„ახალგაზრდა ადვოკატებს“, პრემიერთან გაგზავნილი წერილის გამო, სამხარაულის ბიუროს ხელმძღვანელმა პირებმა სასამართლოში უჩივლეს
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელიც ეხება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის, პაატა თუშურაშვილის, ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დოდო ჩორგოლაშვილისა და ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის თეო ხუჭუას მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატების წინააღმდეგ დაწყებულ დავებს, რომლითაც მოთხოვნილია პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა და მცდარი ცნობების უარყოფა.
პაატა თუშურაშვილის, დოდო ჩორგოლაშვილისა და თეო ხუჭუას სასარჩელო მოთხოვნები გამოწვეულია ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატების მიერ 2024 წლის 30 ივლისის წერილის გამო.
ორგანიზაციამ განცხადებით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსს, ხოლო წერილის ასლი გადაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს. წერილი შეეხებოდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის მოქმედი ექსპერტის საქმეს და აღნიშნული იქნა, რომ ორგანიზაციამ სრულად შეისწავლა საქმის მასალები: ბრძანებები, მოხსენებითი ბარათები, შიდა უწყებრივი მნიშვნელობის წერილები, დასკვნები და შეფასებები, რომლის შესაბამისადაც ცალსახად მიიჩნია, რომ ექსპერტის მიმართ არსებული მდგომარეობა სცდებოდა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობის ნორმალიზების ფარგლებს, პროფესიული აზრის პატივისცემისა და დამსაქმებელი ორგანიზაციის საჯარო, დეკლარირებულ პრინციპების დაცვას და კუმულაციურად, ადგილი ჰქონდა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს შრომის კოდექსით, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ევროკონვენციითა და სხვა რატიფიცირებული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევას – პირის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობას, იძულებას, პირდაპირი წესით დისკრიმინაციულ მოპყრობას, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას, რომელზედაც მოთხოვნილი იქნა დაუყოვნებლივი რეაგირება.
ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატების 2024 წლის 30 ივლისის წერილი შეეხებოდა პაატა თუშურაშვილს, დოდო ჩორგოლაშვილსა და თეო ხუჭუას მოქმედებების ერთობლიობას. ამასთან, ორგანიზაციის ამ წერილიდან გაგებული იქნა ინფორმაცია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის მოქმედ ექსპერტს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტებზე, თავად გააჩნდა სარჩელი წარდგენილი პაატა თუშურაშვილს, დოდო ჩორგოლაშვილსა და თეო ხუჭუას წინააღმდეგ, რამაც მათი ერთობლივი გაღიზიანება გამოიწვია და ექსპერტის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის – ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატების რეპუტაციის შელახვა გადაწყვიტეს.
ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები აღნიშნავს, რომ ქართული დემოკრატიის პირობებში, პირველი პრეცედენტია, როდესაც საჯარო დაწესებულების მოხელეებმა, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და სახალხო დამცველის მიმართ გაგზავნილი წერილების გამო, სამოქალაქო ორგანიზაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც პაატა თუშურაშვილის, არც დოდო ჩორგოლაშვილისა და არც თეო ხუჭუას შუამდგომლობები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე. კერძოდ, სასამართლომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი უწოდა პაატა თუშურაშვილის, დოდო ჩორგოლაშვილისა და თეო ხუჭუას მოთხოვნებს ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატებს დავალებოდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილიყო განცხადება იმ შინაარსით, რომ სასამართლოში მიმდინარეობდა ცილისწამების დავა, რაც პროცესუალური თვალსაზრისითაც – აბსურდია.
სინამდვილეში, პაატა თუშურაშვილის, დოდო ჩორგოლაშვილისა და თეო ხუჭუას სარჩელებს აქვთ ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატების რეპუტაციის შელახვის მიზანი და მათი არჩევანი თრგუნავს გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს. შექმნილია სახიფათო პრეცედენტი, როდესაც საჯარო უწყებას მომავალში ექნება თვითნებობის იმგვარი ფარგლები, როდესაც ადამიანის უფლებების სფეროში ჩართული ორგანიზაციების წერილებზე შეეძლებათ მოტივირებული სარჩელების აღძვრა. ცალსახად, პაატა თუშურაშვილის, დოდო ჩორგოლაშვილისა და თეო ხუჭუას შეთანხმებული და ორგანიზებული მოქმედება წარმოადგენს თავდასხმას თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელსა და დამოუკიდებელ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაზე, რომლის მიზანია დაშინება, დათრგუნვა და კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვაზე უარის თქმა.
როგორც ჩანს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მოქმედი ხელმძღვანელი, რომლის ნების გარეშეც პაატა თუშურაშვილი, დოდო ჩორგოლაშვილი და თეო ხუჭუა ვერ გაბედავდნენ სარჩელის აღძვრას, პერსონალურად დაინტერესებულია ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატებით, რასაც წინ უსწრებს სხვა სასამართლო დავებიც. ვფიქრობთ, პაატა თუშურაშვილის, დოდო ჩორგოლაშვილისა და თეო ხუჭუას მოქმედება და წინდაუხედავობა – დაპირისპირება ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატებთან, ცალსახად დააზიანებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საზოგადოებრივ ნდობას, რომელიც უკვე პირველი სახელმწიფო უწყება გახდა, რომლის მოხელეებმაც კრიტიკული წერილის გამო სასამართლოს მიმართეს.
ამიტომაც, ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები მოუწოდებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსს ბატონ გიორგი თვაურს აიღოს პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებზე და პ. თუშურაშვილის, დ. ჩორგოლაშვილისა და თ. ხუჭუას სარჩელი გახმობილი იქნეს სასამართლოდან. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ უნდა დაადასტუროს სამოქალაქო ორგანიზაციებთან ინსტიტუციური თანამშრომლობის ურყევი ნება და სურვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები, არამხოლოდ მოიგებს ამ გაუგებარ დავას, არამედ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქცევისა და პროფესიული საქმიანობაში უხეში ჩარევის შესახებ საქმის კურსში ჩააყენებს ადგილობრივ და საერთაშორისო აქტორებს.