გთავაზობთ ინტერვიუს ცნობილ უფლებადამცველსა და ადვოკატ გიორგი თევზაძესთან.
ბატონო გიორგი, რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?
პირველ რიგში, სამართალი, ყოველთვის მიმაჩნდა საზოგადოებისთვის ძალზე მნიშვნელოვან და საჭირო სფეროდ. მჯერა, რომ სამართალი ის ინსტრუმენტია, რომელიც ეხმარება ადამიანებს თავიანთი უფლებების დაცვასა და სამართლიანობის აღდგენაში. მეორე მიზეზია, ჩემში არსებული ინტერესები, ადამიანის უფლებების და სოციალურ საკითხებზე. მინდა, რომ ჩემი მუშაობით ხელი შევუწყო უკეთესი საზოგადოების ჩამოყალიბებას და იმ ადამიანებს გავუწიო მხარდაჭერა, ვინც სამართლებრივი დახმარებას საჭიროებს. ამასთან, იურისტის პროფესია, მოიცავს პრობლემების ანალიზს, კრიტიკული აზროვნების განვითარებას და კომპლექსური სიტუაციების მართვას, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა და გამოწვევას წარმოადგენს. საერთო ჯამში, ჩემი პროფესიული არჩევანი, იურისტად წარმოშობს დიდი მიზნებისა და ვალდებულებების განცდას, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
რა არის მთავარი კრიტერიუმი, თქვენს პროფესიაში?
მთავარი კრიტერიუმი ადვოკატის პროფესიაში, არის პროფესიონალიზმი და ეთიკა. ადვოკატს უნდა გააჩნდეს ღრმა სამართლებრივი ცოდნა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია კლიენტის ინტერესების დაცვა და მისთვის საუკეთესო შედეგების მიღწევა. კომუნიკაციის უნარი, პასუხისმგებლობა და საიმედოობა, ასევე კრიტიკული კომპონენტებია. გარდა ამისა, ადვოკატმა უნდა იცოდეს კანონების მუდმივი ცვლილებები და მზად უნდა იყოს, აქტუალურ საკითხებზე ეფექტურად იმუშაოს.
რას ნიშნავს თქვენთვის, როგორც ადვოკატისთვის, მოგებული საქმე?
ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის, მოგებული საქმე ნიშნავს არა მხოლოდ სამართლებრივ გამარჯვებას, არამედ, კლიენტისთვის სამართლებრივ დაცვას და მისი ინტერესების წარმატებით წარმომადგენლობას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსამართლემ ჩვენი არგუმენტები გაითვალისწინა და გადაწყვეტილება ჩვენივე პოზიციის სასარგებლოდ მიიღო. ამას გარდა, მოგებული საქმე ამყარებს მტკიცე ურთიერთობას, ნდობას კლიენტთან და გამოხატავს ჩემი პროფესიული სირთულეების და შესაძლებლობების რეალიზაციას. ეს არის დაპირება, რომ ყოველთვის საუკეთესოდ ვიმუშავებ, კლიენტის ინტერესების შესაბამისად. საბოლოოდ, ეს წარმატება გაზრდის პროფესიულ რეპუტაციას.
როგორც ადვოკატისთვის, რა არის თქვენი მთავარი პრინციპი?
როგორც ადვოკატისთვის, ჩემი მთავარი პრინციპი – ადამიანის უფლებების და სამართლიანობის დაცვაა. ეს გულისხმობს: ეთიკურობას, ყველა კლიენტზე პასუხისმგებლობის გრძნობას და მორალური სტანდარტების დაცვას. დამოუკიდებლობა, საკითხების მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი შეფასება, რათა უზრუნველვყოთ მართლმსაჯულების კეთილსინდისიერება. კომუნიკაცია: გამჭვირვალე და ზუსტი კომუნიკაცია კლიენტებთან , რათა მათ სრულად გაიგონ თავიანთი მდგომარეობა და შესაძლებლობები. პროფესიონალიზმი – მუდმივი განათლება და განვითარება, რათა კვლავაც ვიქნე კონკურენტუნარიანი და ეფექტური უფლებადამცველი. პატივისცემის პრინციპი – ნებისმიერი ადამიანის უფლებების და ღირსების პატივისცემა, ეს პრინციპები ქმნის საფუძველს პროფესიულ საქმიანობასა და სამართლებრივი პრაქტიკის წარმატებისთვის.
რა არის მთავარი პრინციპი ადვოკატისა და ადამიანის უფლებადამცველისთვის?
დღეს, სამწუხაროდ, ადამიანის უფლებების დამცველი და ადვოკატი ერთმანეთში ეშლებათ, მედიასაშუალებები ადვოკატს, უფლებადამცველად მოიხსენიებენ, არადა ეს ორი განსხვავებული, თუმცა მონათესავე პროფესიებია, უფლებადამცველი არის პირი რომელიც შეიძლება არ იყოს პროფესიით იურისტი, მაგრამ იგი მოწოდებული იყოს, დაიცვას სხვისი უფლებები საზოგადოებრივ საწყისებზე, ადვოკატობა არის პროფესია, ადვოკატისა და და ადამიანის უფლებადამცველის მთავარი პრინციპები, ერთმანეთთან ახლოს არიან, მაგრამ განსხვავება არსებობს. ადვოკატის მთავარი პრინციპია, პროფესიონალიზმი და ეთიკური პასუხისმგებლობა. ადვოკატმა უნდა უზრუნველყოს, მისი კლიენტების ინტერესების დაცვა, მისი ქმედებები უნდა იყოს ეთიკურად გამჭვირვალე, ხოლო სამართლებრივი პროცესები – სამართლიანი. ადვოკატი უნდა იყოს მიუკერძოებელი, უნდა იცოდეს კანონი და პატივს სცემდეს მას. ადამიანის უფლებადამცველის მთავარი პრინციპი, ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვაა. მან უნდა მოიპოვოს და დაიცვას ადამიანთა უფლებები, მათ შორის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების, ჰქონდეს პასუხისმგებლობა, დაიცვას სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიული პრინციპები. საერთო პრინციპი, სამართლიანობაა და ორივემ უნდა იმოქმედონ სამართლიანობის და თანასწორობის პრინციპებით. ასევეა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, ორივე უნდა იცნობდეს და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს. კომუნიკაცია, საჭიროა გამჭვირვალე და ღია კომუნიკაცია კლიენტებთან და საზოგადოებასთან. ამგვარად, მიუხედავად განსხვავებებისა, ორივე პროფესია მიზნად ისახავს სამართლის დაცვისა და ადამიანის უფლებების უზრუნველყოფას. ამასთანავე ადვოკატის და უფლებადამცველის საქმიანობა პირველ ყოვლისა უნდა იყოს დამყარებული ნდობაზე.
თქვენი აზრით, რა არის მართლმსაჯულებისთვის მნიშვნელოვანი?
ჩემთვის მართლსაჯულება არის სამართლებრივი სისტემის პრინციპი, რომელიც გულისხმობს მოქალაქეების უფლებების დაცვისა და ვალდებულებების შესრულების, სამართლიანი და თანაბარი განხორციელების პროცესს. ის მოიცავს კანონის ძალაუფლების ხელშეუხებლობას, სამართლებრივი აღსრულების ეფექტურობას და იმ პირობების უზრუნველყოფას, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლებები და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილებები სასამართლოში. მართლსაჯულება ასევე უკავშირდება ეთიკურ და ზნეობრივ ღირებულებებს, როგორიცაა კეთილდღეობა, თანასწორობა და სამართლიანობა..
თქვენ უდიდესი გამოცდილება გაგაჩნიათ, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, რადგან ჯერ კიდევ 1987 წლიდან, 21 წლის ასაკში, აქტიურად მოღვაწეობდით ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. იყავით ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი. შემდგომ, წმინდა ილია მართლის საზოგადოებაში („მრგვალი მაგიდა“) ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო 1992 წლიდან, პირველი, ადამიანის უფლებების დამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაციის, დამფუძნებელი თავმჯდომარე. ხომ არ გაიხსენებდით, იმ პერიოდებში რა უფლებების დარღვევებს ჰქონდა ადგილი?
ადამიანის უფლებების მდგომარეობა, ყოველთვის აქილევსის ქუსლს წარმოადგენდა საქართველოში. მოგეხსენებათ, 1987 წელს, როცა აქტიურად დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფებელი მოძრაობა, მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, არ იცოდა თავისი უფლებები და არც აინტერესებდათ. ხალხი, ასევე არ იცნობდა, საყოველთაოდ მიღებულ, ადამიანის უფლებების საერთაშორისო კონვენციებს. როდესაც ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობაში შეიქმნა ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფი, მისი ხელმძღვანელობა, უდიდესმა პიროვნებამ, ეროვნული მოძრაობის ლიდერმა მერაბ კოსტავამ მე მთხოვა. ამის შემდგომ, პირველ ეტაპზე ჩვენ ვავრცელებდთ ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციას, ვხვდებოდით სტუდენტებს და მოსახლეობის ჯგუფებს, რომლებიც ძალიან დიდ ინტერეს გამოხატავდნენ. 1989 წლის, ცხრა აპრილის მოვლენებმა, როცა რუსეთის იმპერიის მიერ, სასტიკად, ჯალათურად იქნა დარბეული, თავისუფლების მებრძოლი ქართველი ერის წარმომადგენლები. ის ადამიანები, რომლებიც დღევანდელი პარლამენტის შენობის წინ გამოხატავდნენ პროტესტს და მოითხოვდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას, მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ვინც რუსი ჯალათის ხელკეტი ვიგემე. სასტიკი ცემისგან გონებადაკარგული, ქაშუეთის ეკლესიაში გადავუყვანივარ, საიდანაც ჯერ რესპუბლიკურ სავადმყოფოში, შემდეგ კი ე.წ. “არამიანცის” საავადმყოფოში გადამიყვანეს.
შემდგომ, მერაბ კოსტავას ინიციატივით, ჩამოყალიბდა წმინდა ილია მართლის საზოგადოება, სადაც შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, რომლის თავმჯდომარეც, როგორც გითხარით, მე გახლდით. აღნიშნული ორგანიზაცია, შემდგომ ერთ-ერთი წამყვანი გახდა „მრგვალ მაგიდაში“. ჩემი ხელმძღვანელობის დროს, კომიტეტში რვა კომისია და ქვეკომისიები შეიქმნა, რომლებიც მოქალაქეთა უფლებების საკითხებზე მუშაობდნენ, მათ შორის, სოციალური მიმართულებით. მოქალაქები, საქართველოს ყველა რეგიონიდან მოგვმართავდნენ განცხადებებით, ვსწავლობდით მათ განცხადებაში აღნიშნულის საფუძვლიანობას და ვახდენდით რეაგირებას. 1991 წლის დეკემბრიდან, 1992 წლის იანვარში, ოკუპანტი რუსეთის წაქეზებით და მხარდაჭერით, ჩვენს ქვეყანაში იარაღის გამოყენებით, განხორციელდა სახელმწიფო გადატრიალება, პუტჩი, რომლის შედეგადაც, განდევნილი იქნა, საქართველოს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო და მთავრობა. ქვეყანაში შეიქმნა უკანონო სახელმწიფო საბჭო, ერთი სიტყვით, იმ პერიოდიდან საქართველოში შეწყდა ხელისუფლების ლეგიტიმაცია, რაც დღემდე, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად არ აღმდგარა. იმ პერიოდში, უკანონო შეიარაღებული ჯგუფების მიერ, იდევნებოდა განსხვავებული აზრის და პოზიციის მოქალაქეები, ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ეროვნული ღირებულებები და მხარს უჭერდნენ განდევნილ ეროვნულ ხელისუფლებას. საქართველოს მოსახლეობა, ქუჩებში გამოსვლით აპროტესტებდა, სახელმწიფო საბჭოს მიერ განხორციელებული რეპრესიებს, რის გამოც, უმოწყალოდ დახვრიტეს მშვიდობიანი მიტინგი. ღამის საათებში, საკუთარ საცხოვრებელ ბინებში, უკანონოდ აკავებდნენ პატრიოტულად მოაზროვნე მოქალაქეებს, ამგვარად მოაზროვნე ხალხს, სამსახურებიდანაც მასიურად ათავისუფლებდნენ. ამ უმძიმეს დროს, საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდი აქტიურად საქმიანობდა. ფონდის წევრები უშიშრად იცავდნენ ადამიანის უფლებებს. მართალია, პუჩისტების მხრიდან ვაწყდებოდით წინააღმდეგობებს, იყო დაშინების, დაკავებების მცდელობებიც, მაგრამ ეს ფაქტორები უფრო გვაძლიერებდა და გვაერთიანებდა. ორგანიზაციის იურისტები, სასამართლო პროცესებზე იცავდნენ პოლიტპატიმრებ. შემდგომ, ხსენებული ფონდის ბაზაზე, 1998 წლის მაისში, დაფუძნდა და რეგისტრირებული იქნა, ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დღესაც აქტიურად საქმიანობს, მისი მრავალრიცხოვანი წევრების თადგომით. აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები, წლების მანძილზე იყვნენ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, პენიტენციური სისტემის საბჭოს წევრები, საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროს, პენიტენციალური სისტემის მონიტორინგის ჯგუფის წევრი, სასჯელარსრულების მინისტრის საკონსულტაციო საბჭოს წევრი, პენიტენციალური სისტემის, პატიმართა ვადაზე ადრე განთავისუფლების კომისიის წევრი, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე და ა.შ.
როგორ ფიქრობთ, სამომავლოდ, რა აქვს საქართველოს შესასრულებელი?
საქართველოს, შესასრულებელი აქვს სულიერი მისია სამყაროში, ეს არც ეკონომიურია და არც მატერიალური. ამიტომაც, მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია, ყურადღებას ამახვილებდნენ, საქართველოს სულიერი მისიაზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველო არის დავით აღმაშენებლისა და გიორგი ჭყონდიდელის ქვეყანა. ქართველობისათვის, ყოველთვის მნიშვნელოვანია და მუდამ იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ზრუნვა. მომავალმა თაობებმა, რომლებიც ჩვენს შემდგომ მოვლენ, უნდა იცხოვრონ ერთიან, დემოკრატიულ, სამართლებრივ, ეროვნული ღირებულებების მქონე საქართველოში. საქართველოს ერთიანობისა და სტაბილურობისათვის, შესაძლებელია, სამომავლოდ აღდგეს მონარქიაც, როცა ქვეყანას ეყოლება მეფე. იგი ქვეყანას არ მართავს, მაგრამ წარმოადგენს ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოს, რა თქმა უნდა ქვეშემდომების გარეშე ( თავადის, აზნაურის, გვარის ასევე სამეფო-გვარის მატარებლების პრივილეგიისა თუ მათ წინაპართა მლობელობაში არსებული ქონებებისა და საკუთრების გადაცემის გარეშე ). თუ კი ამას განხორციელება უწერია, მონარქი უნდა იყოს, სამეფო ოჯახის პირდაპირი წარმომადგენელი, რომელსაც ზედმიწევნით ეცოდინება ქართული ენა, ქვეყნის ისტორია, ქართული ადათ-წესები და აღზრდილი იქნება ქართულად. ეს შესაძლებელია, ახლო ან შორეულ მომავალში მოხდეს, როდის არავინ იცის. ამისთვის, პირველყოვლისა, აუცილებელია, თავად ქართველი ერში არსებობდეს, ამის შინაგანი და სულიერი მოთხოვნა.