაშინ დამირეკა გახარიასთან დაახლოებულმა ერთმა ძველმა მეგობარმა და როგორც უკვე გითხარით, გაჩუმება მთხოვა. ამან კიდევ ერთხელ გამიმყარა ეჭვები, რომ გახარიას მხრიდან იყო იოსელიანი მხარდაჭერილი. დღესდღეობით ყველამ იცის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, რომ თამარ იოსელიანი არის ირაკლი ღარიბაშვილის მაგინებელი, მისი მტერი და, ამასთან ერთად, სააგენტოს საქმიანობის შემაფერხებელი, თანხების არამიზნობრივად მფლანგველი. თუ შესაბამისი უწყება საზღვაო ტრანსპორტის საქმიანობით დაინტერესდება, უამრავ კანონდარღვევას იპოვის. არსებობს საჯარო დოკუმენტაცია სააგენტოს ფინანსური ნაწილის შესახებ, შესაბამიდ საიტზე ინფორმაციების მოძიებით ყველა მოქალაქეს შეუძლია ნახოს, რომ ქალბატონ იოსელიანს აქვს უზარმაზარი ხელფასი, ასევე მის მოადგილეებს და ისინი ამ ხელფასებს არაფრის კეთებაში იღებენ. …ათი მილიონით ფინანსდება ბიუჯეტიდან სააგენტო და სად მიდის ეს თანხები, გაგვარკვიონ თუ შეიძლება – რატომ არ მზადდებიან კურსანტები, რას აკეთებს საზღვაო აკადემია?  რას აკეთებს და ირაკლი ღარიბაშვილის, ,,ქართული ოცნების” და სახელმწიფოს მტრების ბუდედაა ქცეული იქაურობა”……

  ,,საერთო გაზეთი” დაკავშირებია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და მის ხელმძღვანელს თამარ იოსელიანს, რომელსაც პრესსამსახურის საშუალებით ასეთი პასუხი გაუცია რედაქციისთვის, ,,ირაკლი ჯანყარაშვილი წლების განმავლობაში ეწევა სააგენტოსა და მისი ხელმძღვანელი პირების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. მის მიერ გაჟღერებული ბრალდებები არ შეესაბამება სიმართლეს და არის ცილისწამება. ამ უკანასკნელის უსაფუძვლო განცხადებებზე, სააგენტოს პასუხის გაცემა მიზანშეწონილად არ მიაჩნია”-ო.

ვერაფერს იტყვი, ფრიად ,,არგუმენტირებული” პასუხია.