საზღვაო ფლოტის არმქონე ქვეყნის, ფრიად ,,ძვირადშესანახი” საზღვაო სააგენტო

  სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი ირაკლი ჯანყარაშვილი წლებია წერს იმ განუკითხაობის შესახებ, რაც თურმე საზღვაო-სატრანსპორტო სააგენტოში სუფევს. ამ უწყებას თამარ იოსელიანი ხელმძღვანელობს, რომელიც ირაკლი ჯანყარაშვილის თქმით, ,,მამალი” ნაციონალის, ,,ყარიბ” სააკაშვილის მეგობრის ლევან ვარშალომიძის უახლოესი წრის წარმომადგენელი ბრძანებულა. ნაციონალები გასაგებია, მაგრამ ,,მეოცნებეებმა” რა დამსახურებების გამო დატოვეს ეს ქალბატონი სააგენტოს ,,ლიდერ-შიფში” და შემდგომ დააწინაურეს კიდეც, ბურუსითაა მოცული. ეს უბრალო მოკვდავთათვის თორემ, თუ ირაკლი ჯანყარაშვილს დავუჯერებთ, სააგენტოს შეფიანად დაწინაურებულ იოსელიანს, ,,ქართულ ოცნებაშიც” გამოსჩენია გავლენიანი მფარველები. შემოგთავაზებთ ირაკლი ჯანყარაშვილის მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ ინფორმაციებს, რაც ბუნებრივია ჩვენთანაც გაიმეორა.

  ირაკლი ჯანყარაშვილი: ,,2018 წლის 25 ივნისს, როდესაც გემი ,,კადეტი” ზღვაში გაუშვეს, თამარ იოსელიანმა მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი ბახტაძეს, საჯაროდ ათქმევინა ტყუილი, რომ თითქოს ეს გემი შეძლებდა ქართველი მეზღვაურების ეკიპაჟით, საერთაშორისო ნაოსნობაში გაცურვას. არადა, ის ვერასოდეს გავა ამგვარ ნაოსნობაში, რადგან მისი ტექნიკური მონაცემები არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს. ,,კადეტი” პირველ დღეს რომ გაუშვეს ,,შორეულ” ნაოსნობაში და გონიოში გაჩერდა, თამარ იოსელიანს მეორე დღესვე შეუტია ვასილ ურუშაძემ და საჩივარიც კი შეიტანა პროკურატურაში. იოსელიანს რომ ,,გაეპრავებინა” გონიოს კლდეებთან გადამალული გემის ვითომდა ვარგისიანობა, ზეპირი ბრძანება გასცა, რომ გემს სანაპიროდან ორი მილის დაშორებით გაეცურა, ანუ დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორიული წყლები, გადაეკვეთა საზღვარი. გემზე იმყოფებოდნენ მისი კაპიტანი და 22 სტაჟიორი კურსანტი, იოსელიანმა საზღვრის უკანონო კვეთა განახორციელებინა. ამას გარდა, ამ ქალბატონმა გემზე მყოფი ეკიპაჟი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობაში ჩააგდო, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაწირა. ამ დარღვევაზე კი რეაგირება არ მოუხდენია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის სამსახურს, როცა ისინი გასაბერი ნავების მფლობელებსაც კი მყისიერად აჯარიმებენ ადმინისტრაციული წესით, თუ მათ ნებართვა არ აქვთ. ზოგიერთ გასაბერ ნავს, რომელიც შეიძლება ბაზრობაზე იყიდებოდეს, რეგისტრაცია ჭირდება, თორემ რეგისტრაციის გარეშე თუ ჩაუშვებ ზღვაში, ხსენებულ სამსახურს შეუძლია დაგაჯარიმოს. როცა ამხელა გემი საზღვარს უკანონოდ კვეთავს და შსს რეაგირებას არ ახდენს, რა უნდა ვიფიქროთ?! მათ მინიმუმ უნდა დაეკავებინათ გემი, მასზე მყოფი სტაჟიორ-კურსანტები კი, თავიანთი კაპიტნიანად საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო  უნდა დაეჭირათ.

  კულუარებში ამბობენ, რომ ეს არის სისტემური დანაშაული, თავის მხრივ, თამარ იოსელიანსაც აქვს შეთხზული სისტემური ,,ლეგენდა”, ეს ფაქტი ვინმემ რომ გამოიძიოს, საქართველო საერთაშორისო სკანდალში გაეხვევაო. ყველაფერი ძალიან მარტივია, იოსელიანმა მხოლოდ საკუთარი სურვილ-მოთხოვნილების საფუძველზე ჩაიდინა საკადრო დანაშაული, რომელიც მხოლოდ სანახაობასა და პიარს ემსახურებოდა. სხვათა შორის, იმ დღეს არცერთმა გემის კაპიტანმა არ გააკეთა კომენტარი, რადგან ყველასთვის ნათელია, რა სამარცხვინო დანაშაული ჩაიდინა ამ კაპრიზებიანმა ქალმა. ,,ავ ენებს” თუ დავუჯერებთ, იოსელიანი თურმე თანამშრომლებში იმასაც იბრალებდა, პრემიერი ბახტაძე ჩემი თაყვანისმცემელიაო, გამოდის, ამ კეკლუცობის ცერემონიალს კინაღამ შესწირა საცოდავი სტაჟიორების სიცოცხლე. შეიძლება უხეშად გამომდის, მაგრამ ეს ქალი არის კაცივით ბოროტი და ყველაფერზე წამსვლელი. ეს ფაქტები გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს მოხდა, ამ უწყების გენინსპექციის უფროსი ალეკო ხოჯევანიშვილი გახლდათ, რომელიც თამარ იოსელიანის რეკომენდატორი ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, იოსელიანი და წილოსანი თავს ხოჯევანიშვილის კადრებად ასაღებდნენ და თანამშრომლებში ხმებს ავრცელებდნენ (რამდენიმე კაპიტანთან საუბარში), რომ თამარ იოსელიანს ვერავინ შეუქმნიდა და შეუქმნის პრობლემას. იოსელიანის თაობაზე, თურმე რუსეთიდან  წარმოშობით ბათუმელ შალვა ბრეუსსა დაურეკავს, რომელიც რუსეთში ,,მოღვაწე” ოლიგარქია.

  არსებული ქაოსი და დანაშაულებრივი პროცესები, მოტყუებული ხალხი და პირში ჩალაგამოვლებული ამომრჩეველი, ისევ ნაცების ნარატივი სამსახურებში და დაშინებული საზოგადოება, ეს არის შედეგი ხელისუფლების უმაღლეს წრეებში არსებული გარკვეული დაჯგუფებების ქმედებებისა. ჩვენ იმ დანაშაულობების მხოლოდ მეასედი ნაწილი გავასაჯაროეთ, რაც საზღვაო-სატრანსპორტო სააგენტოში ხდება რომელიღაც 3-4-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ. ეს ინფორმაციები,  წარმოადგენს სამართლებრივ საფუძველს, რომ მინიმუმ მოკვლევის საგანი მაინც გახდეს. ათეულ ათასობით ლარია გახარჯული იოსელიანის ,,შოუებზე”, ბანკეტებზე, პიარზე, შედეგი – ბოლომდე განადგურებული საზღვაო ინდუსტრია. 11.000 მეზღვაურის ვითომდა მოსყიდვა, რაღაც სარეკლამო საიტებითა და ცრუ შეკრებებით. ტყუილში გახვეული ეკონომიკის სამინისტრო, რასაც კარგად ახერხებს იოსელიანი-აბაშიძე-წილოსანის ტრიო. ასობით ტაბუდადებული თემა, რომელიც თანამშრომლების დაშინების, შეურაცხყოფისა და ზოგჯერ შანტაჟის მეშვეობით ხორციელდება. ჩაკეტილი, პენიტენციური სისტემისთვის დამახასიათებელი პროცესები, რომლის სააგენტოს კედლებს მიღმა გამოტანა, თანამშრომლების შეურაცხყოფას და ათას სიბინძურეს იწვევს. აუცილებლად დადგება ამ ჩინოსნების დასჯის დრო და ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც საგამოძიებო ორგანოებს მივაწოდებთ ინფორმაციებს და ფაქტებს, რათა მკაცრად დაისაჯოს დამნაშავეთა წრე. თუ სამართალს ზეობა უწერია, პირობას ვდებთ, რომ ეს ხალხი  ორციფრიანი ნიშნულის ვადით აღმოჩნდება ციხის კედლებში. მათ მინიმალური ავტორიტეტი და თანამშრომლების პატივისცემა არ აქვთ, რომ ამ უკანასკნელთ უთანაგრძნონ და გამოესარჩლონ იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც გავაჟღერეთ. მხოლოდ ხვეწნა-მუდარისა და ზოგჯერ დაძალების მეშვეობით ახდენდა სააგენტოს ხელმძღვანელობა თითო-ოროლა ადამიანის დაყოლიებას, რომ მათი დასაცავი კომენტარები გამოექვეყნებინათ სოციალურ ქსელში.

  ჩვენ ხელთ გვაქვს პირადი მიმოწერები ამ კომენტარების ავტორებთან, რომლებიც აღიარებენ როგორ ურეკავდა მათ თამარ იოსელიანი და ისტერიულად სთხოვდა, რომ შეფობის სასიკეთო კომენტარი დაეწერათ, როგორ აიძულებდა ეს მათთვის საძულველი ქალი ყველას, რომ სოციალურ ქსელში ჩვენთვის პაექრობა გაეწიათ. აბა ისე ვინ დათანხმდებოდა თამარ იოსელიანის და მისი გუნდის ,,გაპრავებას”, როცა სახეზე გვაქვს საჯაროდ მოტყუებული, ჩვენი ,,კარგი” ექს-პრემიერი ბახტაძე, სულში ჩაფურთხებული მეზღვაურები, რომლებსაც იოსელიანი და მის მარჯვეა ხელი ივანე-ვანიკო აბაშიძე პრიმატინდივიდებად მოიხსენიებენ. თურმე ამ მეზღვაურების ადგილი ხმელეთზე, საზოგადოებაში არ არის, მხოლოდ წყალში უნდა იყვნენ და ვციტირებთ, ,,ტ..ნა და შიმშილი” არ უნდა მოაკლდეთ. საჯაროდ მივმართეთ სააგენტოს თანამშრომლებს, რომ იქნებ ყოფნოდათ გამბედაობა და სულის სიმტკიცე, ხმა ამოეღოთ ხმა, არ მიეცეთ ამ დანაშაულებრივ წრისთვის, თავიანთი პასუხისმგებლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების უფლება-საშუალება, რადგან სულ მალე დადგებოდა განაჩენის დღე. მერე თქვენი ,,გოდება” გოდება, რომ ძალით და მოტყუებით გაწერინებდნენ ხელს ,,უფროსობა”, კანონის წინაშე უძლური იქნება-თქო.

                            მოამზადა მანანა სუხიშვილმა