მიმდინარე წლის, 12 მარტს, მივწერე თბილისის მერიას, მათი ფეისბუქგვერდის მესინჯერში, რომ მათგან პასუხის მიღების შანსი თუ არსებობდა, რადგან მერიის ცხელ ხაზზე დარეკვის შემდეგ, პინგ-პონგის ბურთივით მისროლეს აქეთ-იქით, რომ თითქოს ჩემი კითხვის ადრესატები ისინი არ იყვნენ. ბოლოს, ერთ ისეთ სამსახურთან გადამრთეს, რომლის წარმომადგენლის მეტყველების მეოხებით, სამსახურის დასახელებაც კი ვერ გავიგე. ზოგიერთთთან დაკავშირებით კი, მხოლოდ იმას ვისმენდი, ოპერატორი დაკავებულია, მალე გიპასუხებთო, თუმცა ეს პროცესი, უსასრულოდ გაიწელა და პასუხს ვერ ვეღირსე. იმითაც დავინტერესდი, მერიის ცხელ ხაზად მითითებული 2722222, რეალურად არქიტექტურის სამსახურს თუ ეკუთნოდა, რადგან მოპასუხე ასე ამიხსნა, თქვენ ხსენებულ სამსახურს დაუკავშირდითო.

აი, რას ვწერდი დედაქალაქის მერიას, „გადაჭარბებული სიჩქარითა და ამაზრზენი ხმაურით მოძრავმა მოტოციკლებმა და ავტომანქანებმა ნევროზი დაგვმართა, არამარტო დიდუბის მოსახლეობას, ვეჭვობ მთელ თბილისსაც. შსს-ს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, „დიდსულოვნად“ მიხსნიან, რომ გადაჭარბებულ სიჩქარეზე პატრული რეაგირებას ვერ ახდენს, რომ ამ დარღვევას ვიდეოთვალები აფიქსირებენ და შემდეგ შესაბამისი სამსახური ახდენს რეაგირებას. სიმართლე გითხრათ, ეჭვი მეპარება. მგონია, ამ ვიდეოთვალების (თუ საერთოდ არის დამონტაჟებული) ნახევარი გამორთულია. რაც შეეხება ამაზრზენ ხმაურს, პატრულების თქმით, მისი გამზომი ხელსაწყოც არ აქვთ. ბოლოს მითხრეს, თბილისის მერიამ დაამონტაჟა საჭირო ხელსაწყოები და რეაგირებასაც მერიის შესაბამისი სამსახური ახდენსო. საქმეში ჩახედულებმა ისიც მითხრეს, რომ მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს პრეროგატივაა, ამ დარღვევებზე რეაგირება, რომლის ხელმძღვანელიც ნინო ბაგაშვილია.
მაინტერესებს, რამდენდ სწორი ინფორმაცია მაქვს, რათა მივმართო ხსენებულ სააგენტოს, რომ გამოვაქვეყნო ინფორმაცია, თუ ხდება რეაგირება ავტოტოტრანსპორტის მძღოლთა, არ მომერიდება თქმა, აღვირახსნილობაზე, რაც დღემდე გრძელდება. გარდა იმისა, რომ ხსენებულ სატრანსპორტო საშუალებების ღრიანცელი ანევროზებს დიდსა და პატარას, პროფესიონალ ავტოინჟინერთა განცხადებით, ხსენებული სატრანსპორტო საშუალებების დახვრეტილი, თუ საერთოდ მოგლეჯილი მაყუჩების და სხვა სახის კუსტარულად გადაკეთების გამო, თურმე არ ხდება საწვავის სრული წვა, რაც კატასტროფულად ზრდის მავნე გამონაბოლქვს“.
მერიის წარმომადგენლის პასუხს, უცვლელად გთავაზობთ, „დეტექტორების(ხმაურის მზომი – მ.ს.) დამონტაჟება საპილოტე რეჟიმში, უკვე დაიწყო. დეტექტორები დამონტაჟებულია ალ. ყაზბეგის გამზირზე, წინასწარ გასაზღვრულ ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე. მიმდინარეობს საპილოტე პროექტის ტესტირება, რომლის წაარმატებით დასრულების შემდგომ, შესაძლებელი იქნება ხმაურის დონის რეგულაციის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა და მათი მფლობელისათვის შესაბამისი ჯარიმის დაკისრება. პროექტს თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, შს სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. რაც შეეხება ვიდეოკამერებს, იგი ძირითადად აფიქსირებს ავტობუსის ზოლში მოძრაობის კუთხით“.
ცნობისთვის, ეს ამაზრზენი ხმაურით ჯირითი, დღემდე გრძელდება. თბილისის მერიამ, რომ ასევე „დიდსულოვნად“ დაუთმო ავტობუსის ზოლი გადაჭარბებული სიჩქარით და ამაზრზენი ხმაურით(თურმე ეს „ქარხნული წესი“ ყოფილა) მოძრავ მოტოციკლებს, ეს მოგვეხსენება, მაგრამ ამ ზოლში თუ მაინც აჯარიმებენ ე.წ. ბაიკერებს, ესაა საკითხავი… ხსენებული ზოლის ე.წ. ბაიკერებისთვის „დათმობა“, დიდუბის რაიონის მაკონტროლებელ პატრულთაგან ერთ-ერთმა ასე ახსნა, მოძრაობის განტვირთვის მიზნით მოხდაო. „განტვირთვისა“ რა მოგახსენოთ, მაგრამ „პრივილეგიები“ მართლაც მიანიჭეს, ახალი „მოდის“ შუმახერთ.
მოამზადა მანანა სუხიშვილმა