ეკონომიკისა და ,,მდგრადად” განვითარების მინისტრთან, ლამის სამი ათეული წელია ამ უწყებას ,,მიდუღებულ” ნათია თურნავასთან ერთი კითხვა მაქვს, პატივცემულო თქვენდამი დაქვემდებარებულ სამსახურებში ავტომოტოტრანსპორტი ნამდვილად გადის ტექნიკურ ინსპექციას? თუ გადის, აბა რატომ დადიან ღრიანცელით, ზალპითა და მაყუჩიდან ნაპერწკლების ყრით ეგ სატრანსპორტო საშუალებები, ,,ზრდილობის გულისთვის” მოწმდება? ისე, იქნებ ვინმემ მადლი მოისხას და ამიხსნას, რა შუაშია ეკონომიკის სამინისტრო ავტომოტოტრანსპორტის ტექნიკურ ინსპექციასთან, იგივე ტექნიკურ დათვალიერებასთან. სახელების გამოცვლა კი გეხერხებათ, მაგრამ ძალიან მეეჭვება მაგ ,,ცვლილებამ” ხარისხის გაუმჯობესებაც გამოიწვიოს. ბოლო-ბოლო იქნებ გაგვაგებინოთ, რომელი უწყება აგებთ პასუხს ამ ტექნიკურად გაუმართავ, ტანკებივით მოგრუხუნე მოტოციკლებსა და ავტომანქანებზე, რომელთა აღვირახსნილმა თარეშმა, ნევროზი დამართა დედაქალაქის თუ რეგიონების მოსახლეობას? დიდი სიჩქარით რომ დაშლიგინებენ ორივე კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება, ეს ცალკე თემაა. თურმე სადაც არ არის დამონტაჟებული სიჩქარის მზომი, ანუ ე.წ. რადარი, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტის მძღოლს თურმე ვერ მოედავება პატრული, აბა როგორ დაუმტკიცოს, რომ დიდი სიჩქარით მოძრაობდაო. წავა ეს მძღოლი სასამართლოში, გიჩივლებს, თან იახლებს ,,ენჯეოშნიკების” მთელ ,,პლეადას”, რომელთაც ისე ესმით საგზაო მოძრაობის წესები და ამავე მოძრაობის ორგანიზაცია, როგორც მე ჩინური იეროგლიფები. ჩვენი ,,ყველაზე ჰუმანური” სასამართლოც რა თქმა უნდა, ,,უდანაშაულო” მძღოლის პოზიციას დაიკავებს და ამ კონკრეტულ პატრულს, შეიძლება სამსახურის დაკარგვადაც დაუჯდეს წესრიგის დამყარების მცდელობა. ამიტომაც ყველა ერიდება აუტკივარი თავის ატკივებას..
ისე, რომელიმე საერთაშორისო კონვენცია ან კანონი ითხოვს მაყუჩები მოხსენით, ან გამაძლიერებელი ჩაუდგით საქართველოში ტრანსპორტს, რომ, რაც შეიძლება ხმამაღლა იღმუვლონო? ზოგი ჭირი მართლაც მარგებელია, საღამოს 9 საათის შემდეგ ვეღარ ბედავენ ეს ,,მაღალხმიანები” ქუჩაში გამოსვლას, 2.000 ლარს ეხუმრებით? თორემ წინა წლებში, ამათთვის არც დღე არსებობდა და არც ღამე, ამაზრზენი ღრიალით დაშლიგინებდნენ მთელი თბილისის მასშტაბით. ამ თემაზე თითქმის ერთი წლის წინაც ვწერდი, მაშინ ზოგიერთი პატრული იმას იმიზეზებდა (დარწმუნებული ვარ, ახლაც იგივეს იტყვიან), რომ თურმე კანონმდებლობა არ აძლევს საშუალებას, ტანკივით მოგრუხუნე მოტოციკლის თუ ავტომანქანის მძღოლი დასაჯონ. არადა ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსში შესაბამისი მუხლები არსებობს, უბრალოდ ერთ მათგანში მთლად მკაფიოდ არ არის გაწერილი ამგვარი დარღვევის სადამსჯელო სანქციის შესახებ. არადა იყო დრო, ,,შავბნელი” კომუნისტების მმართველობის პერიოდი, როცა დედაქალაქში სიგნალის მიცემაც კი აკრძალული იყო. ეს აკრძალვა დღესაც მოქმედებს დასავლურ ცივილურ სამყაროში, ის კომუნისტურ გადმონაშთად არავის ჩაუთვლია. იქაური კანონმდებლობა, არც ამაზრზენი ღრიალით მოჯირითე მოტოციკლების და ავტომანქანების მძღოლებს ინდობს.
საბედნიეროდ, ყველა პატრული არ იმიზეზებდა შესაბამისი კანონმდებლობის არ ქონას, სიჩქარის გადაჭარბებაზეც ვსჯით დამრღვევ მძღოლებს და გადამეტებულ ხმაურზეც, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ თვითნებურად არის გადაკეთებული მაყუჩი და სხვა მექანიზმი, თუ ქარხნული წესითაა ასეთი მაყუჩი, ვერ შევედავებითო. ადგილზე როგორ ამოწმებენ კუსტარულია თუ ქარხნული, ესეც სერიოზულ ეჭვს ბადებს. ისე, მაგ ,,ქარხნულად მოღრიალე” ტრანსპორტის მძღოლს პატრულმა ან მისგან შეწუხებულმა ადამიანმა მისცა შენიშვნა, მერე კი მოძრაობენ ,,დამუნჯებულები”. ამაზრზენი ხმაური ერთია, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, არცთუ იშვიათად შემინიშნავს, რომ ქვემეხის ,,ზალპით” მოძრავი ავტომქანა თუ მოტოციკლი, ცეცხლის ალსა და ნაპერწკლებს რომ აფრქვევს გამონაბოლქვის მილიდან. სპეციალისტთა განცხადებით, როცა ავტომანქანა მაღალ ბრუნვებზე მუშაობს და მაყუჩი არ აქვს, მაშინ არის ასეთი ხმური და შეიძლება ცეცხლიც გამოვარდეს, თუ საწვავის არასწორი წვა ხდება. ამ ეტაპზე ეს ტექნიკურ გაუმართაობად არ ჩაითვლება, კანონითაა მისაღები ნორმა, რომ დაუშვებელი იყოს ასეთი მაღალი ხმის მქონე ავტომანქანის მოძრაობაო. ვერაფერს მოგახსენებთ მიიღეს თუ არა ჩვენმა ,,რჩეულებმა” ეს ნორმა, ან როდის აპირებენ მიღებას. აღარ განვმეორდები რა შუაშია ქალბატონ თურნავას ,,მრავალპროფილიანი” უწყება ტექნიკურ ინსპექტირებასთან, როცა ეს სფერო პირდაპირ კავშირშია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან. ამ უკანასკნელზე კი პასუხისმგებელი შსს-ს სტრუქტურა, საპატრულო პოლიციაა. ტრანსპორტის დეპარტამენტი თუ რაც ჰქვია, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და ხსენებული სფეროც იმიტომ გადასცეს ეკონომიკის სამინისტროსო, ამიხსნეს საქმეში ჩახედულებმა. შევარდნაძის მმართველობის დროს, ძალიან ცდილობდა ტრანსპორტის მაშინდელი მინისტრი, რომ ავტომოტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერება მისი უწყების ქვემდებარე ყოფილიყო, თუმცა ვერაფერს გახდა. ისიც ისევე ,,წარმატებით” შეასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, როგორი წარმატებითაც ქალბატონი თურნავა ასრულებს. მეტად აღარ დავკონკრეტდები, თუმცა თუ საჭირო გახდა, არც არქივების ამოქექვაა დიდი პრობლემა, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.
დაუხვეწავი კანონმდებლობა ვახსენეთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 81-ე მუხლი თითქოს ებრძვის მოგრუხუნე ტრანსპორტს, ისეთი ავტომოტოსატრანსპორტო და სხვა მოძრავი საშუალებებისა და დანადგარების ექსპლუატაცია, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა, აგრეთვე მუშაობისას მათ მიერ წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივებს – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ დონემდე, მაგრამ ფაქტობრივად მკვდარი მუხლია. რას ნიშნავს შრომის ანაზღაურების მინიმალური დონე და რა თანხას გულისხმობს, როგორ უნდა გაარკვიოს პატრულმა ოქმის შედგენისას, იქნებ დამრღვევ მძღოლს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ხელფასი, გამოდის არ უნდა დაჯარიმდეს? ,,გამოსავალი” მოინახა, ამ შემთხვევაში მძღოლის დაჯარიმება სასამართლოს პრეროგატივა ყოფილა, რომელ პატრულს აქვს იმის დრო და სურვილი, რომელსაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კონტროლის გარდა, უამრავი სხვა ფუნქციაც აკისრია, სასამართლოში ირბინოს და ამტკიცოს თავისი სიმართლე. იმის გამო, რომ კანონმდებლებმა ვერ ,,მოიცალეს” ამ მუხლის დასახვეწად, არ მიუთითეს ჯარიმის კონკრეტული ოდენობა, პატრულები ერიდებიან ამ დარღვევით ოქმის შედგენას, რითაც ,,მშვენივრად” სარგებლობენ დამრღვევები და დაუსჯელად დათარეშობენ.