კლუვერ-ბიუსის სინდრომი და ქართველი ,,მიუკერძოებელნი”

  რამდენიმე წლის წინ, ანუ ნაცმოძრაობის მმართველობის ხანაში ერთ-ერთმა ცნობილმა ექსპერტ-ანალიტიკოსმა, რომელიც ხშირად იყო ჩემი რესპოდენტი, მომაწოდა ინფორმაცია კლუვერ-ბიუსის სინდრომის სახელით ცნობილი ფსიქიკური დაავადების შესახებ. გაეცანით, დარგის კვალიფიციური სპეციალისტების აზრიც მოისმინეთ და თუ შეძლებთ, გამოაქვეყნეთ. დარწმუნებული ვარ, ამ მასალას (მიზეზთა გამო) თქვენი გაზეთის (,,კრიმინალი” – მ.ს.) გარდა, არცერთი მედიასაშუალება არ გამოაქვეყნებსო. ვფიქრობ, ხსენებულმა ექსპერტმა მანამდე სხვა ჟურნალისტებსაც შესთავაზა ეს ინფორმაცია, მაგრამ გამოქვეყნებაზე უარი უთხრეს. ,,კრიმინალში” რა თქმა უნდა დაიბეჭდა საკმაოდ მოცულობითი პუბლიკაცია კომენტარებითა და ასე ვთქვათ, ილუსტრაციებით. ისე, ზოგიერთმა ობიექტურობასა თუ გაბედულებაზე პრეტენზიის მქონე გაზეთმა, ნაცმოძრაობის ,,ზეობისას” კი არა, მის შემდგომ პერიოდშიც უარი თქვა ამ თემაზე ესაუბრა. თავადვე მიხვდებით, თუ რატომ იყო და არის საინტერესო კლუვერ-ბიუსის დაავადების თემა და  ლოგიკურ დასკვნასაც გამოიტანთ.

  რამდენიმე სამედიცინო გამოცემის თანახმად (12 სამედიცინო გამოცემაზე დაყრდნობით ვსაუბრობთ), კლუვერ-ბიუსის სინდრომი ქცევის დარღვევაა, რომელიც ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების ფონზე ვითარდება. პირველად ეს დაავადება 1937 წელს ჰაინრიხ კლუვერმა და პოლ ბიუსმა ექსპერიმენტული კვლევების მონაცემების საფუძველზე აღწერეს.

  კვლევის ფარგლებში ექსპერიმენტებს მაიმუნებზე ატარებდნენ, რომლებსაც შემდეგი სიმპტომები განუვითარდათ: ბულიმია (ჭარბი უაზრო ჭამა), ჰიპერსექსუალური ქცევა ჰომოსექსუალური, ჰეტეროსექსუალური ან აუტოსექსუალური მიდრეკილებით; შიში, შფოთვა ან აგრესიულობა; ჰიპერორალური ქცევა (საგნების პირით დაგემოვნება-გასინჯვის ტენდენცია), ჰიპერმეტამორფოზი (გარემოს ვიზუალური დათვალიერების აკვიატებული სურვილი). ეს დაავადება მალე ადამიანებშიც აღმოაჩინეს. პირველი კლინიკური შემთხვევა 1955 წელს აღწერეს. ადამიანებში ხსენებული სინდრომი, სრული სახით იშვიათად ვლინდება. მისი აღმოცენების მიზეზი შეიძლება შემდეგი სახის დაავადებები იყოს: ჰერპესული ენცეფალიტი (თავის ტვინის ანთება საფეთქლების წილებისა და ნუშისებრი ბირთვის ორმხრივი დაზიანებით, ტუბერკულოზური მენინგიტი, თავის ტვინის ტრამვული დაზიანება და ა.შ.

  ადამიანებში კლუვერ-ბიუსის სინდრომი შემდეგი სიმპტომებით ვლინდება: ემოციური სიჩლუნგე, ჰიპერორალურობა (საგნების პირში ჩადების დაუძლეველი, აკვიატებული სურვილი, რაც გამოწვეულია პირის სტიმულაციისა და ამ გზით საგნის შეცნობის სურვილით და არა შიმშილით), უაზრო ჭამა, რომელსაც თან ახლავს წონის მატება (ჭამა ხდება სოციალურად მიუღებელი ქმედებებით – საკვების ლოკვა, ხელით შეხება), ჰიპერსექსუალური ქცევა (არ აქვთ სექსუალური თავშეკავება), მხედველობითი აგნოზია, ანუ ფსიქიკური სიბრმავე (საგნების ვერცნობა).

  კონკრეტულად რას ნიშნავს კლუვერ-ბიუსის სინდრომი და რა იწვევს ამ დაავადებას, ამის შესახებ ფსიქიატრებს გაესაუბრა. მოგეხსენებათ, ნაცხელისუფლება ამ პროფესიის ადამიანებს არ სწყალობდა, ისინი არაერთხელ ,,დაურბევიათ”, გავიხსენოთ, ცნობილი ფსიქიატრების მასობრივი დაპატიმრება. ამიტომ რესპოდენტების, პროფესიონალი ფსიქიატრების ვინაობის გამხელისგან თავს შევიკავეთ, რადგან არ გვინდოდა ისინი კვლავ გამხდარიყვენენ ნაცრეჟიმის სამიზნე. ერთ-ერთ ცნობილ ფსიქიატრს მისმა ქალიშვილმა ჩემი თანდასწრებით უთხრა, რა გინდა დედა, ჩემს 18-19 წლის ვაჟს, ნაცების პოლიციამ ნარკოტიკი ,,ჩაუდოს” და ციხეში გამოამწყვდიოსო…

  პროფესიონალთა განმარტებით კლუვერ-ბიუსის სინდრომი ფსიქოპათიის ერთ-ერთი სახეა. სხვათა შორის ამ სინდრომის ერთ-ერთი სიმპტომი, ფრჩხილების კვნეტაც ყოფილა. ფსიქოპათია ადამიანებში ვითარდება მშობიარობის დროს გადატანილი ტრავმის დროს (ასფიქსია, ჭიპლარის შემოხვევა), ასევე ფიზიკური ტრავმის მიღების დროს, თუნდაც ავტოავარიის შედეგად. გარდა ამისა, იგი სიცხიანი დაავადებების დროსაც (ენცეფალიტი, მენინგო-ენცეფალიტი) ყალიბდება. ფსიქიატრთა განცხადებით, საზოგადოება კარგად უნდა დაფიქრდეს და ფსიქიურად არაწონასწორ, არამდგრად, უცნაური ქცევების მატარებელ, თავშეუკავებელ, არათანმიმდევრული ქცევებისა და გამოთქმების მქონე პიროვნებას, არჩევნების დროს მხარი არ უნდა დაუჭიროს. ასეთი პიროვნება ოჯახსაც კი ვერ მართავს და ცხადია, მისთვის სახელმწიფოს მართვის მინდობა არ შეიძლება. თავდაჯერებული, იმპულსური, გაუწონასწორებელი, იჭვნეული ადამიანი, რომელიც სხვის რჩევებს არ იზიარებს, ქვეყანას სიკეთეს ვერ მოუტანს. ვახტანგ VI თავის მიერ შედგენილი ,,სამართლის წიგნის” (ის ფაქტობრივად ჩვენი კანონების პირველი წიგნია) შესავალში წერს, რომ ეს წიგნი დაწერა მოხუცთა და ბრძენთა თანადგომით. საქართველოს ნაცხელისუფლებას კი როგორ ჰქონდა იგნორირებული გამოცდილი, პროფესიონალი ადამიანების აზრი, ეს ყველას კარგად მოეხსენება.

  ,,ავ ენებს” თუ დავუჯერებთ, ჩვენი ქვეყნის მავან ,,პოლიტკორიფეებსაც” ჰქონიათ ბავშვობაში გადატანილი ენცეფალიტური დაავადება, რომლის შემდეგაც ბავშვი შეიძლება ფსიქოპატად ჩამოყალიბდეს. იყოს ჭირვეული, ძნელად აღსაზრდელი, მაგრამ ეს თურმე ხელს არ უშლის, რომ ამ ადამიანმა უცხო ენა ან სხვა რომელიმე ერთი საგანი კარგად ისწავლოს. ფსიქიატრიაში ცნობილი ყოფილა გამოთქმა, უნივერსალური მთვლელი. ფსიქიატრებმა გაიხსენეს ერთი გონებრივად ჩამორჩენილ კაცი, რომელიც მილიონების ფარგლებში ზეპირად ითვლიდა და ანგარიშობდა, ასევე ჰყოლიათ პაციენტი, რომელიც ბრწყინვალედ თამაშობდა ჭადრაკს და ა.შ. ანუ არსებობს ადამიანის ცალმხრივად განვითარება. ასეთი ადამიანი შეიძლება იყოს მეოცნებე, უცნაური ან თავისებური. ისინი ალკოჰოლურ სასმელს მძიმედ იტანენ, მათთვის ეს, როგორც ინტოქსიკაცია ისეა, რისი მიზეზიც გადატანილი მენინგიალური (ტვინის) გარსის ანთებაა. ისინი ამ დროს ისეთ მიდრეკილებებს ავლენენ, რომელსაც სიფხიზლეში თრგუნავენ, ან ცდილობენ დათრგუნვას. აქვთ გაძლიერებული პათოლოგიური ურჩობა, სექსუალური მიდრეკილება, ჭამის მიმართ დაუოკებელი მადა, მოუსვენრობა, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებიან. საერთოდ, ხელოვანი ხალხია ასე ფანტაზიის მოყვარული და უცნაური. მათ შორის ბევრი იყო ავადმყოფი და მსმელი, მაგრამ ამ ხალხს სახელმწიფოს მართვის პრეტენზია არც აქვს. რაც შეეხება ამგვარი ფსიქიკის მქონე ადამიანის ფანტაზიის ნაყოფს, თუკი მან აიჩემა და რეალიზაცია გაუკეთა ამ ფანტაზიას, შეიძლება ძალზე ცუდი იყოს ქვეყნისთვის. ამ ადამიანებში ეს ამოჩემება და რეალიზაციის სურვილი იმდენად დიდია, რომ ამისთვის გაწირავენ დროს, ზედმეტ ფულს, თანაც იმ ფულს, რომელიც მათ არ ეკუთვნით. შედეგი არ აინტერესებთ, მთავარია მათი სურვილი შესრულდეს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ისინი ანგარიშს არ უწევენ კონკრეტული საქმის სპეციალისტების, კომპეტენტური პროფესიონალების აზრსა და რჩევებს.

  წლების წინ გამოქვეყნებული ეს პუბლიკაცია უფრო მოცულობითია, მისი მხოლოდ ნაწილს ვაქვეყნებთ. საზოგადოება თუ დაინტერესდება, სრული სახითაც გამოვაქვეყნებთ. საქმე იმაშია, რომ მიზეზი, რამაც მაიძულა ამ თემას დავბრუნებოდი, ,,განსაკუთრებული” ტუსაღის, ,,ყარიბი” პრეზიდენტყოფილის მიხეილ სააკაშვილის პერსონის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟია, რაშიც ასევე ,,განსაკუთრებული” ადგილი უკავია ,,ემპათიის” დირექტორ ქალბატონს. მისმა დასკვნა-დიაგნოზებმა, სადაც სააკაშვილისთვის ,,განსაკუთრებულ” პირობებს ითხოვს, ფრიად გააღიზიანა საღად მოაზროვნე საზოგადოება. ქალბატონ ჯიშკარიანის პოზიცია არ გამკვირვებია, რადგან ის არასდროს ყოფილა ,,გულგრილი” მიხეილ სააკაშვილისა და შესაბამისად ნაცმოძრაობის მიმართ. როდესაც გაზეთი ,,კრიმინალისთვის” ვამზადებდი სტატიას კლუვერ-ბიუსის სინდრომთან დაკავშირებით, კომენტარისთვისთვის პირველ რიგში ამ ,,ობიექტურ”, ნაცმოძრაობის სასტიკ რეჟიმთან ვითომდა მებრძოლ მარიამ ჯიშკარიანს მივმართე. წლების წინ გულუბრყვილოდ მჯეროდაროგორც მისი, ისე, ბევრი პოლიტიკოსისა თუ ჟურნალისტის ,,უმწიკვლოება”. როგორც კი კლუვერ-ბიუსის სინდრომი ვახსენე, ქალბატონი მარიამი ისე გაცხარდა და გააგრესიულდა, გაოგნებული დავრჩი. ძალიან კარგად ვიცი, რატომაც მეკითხებით, რუსები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილია დაავადებული ამ სინდრომით და თქვენც იმიტომ აკეთებთ აქცენტს, არავითარ კომენტარს არ გავაკეთებო. ტექსტი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ შინაარსი ეს იყო. მერე მისმა თანამშრომელმა ახალგაზრდა კაცმა მომიხადა ბოდიში და შემომთავაზა, თუ გნებავთ, მე გიპასუხებთ მაგ კითხვაზეო… არქივში გაზეთი ,,კრიმინალის” იმ ნომრის მოძიებაც შეიძლება, სადაც ეს პუბლიკაცია დაიბეჭდა.

მანანა სუხიშვილი