ხელისუფალნო, როდისმე ,,გააჩუმებთ” ამაზრზენად აღმუვლებულ ავტომოტოტრანსპორტს?!

Spread the love

  კომპეტენტური ადამიანების განცხადებით, აქ მარტო ყოფილი საგზაო პოლიციის პროფესიონალ თანამშრომლებს არ ვგულისხმობთ, სერიოზულადაა დასახვეწი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. რაც შეეხება ამ პროფესიონალებს, მათ რატომღაც ვერ დააკმაყოფილეს ე.წ. ვარდოსნების ,,განათლება-ერუდიციის” დონე და 2004 წლის ივნისში, ერთი ხელის მოსმით გაყარეს ქუჩაში. ეს ხალხი მართლაც უდიდესი პროფესიონალები არიან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა თუ ორგანიზაციის კუთხით, ოღონდ ფრიად ამბიციური დილეტანტებისგან განსხვავებით, საკუთარი თავის აფიშირებას ერიდებიან. მათ მტკივნეულ, საჭირბოროტო თემასთან დაკავშირებით, რასაც ,,დაყრუებული” დედაქალაქი, და არამარტო დედაქალაქი ჰქვია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილება მოამზადეს და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტსაც გადაუგზავნეს განსახილველად, თუმცა პასუხის ღირსებიც არ გაუხდიათ ხალხის ,,რჩეულთ”. იმ პერიოდში იურიდიულ კომიტეტს, აწ ოპოზიციაში გადაბარგებული ეკა ბესელია ხელმძღვანელობდა. ეტყობა ქალბატონ თავმჯდომარესა და მის მოადგილეს, ასევე გაოპოზიციონერებულ გედევან ფოფხაძეს დიდად არც ანაღვლებდათ, რას გრძნობდნენ და გრძნობენ თუნდაც თბილისელები,  ამაზრზენი გრუხუნით მოთარეშეEტრანსპორტის გადამკიდე. შემოგთავაზობთ ცვლილება-დამატებებს იურისპრუდენციის ზემოხსენებული ,,კორიფეების” მიერ იგნორირებული კანონპროექტიდან. ვფიქრობთ, განახლებული კანონმდებლობა მისაღები იქნება ამ ქაოსისგან უკიდურესად შეწუხებული საზოგადოებისთვის.

  მიზანშეწონილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატოს ახალი მუხლი – საზოგადოებრივი სიმშვიდის დარღვევა ავტომოტო სატრანსპორტო საშუალებით.

  1. საზოგადოებრივი სიმშვიდის დარღვევა ა/სატრანსპორტო საშუალებით – ქალაქში ან დასახლებულ პუნქტში, მოტოციკლით ან სპორტული ავტომანქანით ღამის საათებში, გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მოძრაობის დროს, ძრავის მაქსიმალური სიმძლავრით დატვირთვა, რაც იწვევს ისეთ ხმაურს, რომელიც არღვევს მოსახლეობის სიმშვიდეს და იწვევს ადამიანთა მნიშვნელოვან შეწუხებას – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

  2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა, ჩადენილი ისეთი სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც მოხსნილი აქვს მაყუჩი – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

  3. ქალაქში ან დასახლებულ პუნქტში, მოტოციკლით ან სპორტული ავტომანქანით საგზაო მოძრაობისთვის განკუთვნილ სავალ ნაწილზე შეჯიბრის გამართვა, რომლისგან გამოწვეული ხმაური არღვევს მოსახლეობის სიმშვიდეს ან/და საშიშროებას უქმნის მოძრაობის ან ქვეითთა უსაფრთხოებას – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

  4. ამ მუხლის I და III ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევა, ჩადენილი განმეორებით ან/და მისი პირველი ჩადენიდან ყველა მომდევნო ჩადენა ერთი წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

  5. ამ მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

  შენიშვნა: 1. ამ მუხლის მიზნებისთვის ღამის საათებად თვლება დროის მონაკვეთი 23.00 საათიდან 08.00 საათამდე. 2. ჯარიმის ნებაყოფილობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 235-ე მუხლის პირველი ნაწილით განსზაღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისთვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 235-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

  კანონპროექტს თან ახლდა განმარტებითი ბარათი, რა გახდა ამ კანონპროექტის შემუშავებისა და მიღების მიზეზი.

  ბოლო პერიოდში დედაქალაქში საგრძნობლად მომატებული ავტომანქანების რიცხვი, რაც იწვევს ხმაურს. ეს კი ერთ-ერთი დიდი პრობლემაა განვითარებულ ქვეყნებში. ხმაური ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის ბალანსის ხელისშემშლელი ერთ-ერთი ფიზიკური ფაქტორია, რომელსაც ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური პრობლემების გამოწვევა შეუძლია. დიდი ქალაქების მაცხოვრებლები, ყოველდღიურად განიცდიან ხმაურით გამოწვეულ დიკომფორტს, რაც დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ხმაურით დაბინძურებას, ბევრი დაავადების გამოწვევა შეუძლია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, მოსახლეობის დაცვის მიზნით, რამდენიმე ზომას გვთავაზობს. მათ შორისაა, ღამის 11 საათიდან დილის 7 საათამდე სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების აკრძალვა; ტელევიზორების, მუსიკალური ცენტრების, რადიომიმღებებისა და სხვა ბგერის წარმომქმნელი და ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობების ხმამაღალზე გამოყენების აკრძალვა. ეს ეხება, როგორც საცხოვრებელ შენობებში გამოყენებას, ასევე საცხოვრებელ შენობებთან ახლოს მყოფ ავტომობილებში და ღია საზოგადოებრივ ადგილებში გამოყენებას. მსოფლიო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა ბიურომ, 2009 წელს მიიღო ,,ღამის ხმაურთან დაკავშირებული წესები”, რომლის მიხედვით, 30 დეციბალამდე ხმაური ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე გავლენას არ ახდენს.

  საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს # 398 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ,,საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე, აკუსტიკური ნორმების შესახებ”, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და მათი განაშენიანების ტერიტორიებზე, კერძოდ ტერიტორიებზე, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან საცხოვრებელ სახლებს (სართულების რაოდენობა – 6), სამედიცინო დაწესებულებებს, საბავშვო და სოციალური მომსახურების ობიექტებს, კულტურულ, საგანმანათლებლო, ადმინისტრაციულ და სამეცნიერო დაწესებულებებს – ხმაურის მაქსიმალური დონედ დასაშვებია 40-დან 55 დეციბალამდე, რაც მსოფლიო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის, ევროპის რეგიონალური ბიუროს დადგენილი სტანდარტების მიხედვით, ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. რეგლამენტის მიხედვით, განაშენიანების ტერიტორიებზე ხმაურის ძირითადი წყაროებია: საწარმოები; საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო ტრანსპორტი; ბგერის გამაძლიერებელი მოწყობილობები, სარეკლამო; სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები. აქედან თბილისის პრობლემა, ძირითადად სატრანსპორტო ხმაურია.

  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კვლევების მიხედვით, დადგენილი ხმაური დასაშვებ ნორმას, თბილისში არსებული ხმაურის დონე 4-ჯერ აჭარბებს. ხმაურის მაქსიმალური ნორმა დღისით 55 დეციბალია, ხოლო ღამით – 40. თბილისის ქუჩებში დადგენილია ხმაურის დონე 74-78 დეციბალის ოდენობით. საავტომობილო ხმაური 20 დეციბალით აჭარბებს ნორმას, ისიც მოძრაობის ნორმალურ პირობებში, როდესაც ავტომანქანა ტექნიკურად გამართულია და მძღოლი ძრავას მაქსიმალურად არ დატვირთავს.  თბილისში გახშირდა ისეთი ავტომანქანების მოძრაობა, რომელთაც გადაკეთებული აქვთ, ან საერთოდ არ აქვთ მაყუჩი, ასევე მომრავლდა მოტოციკლეტები, რომლებიც შუქნიშანზე დგომის და დაძვრის დროს, მაქსიმალურად ტვირთავენ ძრავას, რაც იწვევს განგრძობადი ხასიათის არასასიამოვნო, მგრძნობიარე და ფუნქციური სისტემის არსებით ცვლილებას, მოქალაქეთა სიმშვიდის დარღვევას და მნიშვნელოვან შეწუხებას. გარდა ამისა, ხშირია მძღოლების მიერ, ღამის საათებში თბილისის ქუჩებში, ხოლო გარეუბანში დღის საათებშიც, მოტოციკლით ან სპორტული ავტომანქანით საგზაო მოძრაობისთვის განკუთვნილ სავალ ნაწილზე, შეჯიბრის გამართვა. აქედან გამოწვეული ხმაური არღვევს მოსახლეობის სიმშვიდეს და საშიშროებას უქმნის, როგორც მოძრაობის მონაწილეების, ისე ქვეითთა უსაფრთხოებას. კანონპროექტის მიზანია, აღნიშნული ქმედებების აღმოსაფხვრელად, ეფექტური მექანიზმების შექმნა.

(გაგრძელება იქნება)