გთავაზობთ გაგრძელებას სტატიისას, სათაურით „თვალახვეული, თუ „დაბრმავებული თემიდა“, სადაც ვსაუბრობდით, როგორ წაართვეს მავანთ, ბელა კვანტალიანის ოჯახს კუთვნილი ბინა.

ბელა კვანტალიანი, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისიისადმი წერილობით მიმართვაში წერდა, რომ მათთვის წაართმეული ბინაზე, თავდაპირველად საჯარო რეესტრში ფიქსირდებოდა ნანა ვაშაძის წილობრივი საკუთრება, მოგვიანებით კი, ეს პერსონა ერთპიროვნულ მესაკუთრედ გვევლინება.
ერთი სიტყვით, ასე ხელდახელ შეძლეს წაერთმიათ ჩვენი ქონება და ამორალურად დაუფლებოდნენ მასო. პოლიციის მე-5 განყოფილებაში (მდებარე აღმაშენებლის გამზ. 113) მაიორმა მერაბ ოლქიშვილმა მითხრა, რომ აღნიშნული ბინა ჩვენ გვეკუთვნოდა, მოვა დრო და დაიბრუნებთო, მაგრამ ახლა თქვენი დაჭერა უნდათ და ფრთხილად იყავითო, ვინაიდან საბუთების გაყალბება საჯარო რეესტრში მომხდარა, რომელიც იმ პერიოდში მარჯანიშვილის მოედანზე მდებარეობდა, საქმე გამოსაძიებლად, ქვემდებარეობის წესით, ხსენებულ პოლიციის განყოფილებას გადაეცა.
ბელა კვანტალიანი: „მალევე ვაშაძეების ოჯახი მოგვივარდა სახლში (სადაც ახლა ვცხოვრობთ, ერთოთახიან ბინაში), დაიწყეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მე სახლის ზღურბლის მიღმა ფეხი არ გადამიდგამს, მაგრამ საექიმო სფეროში მომუშავეებს, არ გაუჭირდებოდათ ყალბი ცნობების აღება, თითქოს მათი ოჯახის წევრი ვცემე. საბოლოოდ მათი ჩანაფიქრი იყო ჩემი დაჭერა, მაგრამ მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძის ობიექტურობის გამო, ეს არ გამოუვიდათ. მოსამართლემ პროცესის ბოლოს მითხრა, რომ ნაგავს, რაც მეტად გავქექავდი, მეტი სუნი ექნებოდა, ამიტომ შევრიგებოდი სიტუაციას. „მე თქვენს მიმართ სიმპათიით ვარ განწყობილი“, ამბობდა მოსამართლე გაბრიჩიძე, რომელმაც ისიც მითხრა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს უნოდა, მე, როგორც ლექტორს, რეპუტაცია შემლახვოდა, რათა ლექციები ვერ წამეკითხა. ახალი წლის ღამე თენდებოდა, თან მცირეწლოვანი შვილი მახლდა, რომელსაც უნდოდა სასწრაფოდ წამეყვანა სახლში. გაოგნებული ვიყავი ამ უსამართლობით, მაგრამ მომიწია მოსამართლის სიტყვების გათვალისწინება.
ზემოაღნიშნულე ფაქტების შემდეგ, ჩვენმა მეზობლებმა მიმართეს გენპროლურატურას, მაგრამ უშედეგოდ. წარმოგიდგენთ სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის განჩინებასაც, სადაც კარგად ჩანს, როგორ მუშაობდა საქალაქო სასამართლო, ხელს უწყობდა თაღლითთა ჯგუფს. ჩვენს მიერ, 2005 წლის 12 აგვისტოს იქნა განცხაება შეტანილი საქალაქო სასამართლოში, ხოლო განჩინება მიღებული ჰქონდა 11 ააგვისტოს, ანუ ერთი დღით ადრე.
გამოძიებამ ჩემი მეუღლე დაზარალებულად ცნო ორ სისხლის სამართლის საქმეზე (N02062894, N1002358), ერთზე დღემე მიმდინარეობს ძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, მეორე კი ისე შეწყვიტეს, რომ არაფერი შეგვატყობინეს, არც დადგენილება გადმოუციათ ჩვენთვის. შემდეგ მოგვწერეს, რომ გადმოგვცეს, თითქოს ჩემმა მეუღლემ ჩაიბარა, რომელიც იყო მწოლიარე, მუდმივი პირველი ჯგუფის ინვალიდი და აზროვნებაც უჭირდა, აღრიცხვაზე იმყოფებოდა ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერში.
იმის მიუხედავად, რომ ტელეკომპანია პოს ტივიმ არაერთხელ გააშუქა ეს საკითხი, აქამდე არ გადადგმულა არცერთი ქმედითი ნაბიჯი საგამოძიებო უწყებების მხრიდან. ჩემს მიერ, ყველა მტკიცებულება იქნა წარდგენილი პროკურატურაში, 2019 წლის 9 ნოემბერს გავიდა პოსტვ-ის ეთერში სიუჟეტი ჩვენს საქმეზე, სადაც ტელეკომპანიამ დაადგინა ნათესაური კავშირი გიორგი ვაშაძესა(ნაცმოძრაობის წარმომადგენელი) და ნანა ვაშაძეს შორის. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ნანა ვაშაძემ უარყო გიორგი ვაშაძესთან ნათესაობა, ხოლო გიორგი ვაშაძემ დაადასტურა. ამასთან, ნანა ვაშაძე ამბობს, რომ თითქოს ჩვენსა და მას შორის გაიმართა სასამართლო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მოცემულ საქმეზე კიდევ ერთი სიუჟეტი მომზადდა 2023 წლის 15 იანვარს ამავე ტელევიზიის მიერ. ორივე სიუჟეტში საკმაო დოზითაა წარმოდგენილი, ინფორმცია აღნიშნულ საქმეზე, ხოლო პირველ სიუჟეტში ნათლად ჩანს ნანა ვაშაძის და გიორგი ვაშაძის თანამონაწილეობა მოცემულ საქმეში.
ჩვენმა ოჯახმა განიცადა, როგორც უდიდესი მატერიალური, ისე მორალური ზიანი (აღარაფერს ვამბობ, გამოსახლების დროს, ჩვენს დამტვრეულ ჭურჭელსა და დაკარგულ წიგნებზე). ამ თაღლითთა ჯგუფმა უნდა დაგვიბრუნოს არა მხოლოდ ჩვენს მიერ შეძენილი ბინა, ასევე უნდა აგვინაზღაურონ ის მორალური ზიანი, რომელიც მიადგა ჩვენს ოჯახს წლების განმავლობაში“.
ბელა კვანტალიანი ზემოხსენებული კომისიის წევრებს მიმართავს, უმორჩილესად გთხოვთ, შეისწავლოთ მოცემული საქმე და ხელი შეუწყოთ სამართლიანობის აღდგენასო.
პარლამენტარმა, აწ გარდაცვლილმა კობა დავითაშვილმა, რომელსაც ბელა კვანტალიანის ოჯახმა დახმარება სთხოვა, განცხადებით მიმართა საქართველოა გენერალურ პროკურატურას. მე ხელთ მაქვს გენპროკურატურის პასუხი პარლამენტარ კობა დავითაშვილისადმი (ასლი დაზარალებულ გიორგი მელაძეს), რომელიც 2005 წლის 25 ივლისით თარიღდება (N12-1.05.47მ), სადაც ვკითხულობთ.
„ბატონო კობა, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განხილული იქნა თქვენს მიერ გამოგზავნილი მოქალაქე გიორგი მელაძის განცხადება (ბელა კვანტალიანის მეუღლე), რითაც შპს „კავუნიტექსის ხელმძღვანელობას და ცალკეულ პირებს ამხელს კუთვნილი თანხების მოტყებით დაუფლებაში და უკმაყოფილებას გამოთქვამს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებათან დაკავშირებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ფინასური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის (სს-ის) საქმე N 1002358 მალხაზ მირცხულავასა და შუქრი კაკაურიძის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის (მითვისება ან გაფლანგვა)I ნაწილით, II ნაწილის ა, ბ, გ, დ ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის (თაღლითობა) I ნაწილით, II ნაწილის ა, ბ, გ ქვეპუნქტებით, III ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი: 1995 წლიდან, მალხაზ მირცხულავამ და შუქრი კაკაურიძემ დააფუძნეს შპს კავუნიტექსი“, რომლის პრეზიდენტიც გახდა მირცხულავა, ხოლო გენდირექტორი კაკაურიძე. სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია „კავუნიტექსს“ უნდა ეწარმოებინა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა თბილისის სხვადასხვა უბნებში საკუთარი და მოზიდელი სახსრების მეშვეობით. კომპანიის ხელმძღვანელები თბილისის ცენტრალურ უბნებში ეძებდნენ და უკავშირდებოდნენ ინდივიდუალური ბინათმშენებლობების მსურველ მოქალაქეებს, რომლებსაც უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდათ ამხანაგობები. მათ ხელშეკრულებები გააფორმეს ამხანაგობა „ჩიქოვანის 9/11“, „ჭიათურა-4“-ის და „სტუ 2-4“-ის ხელმძღვანელებთან და გადაწყდა თბილისში, ახალშენისა და ჩიქოვანის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიაზე, ამორტიზებული საბინაო ფონდის ლიკვიდცია და ბინათმშენებლობის დაწყება. ამხანაგობები შედგებოდა ადგილობრივი მოსახლეობისგან, რომელთა წინაშე „კავუნიტექსი“ იღებდა ვალდებულებას, ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების აშენებაზე და ბინებით მათ დაკმაყოფილებაზე. ერთობლივ კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ამხანაგობების გაერთიანების შესახებ და ჩამოყალიბდა ამხანაგობა „ხილიანი-96“, რომლის თავმჯდომარე არჩეული იქნა მალხაზ მირცხულავა.. კანონით დადგენილი ყველა დოკუმენტის მოპოვების შემდეგ, ზემოაღნისნულ ტერიტორიაზე აშენდა საცხოვრებელი სახლი. მალხაზ მირცხულავამ და შუქრი კაკაურიძემ განიზრახეს, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხებს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, კორპუსში განთავსებული თითოეული ბინა, ნდობის ბოროტად გამოყენებით , არაერთხელ გაყიდეს სხვადასხვა მოქალაქეებზე, ხოლო მიღებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
ჩადენილი დანაშაულისთვის, მალხაზ მირცხულავასა და შუქრი კაკაურიძეს წარედგინათ ბრალდება და აღკვეთის ღონისძიების სახით, შეეფერდათ წინასწარი პატიმრობა.
2007 წლის 27 აპრილს, მირცხულავასა და კაკაურიძის საქმე, 50 ეპიზოდში არსებითად განსა ხილველად წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში. ძირითადი საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო საქმე, დარჩენილ ეპიზოდებთან დაკავშირებით, რაზეც ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება.
წინასწარი გამოძიების პროცესში, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ზემოაღნიშნულ პირთა დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების, მათ შორის, გიორგი მელაძის მოთხოვნები და დაცული იქნება მათი კანონიერი ინტერესები“.
პარლამენტარისადმი გაგზავნილ პასუხს ხელს აწერს გენპროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი გ. ტუღუში
რატომ გამოყვეს ცალკე წარმოებად დარჩენილი ეპიზოდები, რომელშიც მოხვდა გიორგი მელაძის საქმეც, ან რა განაჩენი დადგა ზემოაღნიშნულ 50 ეპიზოდზე, ჯერჯერობით ვერაფერს მოგახსენებთ. ისე, არაერთხელ მომისმენია პროფესიონალი იურისტებისგან, რომ ძირითადი საქმიდან გამოყოფა, ხშირად „დანარჩენების“ თაროზე შემოდების მიზეზი გამხდარა. მით უმეტეს, რომ „ვარდოსნების“ ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, წინასწარი გამოძიების ვადები, განუსაზღვრელად გაიზარდა. თურმე ხელაღებით არ უნდა ვისაუბროთ, რომ ნაციონალებმა ხსენებული ვადები უვადოდ აქციეს. აბა, 19-წლიან „გამოძიებას“ რა დავარქვათ? ძნელია, არ დავეთანხმო ჩემს რესპონდენტ ადვოკატ ქალბატონს, თუ დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს, მაშინ შეწყვიტონ საქმე, თუ არა და რათ უნდა 19 წელი გამოძიებასო. დავინტერესდი, თუ დააკავეს მირცხულავა-კაკაურიძის წყვილი, როგორც ამის შესახებ აცნობა გენპროკურატურამ კობა დავითაშვილს. დაზარალებულ ბელა კვანტალიანის თქმით, ისინი მხოლოდ 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ დააკავეს მცირე ხნით, ოღონდ რომელ საქმეზე, ეს კიდევ საკითხავია. ფაქტია, ამ წყვილის გვარებმა 2013 წელს გაიელვა მედიასივრცეში, ოღონდ უკვე სხვა დასახელების კომპანიის სახელით. მასალების საბოლოო გაცნობამდე, თავს შევიკავებ თემაზე საუბრისგან.
(გაგრძელება იქნება)
მოამზადა მანანა სუხიშვილმა
599512824