„ახალგაზრდა ადვოკატები“ არ გამორიცხავს, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კონკრეტულ ჩინოსანთა შეთანხმებული საქმიანობა, საბოტაჟის ნიშნებსაც ატარებდეს

მოგეხსენებათ, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ გაავრცელეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სავარაუდოდ, ორი დასკვნა გაყალბდა. დასკვნების შეცვლასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შეცვლას გააჩნდა მიზანმიმართული საფუძველი, რაც განპირობებული არ ყოფილა პროფესიული აზრთა სხვადასხვაობით.

„ახალგაზრდა ადვოკატები“:„დგინდება, რომ ექსპერტი, რომელსაც ბიუროში მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება გააჩნდა და ორივე დასკვნა მაღალპროფესიული სტანდარტის დაცვით მომზადდა, დასჯის, სამსახურებრივი სივრციდან განდევნის, შევიწროების, მისი პიროვნული და პროფესიული ღირსებების დაკნინების მსხვერპლი აღმოჩნდა. ეს მას შემდეგ, რაც 2024 წლის 10 იანვარს, მან ბიუროს უფროსის სახელზე წარადგინა კრიტიკული წერილი და მოითხოვა, შრომითი პირობების მოწესრიგება და ინსტიტუციური განვითარებისთვის ხელშეწყობა. ხსენებულ ექსპერტს უმალვე დაუპირისპირდნენ ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი პაატა თუშურაშვილი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დოდო ჩორგოლაშვილი და ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი თეო ხუჭუა, რომლებმაც ორგანიზებული, ურთიერთშეთანხმებული და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით, ექსპერტის საქმიანობის დისკრედიტაცია და არაკვალიფიციურობის წარმოჩენა გადაწყვიტეს. შესაბამისად, აღნიშნული გამოიხატა, ექსპერტის მიერ სადავო პერიოდში გაცემული დასკვნების შეცვლით, ხოლო შემდეგ, სამართლებრივი საფუძვლების შექმნით, რომ მომხდარიყო ექსპერტის მიმართ, სამართლებრივი დევნა და სამსახურებრივი გათავისუფლება. მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ შეისწავლა საქმის მასალები, ამხილა უკანონო მმართველობითი ღონისძიება, საქმე – ექსპერტის დარღვეული უფლების დაცვის კუთხით, გადავიდა საერთო სასამართლოებში. 2024 წლის 12 აგვისტოს, ეროვნული ბიუროს მაშინდელი უფროსი იძულებული გახდა, დასკვნების შესაძლო გაყალბების საქმე, ისევ ხსენებული ექსპერტის მოთხოვნით, საქართველოს გენპროკურატურისთვის გადაეგზავნა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ არ გამორიცხავს, რომ პაატა თუშურაშვილის, დოდო ჩორგოლაშვილისა და თეო ხუჭუას შეთანხმებული საქმიანობა, საბოტაჟის ნიშნებსაც ატარებდეს. სწორედ მათი მონაწილეობით, ჩართულობითა და პირადი ხელმწორებით მოხდა დასკვნების შეცვლა. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, დღეს, მათი გავლენა და ძალაუფლება განუსაზღვრელია. შესაბამისად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არაერთი მცდელობის მიუხედავად, გენერალურ პროკურატურაში დასკვნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, წინსვლა არ მომხდარა.

ორგანიზაციამ მიიღო ინფორმაცია, რომ საგამოძიებო მოქმედებების შეფერხება, შესაძლებელია გამოწვეული იყოს იმ გარემოებით, რომ საქართველოს აწ უკვე ყოფილი გენპროკურორის გიორგი გაბიტაშვილის ოჯახის წევრი – და, საექსპერტო ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის უფროსია. მასთან სამსახურეობრივად და პირადი ურთიერთობით დაკავშირებულია პაატა თუშურაშვილი, დოდო ჩორგოლაშვილი და თეო ხუჭუა. თავის მხრივ, პაატა თუშურაშვილი 2012-2014 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მეუღლეა. თავის მხრივ, თეო ხუჭუა, თეთრი წყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის წალკის მუნიციპალიტეტში, ვლადიმერ ხუჭუას ოჯახის წევრი – დაა, ხოლო თავის მხრივ დოდო ჩორგოლაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე წევრის ახლო ნათესავია.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საქართველოს გენპროკურატურა, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში იქნება სწრაფი, ეფექტური და და შედეგზე ორიენტირებული, რათა არ დაიმალოს რეალური ფაქტები და დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მით უფრო, საქმეზე მოძიებული და წარმოდგენილია გოგირდის საკითხის შემთხვევაში, ქარხანა-მწარმოებელთან ოფიციალური მიმოწერა. საცხის შემთხვევაში კი, უცხოელი სპეციალისტის კვალიფიციური დასკვნები, რომელიც ამტკიცებს, რომ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მოხდა დასკვნების შეცვლა და პირველადი სახით გაცემული დასკვნები იყო კვალიფიციური და კომპეტენტური“.