
რატომ გვიძვირებდნენ ელექტროენერგიას ხელისუფლების მხრიდან სასათბურე პირობებში მყოფი, ზემოგებებზე მომუშავე ენერგოკომპანიები, რატომ არ მცირდებოდა საწვავის ფასი, მაშინაც კი, როცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მკვეთრად იკლებდა, ამ კითხვებით მივმართე დაახლოებით ათი წლის წინ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ანალიტიკოსს და შესაბამისი ინტერვიუ გამოქვეყნდა კიდეც პრესით. წლების მერე, ეს თემა კვლავ მწვავედ დადგა, ელექტროენერგიასსთან ერთად, უკვე ბუნებრივი აირის გაძვირების „აუცილებლობაზეც“ ალაპარაკდნენ ენერგომამები, თუმცა ეს პროცესი დროებით შეჩერდა. რამდენ ხანს გასტანს ეს „შეჩერება“, ახლო მომავალში გაირკვევა. ჩემს მაშინდელ რესპონდენტს, დღეს სერიოზული თანამდებობა უკავია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ოღონდ ვერაფერს მოგახსენებთ, რას ფიქრობს ელენერგიისა და გაზის გაძვირების ხელახლა წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ, პირველი კომპანია ენერგეტიკის სფეროდან, „თელასი“ გახლდათ, რომელიც თუ მეხსიერება არ მღალატობს, 1999 წელს გაასხვისეს ამერიკულ ეი ე ეს-ზე, თუმცა სადღაც 2-3 წელიწადში ამერიკელებმა „ბედკრული“ „თელასი“ რუსულ „რაო ეს“-ს გადაულოცეს. რა აუცილებლობით იყო გამოწვეული „თელასის“ თითქმის მუქთად გასხვისება, რა სარგებელი(?) მიიღო ამით ქვეყანამ, განსაკუთრებით კი თბილისელმა მომხმარებელმა, ვფიქრობ, ნაწილობრივ მაინც გავერკვევით.
რესპონდენტის განცხადებით, „იმ დროს, როდესაც სახელმწიფო კომპანია „თელასი“ საპრივატიზაციოდ გამოიტანეს, ენერგომომარაგების კუთხით, ქვეყანაში ძალიან დიდი პრობლემები გვქონდა და ლოგიკურად გამართლებული იყო მისი გასხვისება, თუმცა არსებობდა პრეტენზიები, ერთი შეხედვით გაბერილი ტარიფების მიმართ. რასაკვირველია, იყო კორუფციული გარიგების ნიშნები, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან დაკავშირებით, რაც ბევრ რაღაცაში გამოიხატებოდა, თუნდაც საპრივატიზაციო თანხა ავიღოთ. მოგეხსენებათ ძალიან საეჭვო ფასად, 25 მილიონ დოლარად გაიყიდა „თელასი“. როცა ძალზე გიჭირს, შეიძლება გიღირდეს შედარებით იაფად გაყიდვა, გარკვეულ დათმობებზე შეიძლება წასულიყვნენ, მაგრამ ასეთი დიდი კომპანია, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი, შეიძლებოდა უფრო მომგებიან ფასად გაყიდულიყო და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საინვესტიციო ვალდებულებები ჩადებულიყო“.
როგორც კარგად ინფორმირებულმა, სანდო წყარომ ახლახანს მაცნობა, 25 მილიონი დოლარი, სრულად არც შესულა ბიუჯეტში, რეალურად 23 მილიონი მივიღეთ, დანარჩენი თანხა „გაუთვალისწინებელ დანახარჯებს“ მოხმარებია. 25 მილიონი დოლარი, მხოლოდ ერთი ქვესადგური ღირდა, ამათ კი ამ არასრულ მიზერში, დანარჩენი ქვესადგურები, გადამცემი ხაზები და ა.შ. უბოძეს ამერიკულ ენერგოკომპანიასო. „ავ ენებს“ თუ დავუჯერებთ, ამერიკელებს 4 მილიარდ დოლარად გადაუყიდიათ „თელასი“ თავისი „მომყოლებიანად“ რუსებზე, თუმცა ოფიციალურ ხელშეკრულებაში თურმე ფასი 25 მილიონის ფარგლებში მერყეობს.
რაც შეეხება ენერგოპროს შემთხვევას, რესპონდენტის თქმით, აქაც ძალიან ბევრი კითხვებია კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით. სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, პრივატიზაციამდე საეჭვოდ გაზარდა(თითქმის გაორმაგდა) ელექტროენერგიის ტარიფი, თუმცა ეს საკითხი გასაიდუმლოებულია (ისე, ძალზე საინტერესოა, ახლა მაინც თუ „განსაიდუმლოვდა“ ეს საკითხი – მ.ს.), ხელშეკრულება არ საჯაროვდება, რაც ასევე ბევრ კითხვას ბადებს და ისინი იქამდე იარსებებს, სანამ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. „თელასის“ აქციების 75%-ს რუსული „ინტერ რაო“ ფლობს და იქიდან გამომდინარე, რომ ელენერგიის იმპორტის კუთხით, რუსეთზე ვართ დამოკიდებული, საშუალება არ გვეძლევა, გარკვეული მოთხოვნები დავაყენოთო.
ფაქტია, ელენერგიის გაძვირება მძიმედ დააწვებოდა მაშინაც და ახლაც ჩვენს ისედაც ეკონომიურად შეჭირვებულ მოსახლეობას, რომელიც გულისწყრომას გამოთქვამდა(და გამოთქვამს) ხელისუფლების, განსაკუთრებით კი, სემეკის მიმართ, რომელიც ტარიფის გაზრდას, ყოველთვის აუცილებლობით ხსნიდა. ანალიტიკოსის მხრიდან, ამ ყვლაფერს ასეთი ახსნა ჰქონდა, რომ ტარიფი რთული მეთოდოლოგისაა, რამდენიმე კომპონენტისგან შედგება – ელენერგიის შესყიდვა, განაწილება-დისტრიბუციას ცალკე შესასყიდი ფასი აქვთ. სემეკმა ენერგოკომპანიებს ელენერგიის შესასყიდი და სადისტრიბუციო თანხა, დახლოებით სამი თეთრით შეუმცირა, რამაც მოახდინა ასე ვთქვათ, ოქროს შუალედის დაჭერა. აქედან გამომდინარე, დღეს სახეზე გვაქვს ყველაზე ოპტიმალური ტარიფი. არსებობს გარკვეული მოსაზრება იგივე პოლიტიკოსების მხრიდან, რომ ტარიფი საერთოდ არ უნდა გაზრდილიყო. იმ შემთხვევაში, თუ ტარიფი არ გაიზრდებოდა, საკმაოდ დიდი პრობლემები შეიქმნებოდა ენერგოსექტორში, ენერგოკომპანიებს ელექტროენერგიის შესყიდვის პრობლემა შეექმნებოდათ და დენის გრაფიკით მიწოდების საკითხი დადგებოდა. გაზრდილი ტარიფის ფონზე, გრაფიკის და მსგავსი სახის გართულებაზე საუბარი თითქმის გამორიცხულია, რადგან კომპანიებს ნორმალურად ფუნქციონირების გარემო შეექმნათ. სემეკმა მათ ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული დენის შესყიდვის ტარიფი, უცვლელი დაუტოვა. თელასს 2015 წლის სექტემბრიდან, 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, 3,3 მილიარდი კვტ/სთ ელენერგიის შესყიდვა უნდა მოეხდინა, როგორც ჰესების და თბოელექტროსადგურების გამომუშავებული, ისე იმპორტი(8%), რომელსაც ძირითადად, რუსეთიდან ვიღებთ. ამ კომპანიებს, მხოლოდ თბოელექტროსადგურის გამომუშავებულ დენსა და იმპორტზე გაეზარდათ ტარიფი, რაც 2017 წლის 1 იანვრამდეა დადგენილი.
„თელასი“ 1.3 მლრდ კვტ/სთ დენს ყიდულობს ჰესებიდან, დანარჩენი, ანუ უფრო დიდი წილი, თბოელექტროსადგურის გამომუშავებულსა და იმპორტზე მოდის, რადგან ზამთარში მთლიანად ამ ელენერგიაზე ვყოფილვართ დამოკიდებული. ზამთარში ჰესები ნაკლებ ელენერგიას გამოიმუშავებენ. ამგვარი ელენერგიის შესასყიდი ფასის გაზრდა, ლარის კურსის რყევამ გამოიწვია. ყოველ შემთხვევაში, მე სხვა მიზეზს ვერ ვხედავო. ისე, საინტერესოა, ენერგოკომპანიებს თუ მხოლოდ ზამთარში უწევთ შედარებით ძვირი დენის შესყიდვა, მაშინ მთელი წლის განმავლობაში რატომ იხდის მომხმარებელი ერთი და იგივე ფასს, ან რამდენად სამართლიანია, ე.წ. საფეხურობრივი ტარიფის შემოღება, რაც ასევე გულისწყრომას იწვევდა და იწვევს მომხმარებლებში?!
(გაგრძელება იქნება)