არ იკვეთება, თუ განგებ არ „ვიმჩნევთ“?!

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებლის ანა პაპიძის წარმოებაშია, მზაღო მიხელიძის წარმომადგენლის მამუკა ტივიშვილის განცხადება, ნოტარიუს ხატია შერგელაშვილის მიერ, შესაძლო ყალბი დოკუმენტის, კერძოდ, სამკვიდრო მოწმობის დამზადების ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდესის 362-ე მუხლით (ყალბი დოკუმეტის, შტამპის, ან ბლანკის დამზადება, გასაღება, ან გამოყენება. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე).

ხატია შერგელაშვილის მიერ, შესაძლო ყალბი დოკუმენტის – 2023 წლის 8 ნოემბრის  სამკვიდრო მოწმობის დამზადება გამოიხატა შემდეგში: ირინე ჯავახიძემ განცხადებით მიმართა ნოტარიუს ხატია შერგელაშვილს და სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა მამისულიკო ჯავახიძის გარდაცვალების მოწმობა და ნოტარიუსის ტატიანა ახვლედიანის მიერ 2007 წლის 13 სექტემბერს ირინე ჯავახიძეზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა.

ნოტარიუსმა ხატია შერგელაშვილმა 2023 წლის 8 ნოემბერს ირინე ჯავახიძის განცხადების საფუძველზე მოამზადა სამკვიდრო მოწმობა, რომელშიც მიუთითა ყალბი მონაცემი მამკვიდრებელზე. კერძოდ, სამკვიდრო მოწმობის მომზადების საფუძვლად ხატია შერგელაშვილს მითითებული აქვს  მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა,  რომლის თანახმად გარდაცვლილი პიროვნება არის „სულიკო ჯავახიძე“  და არა „სულიკო (დურმიშხან) ჯაახიძე“, როგორც ეს სამკვიდრო მოწმობაშია მითითებული.  ნოტარიუსი ხატია შერგელაშვილი სამკვიდრო მოწმობის მომზადებისას ასევე საფუძვლად მიუთითა ნოტარიუსის ტატიანა ახვლედიანის მიერ 2007 წლის 13 სექტემბერს ირინე ჯავახიძეზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა, თუმცა  ნოტარიუსის ტატიანა ახვლედიანის მიერ 2007 წლის 13 სექტემბერს ირინე ჯავახიძეზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში მითითებულია მამკვიდრებელი „სულიკო ჯავახიძე“ და  არსად არის მითითებული „სულიკო (დურმიშხან) ჯავახიძე“.

საქმის გამომძიებელმა და მასზე ზედამხედველმა ქალაქ თბილისის ძველი თბილისის პროკურატურის პროკურორმა უარი განაცხადეს განცხადებაში მითითებულ ფაქტზე გამოძიების დაწყებაზე იმ მოტივით, რომ განცხადებით არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. გამომძიებელი და ზედამხედველი პროკურორი ამ პოზიციას აფიქსირებენ მიუხედავად იმისა, რომ ნოტარიუსის მიერ საფუძვლად გამოყენებულ დოკუმენტებში სხვა მონაცემია მითითებული. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სამკვიდრო მოწმობის მომზადების საფუძვლად გამოყენებულ არც ერთ დოკუმენტში არ არის მითითებული „დურმიშხანი“. ამდენად აშკარაა, რომ  ხატია შერგელაშვილის მიერ მომზადებული დოკუმენტი შეიცავს ყალბ ინფორმაციას.

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსით არათუ კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტზე, არამედ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი/პროკურორი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება (სსსკ.-ის მე-100 და 101-ე მუხლები). სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლი შეეხება გამოძიების დაწყების მოვალეობას. დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შემთხვევაში, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწტოს გამოძიება. გამომძიებლის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს. რაც შეეხება ამავე კოდექსის 101-ე მუხლს – ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, განმარტავს, რომ გამოძიების დაწყების საფუძველია, დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს, ან გამოქვეყნდა მასმედიაში.

პროკურორის უარი გავასაჩივრეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და მოვითხოვეთ ზედამხედველი პროკურორის უარყოფითი წერილის გაუქმება და ხატია შერგელაშვილის მიერ დოკუმენტის გაყალბების შესაძლო დანაშაულის ფაქტზე  გამოძიების დაწყება.  ასევე მოვითხოვეთ ჩვენი საჩივრის კონტროლზე აყვანა. თუმცა ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, ჩვენს ამ საჩივარზე პასუხი მივიღეთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან, რომელიც არც საჩივრის ადრესატი იყო და არც ჩვენს განცხადებაში მითითებული ყალბი დოკუმენტის დამზადების დანაშაულის გამოძიებაზე უფლებამოსილ უწყებას არ წარმოადგენს

ზემომითითებულ გარემოებებზე რეაგირების განცხადებით ასევე მივმართეთ საპროკურორო საბჭოს თავმდჯომარეს ლინდა ბიჭიკაშვილს, თუმცა თვეებია საპროკურორო საბჭოდან ვერ ვიღებთ ინფორმაციას  საბჭოს მხრიდან განახორციელდა თუ არა რეაგირება ჩვენს განცხადებაში მითითებულ გარემოებებზე. მიმდინარე ვითარება გვიტოვებს ვარაუდს, რომ საპროკურორო საბჭოს მხრიდან განცხადება რეაგირების გარეშეა დატოვებული, რაც ტოვებს საეჭვო კითხვებს ჩვენს კანონიერ მოთხოვნაზე სისტემის მიზანმიმართულ უმოქმედობაზე.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საკითხი კრიტიკულად და პრინციპულად მნიშვნელოვანია, ეხება სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფის მცდელობას და განხორციელდება ყველა აუცილებელი სამართლებრივი მოქმედებები ნოტარიუსის მხრიდან, შესაძლო ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტის გამოძიებისათვის. უახლოეს პერიოდში გამოვითხოვთ ინფორმაციებს ჩვენს განცხადებაში მითითებულ ფაქტზე, სახელმწიფო უწყებებში განხორციელებული რეაგირების შესახებ და მოძიებულ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოების მედია-საშუალებების მეშვეობით.