ვინ და როდის უშველის ნაცრეჟიმის მიერ ,,დაჩეხილ” სს-ის კოდექსს?!

Spread the love

   იმ პოზიციას, რომ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდის სასამართლო, პოლიცია-პროკურატურა და სხვა უწყებები, გაცილებით უფრო მეტს პასუხისმგებლობას ავლენდნენ მედიის, ადვოკატებისა და მოქალაქეების მიმართ, გარკვეულწილად ადვოკატები და უფლებადამცველებიც ეთანხმებიან. სამწუხაროდ, ეს შედარება ნაციონალების შემდგომ პერიოდსაც ეხება, სააკაშვილის რეჟიმის დროს რაც ხდებოდა, ამაზე უკვე აღარაფერს ვამბობ.

  ცნობილი უფლებადამცველის, ადვოკატ  გიორგი თევზაძის განცხადებით, ვერ ვიტყვით, რომ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, ყვაოდა დემოკრატია და მართლმსაჯულება, მაგრამ  შემდეგ რა ვითარებაც იყო, შედარება არ შეიძლება. შევარდნაძის დროს, კოდექსი მაინც აძლევდა ადვოკატებს იმის საშუალებას, რომ სამართლებრივად ებრძოლათ, პარალელურად მოსამართლესაც ჰქონდა იმის საშუალება, რომ ბოლომდე გამოეყენებინა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებაო.

  გიორგი თევზაძე: როგორ მოვთხოვოთ მოსამართლეს ის, რაზეც ბერკეტი არ გააჩნია. მას ერთადერთი შეუძლია – მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება.  პროკურატურა სასჯელს აღარ ითხოვს, უკვე მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის ნაწილში. ბრალდებული სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების იმედზეა დარჩენილი. მოსამართლეს მეტი ბერკეტი უნდა მიეცეს, რომ მან სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს და აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ. სისხლის სამართლის კოდექსით (სსკ) ძალზე ბევრი საკითხი რეგულირდებოდა, მოსამართლეს ბევრად მეტი უფლებები ჰქონდა, ვიდრე დღეს. სს-ის კოდექსში იყო ცალკე 55-ე მუხლი, რომელიც მოსამართლეს უფლებას აძლევდა, სასჯელის მინიმუმზე ნაკლები სანქცია თავად განესაზღვრა განსასჯელისთვის. მას შეეძლო შეესწავლა განსასჯელის პიროვნება, მისი წარსული, გაეთვალისწინებინა მისი წარსული საქმიანობა და დამსახურება, ერთი სიტყვით, მისი პიროვნული მახასიათებლები შეესწავლა და აქედან გამომდინარე, პროკურატურისგან დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება. ვთქვათ, გარკვეულ დანაშაულზე იყო სანქცია 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთა, მოსამართლეს შეეძლო სამ წელზე ნაკლები ვადით პატიმრობა შეეფარდებინა, ან პირობითი სასჯელი, ანდა გაუსვლელობა და ა.შ. ახლა მოსამართლეს ეს უფლება წართმეული აქვს, რადგან მიშა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ფაქტობრივად შეიცვალა სსკ-ში და საპროცესო კოდექსშიც ის მუხლები, რომელიც ამ საკითხს არეგულირებდა. კერძოდ, სს-ის კოდექსიდან ამოიღეს 55-ე მუხლი და შემოიღეს საპროცესო შეთანხმება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურასა და ბრალდებულს შორის ხდება ფაქტობრივად, გარიგება სასჯელის პირობებზე. ბრალდებული მიიღებს ბრალდების მხარესთან შეთანხმებულ სასჯელს, ეს შესაძლებელია იყოს სასჯელის მინიმუმზე ნაკლები, ამ მხოლოდ პირობითი სასჯელი, ანდა მარტო ჯარიმით შემოფარგლოს ბრალდების მხარე. გარიგებაში იგულისხმება ბრალის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა და ა.შ.   საბოლოოდ, ეს შეთანხმება კი მოსამართლემ უნდა დაამტკიცოს, თუმცა კანონმდებლობაში ასევე არის დათქმა, რომ მოსამართლეს შეუძლია უარი თქვას დამტკიცებაზე. ეს ძირითადად, იმ შემთხვევაში ხდება, თუ ეჭვი გაჩნდა, ძალდატანებითი ხომ არ არის ეს გარიგება, რამდენად სრულად განხორციელდა კონკრეტული ბრალდებულის მიმართ დაცვა და ინფორმირება საპროცესო შეთანხმების დადებისას.

  ვფიქრობ, აუცილებლად უნდა აღდგეს სს-ის კოდექსში 55-ე მუხლი, სასამართლო მხოლოდ არბიტრაჟის როლში არ უნდა იყოს, მოსამართლეს გარკვეული ბერკეტები უნდა გააჩნდეს. მოგეხსენებათ, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, მოსამართლე ფაქტობრივად ნოტარიუსი იყო, თუმცა სხვაობაც იყო, რაც მოსამართლეს უფრო აკნინებდა. ნოტარიუსი ფაქტს მაინც ამტკიცებდა, ხოლო მოსამართლეს სამწუხაროდ, პროკურორის მიერ სასამართლო პროცესზე მიტანილ შუამდგომლობას ადასტურებდა, რომელიც ამ პროკურორს თავადაც არ ჰქონდა ბოლომდე წაკითხული და ზოგჯერ პროცესზე ეცნობოდა. ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე სასამართლო პროცესებში მონაწილე ადვოკატებს ისეთი შთაბეჭდილება გვექმნებოდა, რომ მოსამართლე ავტომატურად ამტკიცებდა შუამდგომლობებს. მეტსაც გეტყვით, ყოფილა შემთხვევა, როცა ადვოკატებს პროკურორისთვის ისეთი კონტრშეკითხვა დაგვისვამს, რაც მოსამართლეს არ დაუსვამს, პროკურორები ფაქტობრივად ვერ გვცემდნენ პასუხს, დაიბნეოდნენ ხოლმე, არ იცოდნენ რა ეპასუხათ, რადგან საქმეს ბოლომდე არც კი სწავლობდნენ. აი, ზუსტად ეს იყო უბედურება. 2012 წლის შემდეგ, არსებული ვითარება გარკვეულწილად შეიცვალა, ამის დაუნახაობა არ შეიძლება, ობიექტურები უნდა ვიყოთ ყველა, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლომდე მაინც ვერ გამოსწორდა. ვიმეორებ, სასამართლო მიდგომები აშკარად შეცვლილია, დგება მხოლოდ შედარებით მსუბუქი კი არა, გამამართლებელი განაჩენებიც. ერთ-ერთ განსასჯელს, რომლის ინტერესებსაც მე ვიცავდი სსკ-ის 180-ე მუხლის (თაღლითობა) რამდენიმე ნაწილი ჰქონდა წარდგენილი, მძიმე ბრალდებები, მაგრამ მოსამართლე ლია ორკოდაშვილმა სრულად გაიზიარა დაცვის პოზიცია და მიიღო ძალზე დადებითი გადაწყვეტილება, უფრო ზუსტად, სამართლიანი გადაწყვეტილება, განსასჯელს მხოლოდ ჯარიმა შეუფარდა. ასე რომ, არის შემთხვევები, როცა მოსამართლე გარკვეულწილად ობიექტურად უდგება საკითხს, ქალბატონი ორკოდაშვილის გადაწყვეტილებაც ეს შემთხვევაა”.

  სოციალურ ქსელებს თუ თვალს გადავავლებთ, ყველა ითხოვს ცილისმწამებლების, აქ იგულისხმებიან ჟურნალისტებიც, მკაცრად დასჯას. ამ დროს, რამდენადაც ვიცი, სს-ის კოდექსში აღარც ეგ მუხლია და საუბედუროდ, აღარც სამშობლოს ღალატია დასჯადი. ცილისწამების დაუსჯელობა, ხომ ყოველგვარი დაუსაბუთებელი სიბინძურის ფრქვევის საშუალებას აძლევს მავანთ.

  ზუსტად მაგას ვამბობ, სს-ის კოდექსიდან ბევრი ძალზე მნიშვნელოვანი მუხლი იქნა ამოღებული სააკაშვილის მმართველობის დროს, იგივე ცილისწამების მუხლიც.  მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ ნაცმოძრაობის მმართველობის დროს, ,,დაიჩეხა” სისხლის სამართლის კოდექსი და მისი შესაბამისი საპროცესო კანონმდებლობა. შევარდნაძის მმართველობის დროს, კანონში იყო ასეთი ჩანაწერი, რომ მოსამართლე პასუხს აგებდა კანონშეუსაბამო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის. ეს ნორმაც ამოიღეს მიშა საკაშვილის მმართველობის პერიოდში, ასე რომ, ნაციონალების მმართველობის დროსაც და ახლაც, მოსამართლე დაუსჯელად გრძნობს თავს. თან უვადოდ დანიშნული მოსამართლეები გვყავს. საქართველოში ჩამოსული იყო აშშ-ის ერთერთი შტატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. მას რომ ვკითხე, როგორ შეაფასებდა მოსამართლის მუდმივად დანიშვნის პრაქტიკას, მიპასუხა, რომ ეს დადებითი შედეგის მომტანი არ იქნებოდა. გამორიცხულია, არ დაეთანხმო ამ ადამიანს.

  პ.ს.-ის მაგივრად წერილის ავტორისგან: მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა კი ,,დაჩეხა” კანონმდებლობა, მაგრამ თქვენ რვა წელზე მეტი რას ელოდებით ,,ქართულო ოცნებავ”?! მარტო უფლებადამცველები (არ ვგულისხმობთ უცხოურ გრანტებზე გალაღებულ ,,ენჯეოშნიკებს) და ადვოკატები კი არა, მთელი საღად მოაზროვნე საზოგადოება მოგიწოდებთ გამოასწოროთ ეს შეცდომა თუ დანაშაული. აღადგინოთ კანონმდებლობაში, ,,უპრაგონოდ” გაუქმებული მუხლები, აღარ დადგა დრო, რომ ყველა ბინძურმა ცილისმწამებელმა თუ სამშობლოს მოღალატემ, მკაცრად აგოს პასუხი კანონის წინაშე, ზუსტად სისხლის სამართლებრივი კუთხით.