სამოქალაქო აქტივისტისა და ჟურნალისტის ირაკლი ჯანყარაშვილის ინტერვიუ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 3 მარტს გამოქვეყნდა ,,საერთო გაზეთში”. 5 მარტს, კი მან სოციალური ქსელით გაავრცელა თამარ იოსელიანისადმი მიმართვა.
ირაკლი ჯანყარაშვილი: ,,ეტყობა თამარ იოსელიანს ძალიან მოხვდა გულზე, მისთვის მიუღებელი სიმართლე და იმ დანაშაულებრივი პროცესების ერთობლიობა, რომელიც ვიმედოვნებ, სულ მალე გახდება საგამოძიებო სტრუქტურების სააგენტოში შესვლის საფუძველი და იქ არსებული ნაცანასხლეტების კორუფციული გარიგებები, შესყიდვებისა და ადამიანის უფლებათა შელახვის ფაქტები გამოვლინდება. იოსელიანს ეყო თავხედობა, ჩემს კოლეგებთან საუბრისას უთქვამს, რომ თითქოს მის მიმართ პირადი ინტერესი მაქვს. ეს ჩვეული ხერხია თავის დასაცავად, რომელსაც ის წარმატებით იყენებს უკვე მერამდენე წელია. მიზეზი, თუ რატომ ინარჩუნებს იოსელიანი თანამდებობას, მანამდე განვმარტე ჩემს სტატიებში. აქვე მინდა ხმა მივაწვდინო იოსელიანს, ღმერთმა დამიფაროს, რომ შენისთანა ქალთან, რაიმე პირადი ინტერესი მქონდეს. ადრეც შეგპირდი, რომ ყოველთვის ვერ მოახერხებდი კანონისგან და სამართლისგან თავის დაღწევას, როცა შენი დესპანები არაერთხელ მომიგზავნე და ცდილობდი ჩემს მოსყიდვა-დაშინებას. მე ჩვენი ქვეყნის სამართლიანობის და კეთილდღეობის ინტერესი მაქვს, შენ კი, დროა, პასუხი აგო კანონის წინაშე. ჯერჯერობით ძალიან ზენიტში ხარ და ვიცი ძნელია, ქვემოთ ვარდნა. თურმე წინა კვირეებში ძვირადღირებული ძაღლით დაგიწყია სამსახურში სიარული, თბილისში ცალკე ოფისიც მოგიწყვია, რომ არ გადაიღალო. ზაფხულში ჩვეულებისამებრ, მიჩვეული იყავი სამსახურში დღის მეორე ნახევარში სიარულს, მანამდე პლაჟზე გარუჯვის პროცესში, ვინ გაგიბედავდა რაიმეს კითხვას. ძალიან მოშინაურებულხარ თამარ და შინაური ცხოველებიც ხომ არ გინდა დაასაქმო სააგენტოში? არადა რა ფუჭად დაგრჩა ძალოვანების ცოლების, დების და ა.შ. დასაქმება საპენსიო განაკვეთზე, რომლებიც წლებია სამსახურში არ ყოფილან კი არა, საერთოდ, სად მდებარეობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შენობა, ისიც კი არ იციან. თავად მოგიწევს ამ სიის საჯაროდ გამოტანა ჯერ საზოგადოების და შემდეგ კანონის წინაშე.
შენ ის თამრიკო არ ხარ, 2018 წლის საახალწლო კორპორაციულ საღამოზე, თანამშრომლებს იძულებით რომ დაადებინე 100-100 ლარი და მეუღლეების მიყვანა აუკრძალე?! სამაგიეროდ, დიდი მაგიდა დაუთმე ძალოვან და სამთავრობო მაღალჩინოსნებს, რომელთაც შენი სადღეგრძელო ძვირადღირებული ვისკებით დაალევინე და ესეც სახელმწიფოს ხარჯზე. ეს ის ახალი წელია, როცა შენმა ანაზღაურებამ 21.000 ლარი შეადგინა. შენი წუწკი და ხარბი მადა, ადრეც იყო ცნობილი, როცა შენს მიმართ სს-ის საქმეც იყო აღძრული, ელექტრონული ავიაბილეთების ინვოისების გაყალბების თაობაზე. სააგენტოს მაშინდელი დირექტორის, მამუკა ახალაძის წყალობით, სასწაულებრივად გადაურჩი დაჭერას. მან წინა დღით გაგიუქმა მივლინება და გადაგარჩინა, შენ კი მალევე ,,დაუფასე”, ყველა ღონე იხმარე, რომ სამსახურიდან გაეშვათ ახალაძე. არ მოერიდე მისი პირადული და ათასი სხვა შეთითხნილი ბრალდებით სამინისტროში დასმენას, სადაც შენი ვიწრო კასტა გყავს და შესანიშნავად ფუთავენ შენს გადაცდომებს ძველი ნაცბანდელები. შენ ის ქალი არ ხარ, რომელსაც შეუძლია ადამიანები ,,ჩაუშვას”, დაიჭიროს, აშანტაჟოს, როგორც ბოროტმა მამაკაცმა. მთელმა სააგენტომ იცის შენი შესაძლებლობები, ისიც დღემდე ვის ხარჯზე გადიხარ.
შენ ის ქალი არ ხარ, რომელმაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს საჯაროდ ტყუილი ათქმევინე გემი ,,კადეტის” საერთაშორისო ნაოსნობაში გაშვების მზაობაზე და შემდეგ ეს გემი გონიოს კლდეებთან გადამალული იხილა საზოგადოებამ. მეორე დღეს კი, უფრო მძიმე დანაშაული დაუმატე, როცა ბრძანება გაეცი, ეს გემი, რომელიც უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, საქართველოს საზღვრებს გარეთ გასულიყო. არადა იგი გაუმართაობის გამო, ვერასოდეს გავა საერთაშორისო ნაოსნობაში. 22-მდე სტაჟიორის მხრიდან საზღვრის უკანონო კვეთა ხომ მოახდინე და მათი სიცოცხლეც ფაქტობრივად, საფრთხეში ჩააგდე. რისი გულისთვის? შენი დანაშაულებრივი ქმედება რომ ,,გაგეპრავებინა”. მეორე დღესვე დაგესხა თავს ვასილ ურუშაძე (,,ენჯეოშნიკი”, ,,ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი – მ.ს.), რომელმაც პროკურატურაშიც კი შეიტანა საჩივარი, მაგრამ მანდაც მოაგვარე თემა. ურუშაძეს პატივსაცემად დაუსაქმე ამ მთავრობის მაგინებელი ვინმე ჯაბა თარიმანაშვილი და მასაც უბოძე 2600-ლარიანი ,,პენსია”. ეს უკანასკნელი, რამდენიმე ხნის წინ, თაღლითობისთვის იქნა დაკავებული და ჯერაც საპატიმროში იმყოფება. მოკლედ, არ გიმართლებს შენს პირად ,,პენსიონერებში”. გყავს მოადგილედ და იმედად ვინმე ვანიკო აბაშიძე, რომელმაც 6-თვიანი კურსი გაიარა მალტაზე და თავს ექსპერტს უწოდებს. როცა ანერვიულებენ, ქალივით კივის, აგინებს ეკლესიას და შეურაცხყოფს ქართველი წამებულების სახელებსა და ხსოვნას, ისტორიულ ფაქტებს, რომლებზეც ვიზრდებით ყველა ქართველი (თქვენისთანების გარდა). აგრეთვე, შენი პირადი ოდეერი, როგორც მას თანამშრომლებმა შეარქვეს, შენს ყველა ახირებას, სურვილს და დანაშაულობებს მალავს. სამივე ალეკო ხოჯევანიშვილის კალთაზე იყავით გამობმულები, თორემ წლების წინ, საიტზე, ანუ საჯაროდ ათასი მამტკიცებელი ფაქტი და დოკუმენტი იდებოდა, მაგრამ რეაგირება იყო ნული.
ვიმედოვნებ, გამოძიება შეისწავლის ყველა შენს ქმედებას, პიარ-ღონისძიებების შესყიდვებს, ცეკვა-თამაშებისთვის დახარჯულ სახელმწიფო ფულის ყველა თეთრს და ბოლოს კომპეტენტურ ხალხს მოიყვანენ სააგენტოში, რომელიც თამარ იოსელიანმა თავის გასართობ ცენტრად აქცია. ქალბატონო თამარ, ალბათ მომდევნო კვირებში შინაურ ცხოველებს, რაიმე ახალი ნოვაციით ჩაანაცვლებ. მიდი თამარ, მოასწარი, მალე გიხილავთ განსასჯელის სკამზე, თუ ამ ქვეყანაში მართლახ არსებობს სამართალი. ვიმედოვნებთ, ხელისუფლება კიდევ ერთხელ არ ჩააფურთხებს სულში მეზღვაურებს და მოაშორებს ამ ქალბატონს, მარტო სააგენტოს კი არა, საზოგადოებასაც”.
ალეკო ხოჯევანიშვილი შსს-ს გენინსპექციის უფროსი გახლდათ, შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (სუს-ი) უფროსის პირველი მოადგილე. გავრცელებული ინფორმაციით მან დატოვა თუ დაატოვებინეს ეს თანამდებობა, თუმცა ამ ინფორმაციის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებთ. ირაკლი ჯანყარაშვილის განცხადებით, თამარ იოსელიანის პირად ოდეერად სააგენტოს თანამშრომლები ვლადიმერ წილოსანს მოიხსენიებენ, მის მიმართ ქალები უკვე წყევლასაც არ ერიდებიანო.
ირაკლი ჯანყარაშვილი: ,,სამი წლის წინ, როცა იოსელიანი ,,გამეფდა” სააგენტოში და მიმდინარეობდა მისი სექტის ხელფასების ზრდა, ერთ-ერთი სამმართველოს თანამშრომელი ორი ქალბატონი აიყვანეს ზემოთ და მალევე ორივე თვალცრემლიანი და განადგურებული გამოაგდეს იოსელიანის კაბინეტიდან. როგორც გაირკვა, ,,უფროსობა” მათ გაგდებით დაემუქრა და უბრძანეს, ხმა არ ამოეღოთ. აქ აიყო სხვა თანამშრომელიც, აიტის სპეციალისტი, რომელიც ზეწოლის ობიექტი გახდა. თამარ იოსელიანს აწყობდა მხოლოდ დამონებული ,,აიტიშნიკი”, რომელიც მზად იქნებოდა პროგრამულად უზრუნველეყო დანაშაულებრივი პროცესების გაქრობა. ამ თანამშრომელს, იოსელიანმა და წილოსანმა ბრალი დასდეს, თითქოს მან ფარულად შეაღწია იოსელიანის კომპიუტერში და ამოიღო დოკუმენტაცია, რომელიც შეეხებოდა იოსელიანის მიერ მოწყობილი ერთ-ერთი პიარკამპანიის შესყიდვებს. როცა ამ თანამშრომელმა უთხრა იოსელიან-წილოსანის ,,დუეტს”, რომ პროკურატურაში წავიდოდა, მოიწვევდა საგამოძიებო ჯგუფს, რათა დაედგინა ამ ფაქტის ირგვლივ სიმართლე, მერე უკან დაიხიეს იოსელიანმა და წილოსანმა, ეს ახალგაზრდა კაცი ფოთში გაუშვეს, იგი იძულებული გახდა განცხადება დაეწერა სამსახურიდან წასვლაზე. შემდეგ ეს ახალგაზრდა სპეციალისტი გერმანიაში წავიდა ფიზიკურ სამუშაოზე.
ამ ფაქტის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ აკაკი საღირაშვილი (ეკონომიკის მინისტრის მოადგილე – მ.ს.), დეტალურად მოვუყევით ყველაფერი და ვთხოვეთ, დროზე ჩაერთო საქმეში სამინისტროს გენინსპექცია, რადგან უკვე სისტემატურად ხდებოდა სააგენტოს თანამშრომლების დაშინება, მათ მიმართ შანტაჟი და მუქარა. საღირაშვილს დანაშაულებრივ სქემებზე დეტალური დოკუმენტაცია ჩაუტანეს თბილისში. ნაცვლად რეაგირებისა, საღირაშვილმა ვერაგულად ,,ჩაუშვა” თანამშრომლები, ხოლო ეს საქმე ბოდიში მომითხოვია, საერთოდ დაიკიდა. ამის შემდეგ იყო ჩემი ინფორმაციით, თამარ იოსელიანი წილოსანთან ერთად, კაბინეტში რომ შეუვარდა თავის მოადგილეს ვახტანგ მიქელაიშვილს, დაემუქრნენ და მიაყენეს შეურაცხყოფა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან ხუთი თანამდებობის პირი, პირადად იყო ჩასული თბილისში აკაკი საღირაშვილთან, ფაქტები დაულაგეს წინ და სთხოვეს, დროზე მოეხდინა რეაგირება, რადგან მალე სირცხვილს ჭამდა ქვეყანა. ყველა ეს თანამშრომელი შანტაჟისა და მუქარის მსხვერპლი გახდა, ხოლო ოთხი ადამიანი, იძულებით გააგდეს სამსახურიდან”.