ხელისუფალნო, კიდევ რამდენი ტრაგედია უნდა მოხდეს, რომ მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოიცალოთ?

გადაჭარბებული სიჩქარითა და გამაყრუებელი ხმაურით მოძრავი ავტომოტოტრანსპორტისგან შეწუხებული დიდუბელების სახელით, ჯერ კიდევ 2023 წლის 1 დეკემბერს, მივმართე წერილობით შსს-ს. ცნობისთვის, იმ პერიოდში, წერეთლის გამზირი, თითქმის მთლიანად გადათხრილი იყო რეაბილიტაციის მიზნით, თუმცა ხსენებულ სატრანსპორტო საშუალებებს ხელი არ შეშლია, მოსახლეობის „დანევროზებაში“. წერილში ვთხოვდი განემარტათ, რომელი უწყება იყო პასუხისმგებელი, აღეკვეთა დიდი სიჩქარით (და სხვა უხეში დარღვევებით), რაც მთავარია, გამაყრუებელი ხმაურით მოძრავი ავტომოტოტრანსპორტის თარეში. მით უმეტეს, რომ ეს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ხდებოდა და ხდება. გადაჭარბებულ სიჩქარესა და გამაყრუებელ ხმაურზე, განსაკუთრებით, იმ მიზეზით გავამახვილე ყურადღება, რომ 112-ის მეშვეობით გამოძახებული პატრულები თავს იმით „იმართლებენ“, რომ გადაჭარბებულ სიჩქარის გამო, მძღოლს ვერ მოედავებიან, ჩვენ არ გვაქვს სიჩქარის მზომი, ეს დარღვევა სათვალთვალო კამერამ უნდა დააფიქსიროს და დამრღვევი მძღოლი, მან უნდა დააჯარიმოსო. არადა, როგორც „ავი ენები ამბობენ“, ცენტრალურ გამზირებზე საერთოდ არ ფუნქციონირებს ვიდეოთვალი, რომელიც ამ დარღვევას დააფიქსირებს. დედაქალაქის მერიას დაუმონტაჟებია ე.წ. სექციური კამერები, რომელიც ყველგან არც არის.

თუ შსს-ს შესაბამისი სამსახურის პრეროგტივა იყო, მაშინ რამდენი ავტომოტო საშუალების მძღოლი, თუ მფლობელი (ეგ თვითონ გაარკვიონ) ყავდათ დაჯარიმებული თბილისში, თუნდაც დიდუბეში. რაც შეეხება გამაყრუებელ ხმაურს, აქაც აქვთ პატრულებს „მყარი“ არგუმენტი, რომ ქარხანა-დამამზადებლის მიერ აქვს „მინიჭებული“ ამ სატრანსპორტო საშუალებებს, ავიაგამანადგურებლის ხმა და თურმე დარღვევად არ უნდა ჩაითვალოს. თვითონ თუ არ იცით, იქნებ რომელიმე ავტოინჟინერს შეეკითხოთ (დარწმუნებული ვარ, ამ დარგის სპეციალისტი არც გყავთ საპატრულო პოლიციაში), რომ ყველა სატრანსპორტო საშუალებაა აღჭურვილი ისეთი მაყუჩით, რომ ამაზრზენი ღრიალი არ გამოსცეს, მით უმეტეს დასახლებულ პუნქტში.

ნაცრეჟიმი რომ საგულდაგულოდ მალავდა, თუნდაც ე.წ. ავტოავარიების სტატისტიკას, ამის მომსწრე, როგორც ჟურნალისტი არაერთხელ გავმხდარვარ, მაგრამ თუ თუ იგივე „წარმატებით“ გაგრძელდებოდა მოქმედი ხელისუფლების დროსაც, ნამდვილად არ მეგონა. შსს-დან ისეთი პასუხი მივიღე (2023 წლის, 6 დეკემბერს), რომელსაც შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი აწერს ხელს (არ ვიცი ეს ქალბატონი დღესაც თუ იკავებს იგივე თანამდებობას), ჩემი სტაჟის და გამოცდილების მიუხედავად, ბევრი ვერაფერი გავუგე. იმედს ვიტოვებ, წინამდებარე წერილს ვინმე წაიკითხავს და იქნებ მათ მაინც გაარკვიონ, სტატისტიკა-კანონმდებლობის შესახებ რამე.

წარმოგიდგენთ ჩემი წერილის შს სამინისტროსეულ პასუხს:

ქალბატონო მანანა,

თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა

დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (ვახტანგ გომელაური – მ.ს.) 2020 წლის 9 ივლისის, No1/271 ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში -სამინისტრო) აღრიცხვიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამუშავებული სტატისტიკური ინფორმაცია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების გამო გამოვლენილი სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემების წარმოების წესის სამართალდარღვევების შესახებ განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – info.police.ge (https://info.police.ge/page?id=183&parent_id=179), სადაც შესაბამისი პერიოდულობით ქვეყნდება ზემოაღნიშნული მონაცემები.

ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ 2022 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდება იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება.

აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან.

პატივისცემით,

ქეთევან ტყეშელაშვილი

ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი

ქალბატონი ქეთევანის მიერ მითითებულ, შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზეც, ისეთივე მშრალი და მწირი ინფორმაციაა გამოქვეყნებული, როგორიც შსს-ს პასუხია, მაგრამ ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია, გადაჭარბებული სიჩქარითა, თუ ამაზრზენი ხმაურით მოძრავი ავტომოტოტრანსპორტის მძღოლთა დაჯარიმების შესახებ, ვერც აქ მოვიძიე. ვერც ის გავარკვიე, შესაბამის კოდექსში, კონკრეტულად რომელ მუხლში გაიწერა, ეს ცვლილება. პასუხში არც ის მიუთითებია შსს-ადმინისტრაციას, რამდენ დეციბალს გულისხმობს ეს დადგენილი ხმაური და ვინ გაზომავს მის „აღმატებას“. პატრულებს არაერთხელ განუცხადებიათ ჩემთან საუბარში, რომ მათ არც სიჩქარის და არც ხმაურის მზომი ხელსაწყოები არ აქვთ. თუ საერთოდ ამოქმედდა ზემოხსენებული ცვლილება, ვის ევალება მისი აღსრულება, თუ უბრალოდ, მხოლოდ ცვლილება ცვლილებისთვისაა, ანუ კიდევ ერთი „მკვდრადშობილი ნორმატივი“?!

მანანა სუხიშვილი