მართლმსაჯულებას ეშველება რამე?!

  ცნობილი უფლებადამცველის, ადვოკატ გიორგი თევზაძის განცხადებით, სამწუხაროდ, კვლავ არის შემთხვევები, როცა ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო სამართლის საქმეებზე, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ირგვლივ, მოქალაქეებში ჩნდება კითხვები, რამდენად სამართლიანი გადაწვეტილება იქნა მიღებული, კონკრეტული საქმის განხილვისას. შემდეგ ამით ფასდება ქვეყანაში სამართლიანი მართლმსაჯულებისა და სასამართლოს რეიტინგი, რამდენად ეიმედება მოქალაქეს, რომ მისი უფლებები ზედმიწევნით იქნება დაცული სამართლიანი სასამართლოს მიერ.

  გიორგი თევზაძე: მოქალაქე, ეს იქნება მოსარჩელე, მოპასუხე თუ კასატორი, თავისი უფლებების განხორციელებას თუ ვერ შეძლებს და ვერ მიიღებს სამართლიან მართლმსაჯულებას, განსაკუთრებით მაშინ არის შემაშფოთებელი, როცა საქმე უზენაეს სასამართლოს ეხება, რომელიც მართლმსაჯულების ბოლო ინსტანციას წარმოადგენს, რამდენსაფეხურიანი რეფორმაც არ უნდა ჩატარდეს, შედეგი შესაძლოა, მაინც ეჭვის ქვეშ დადგეს. დავუშვათ, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა სამართლებრივი შეფასებისას შეცდომა დაუშვეს, უზენაესი სასამართლო ვალდებულია ეს შეცდომები გამოასწოროს. რაოდენ შემაშფოთებელია, ზოგჯერ მოქალაქე უზენაესი სასამართლოსგან სამართლიან მართლმსაჯულებას ვერ იღებს, იმიტომაც ჩნდება ლეგიტიმური კითხვა, არის თუ არა, სამართლიანი სასამართლო და მართლმსაჯულება საქართველოში. თუ შევისწავლით ზოგიერთ სასამართლო გადაწყვეტილას, მათი ნაწილი კითხვებს ბადებს, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას, ხომ არ არის უგულებელყოფილი კანონის ელემენტარული ნორმა და აცდენილი ხომ არ არის, ერთიან სასამართლო პრაქტიკას. სამწუხაროდ, ეს შემდგომ, მოსახლეობაში სამართლიანობის მიმართ იმედგაცრუებას ამკვიდრებს.

  მაგალითისთვის ერთ საქმეს მოვიყვან, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატამ (მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე), ალექსანდრე წულაძე და ნუგზარ სხირტლაძე) გასული წლის 17 დეკემბერს, ძალაში დატოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მიერ 2019 წლის ივნისის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოში ამ საქმეს, ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე), ნინო ქადაგიძე და შორენა ყაველაშვილი იხილავდნენ. საქმე იმაშია, რომ ეს საქმე უზენაეს სასამართლოს განხილული ჰქონდა და უკან დაუბრუნა სააპელაციოს გარკვეული მითითებებით, რომ ხელახლა განეხილათ. ამ უკანასკნელთ კი, დაბრუნებული საქმე ისე განიხილეს, რომ ფაქტობრივად სრულად არ გაითვალისწინეს, კანონშესაბამისი, დასაბუთებული მითითებები უზენაესი სასამართლოს განჩინებისა. მათ მანამდე მიღებულის ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს, რაც, როგორც გითხარით, მეორე კასაციის დროს, უკვე უზენაესმა სასამართლომაც ძალაში დატოვა. უფრო კარგად გასაგები რომ იყოს, რაზე ვსაუბრობთ, ცოტა მეტი კონკრეტიკა რომ შევიტანოთ. ამ საქმეში საპროცესო მხარეებს წარმოადგენდნენ მოსარჩელე მოქალაქე, მოპასუხე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირებად ჩართულები იყვნენ, დროებითი ამხანაგობის წევრები, თანამესაკუთრეები. საჯარო რეესტრმა კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, რაც მოქალაქემ პირველ ინსტანციაში გაასაჩივრა. მოსამართლე ქეთევან დუგლაძემ ძალაში დატოვა ეს გადაწყვეტილება, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გააუქმა. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა ზემდგომ ინსტანციაში. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულმა საკასაციო პალატამ იმსჯელა ამ საქმეზე, მომხსენებელი მოსამართლე მაია ვაჩაძე, განჩინებით გააუქმა და ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს. დანარჩენი უკვე გითხარით.

  საქმეში არსებული მასალების სრულად შესწავლისა და ურთიერთ შეჯერების შედეგად, თავად საქმე და მასზე მიღებული გადაწყვეტილება, გარკვეულ სამართლებრივ კითხვებს აჩენს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც გითხარით, ხელს აწერენ ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე და შორენა ყაველაშვილი. მათ გვერდი აუარეს დასაბუთებულ, კანონშესაბამის მითითებებს და მიიღეს გადაწყვეტილება, რითაც უარი უთხრეს საჯარო რეესტრსა და მესამე პირებს სამართლიან მოთხოვნაზე. აღსანიშნავია, კიდევ ერთი გარემოება, როგორც ამ საქმეში მონაწილე ადვოკატები აცხადებენ, გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა ერთ-ერთი კასატორის მიმართაც, რომელიც სასამართლო წარმოების დროს გარდაიცვალა, 2020 წლის 19 ნოემბერს, ხოლო უზენაესმა სასამართლომ  გადაწყვეტილება გამოიტანა 2020 წლის 17 დეკემბერს. ადვოკატებმა ინფორმაციის მიღებისთანავე, 23 დეკემბერს, განცხადებით და დადგენილი წესით აცნობეს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატას (მოსამართლეები თამარ ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე და ნუგზარ სხირტლაძე). სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობის შესაბამისი მუხლის თანახმად,  სასამართლოს განცხადება 10 დღის ვადაში უნდა განეხილა, წარმოებაში მიღების შესახებ, თუმცა ყოველგვარი ვადების დარღვევით განიხილეს. ზემოხსენებულმა მოსამართლეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რითაც დაუშვებლად მიიჩნიეს განცხადება, ოღონდ გასაოცარი ის იყო, რომ მოსამართლეებმა გარდაცვლილი კასატორის სავარაუდო მემკვიდრის მიმართვის შემთხვევაშიც, წინასწარი უარი დააფიქსირეს განჩინებაში, ანუ ამით მხარეს წაართვეს საპროცესო უფლებების განხორციელების საშუალება. ამის შემხედვარე, ადვოკატები უკვე რიტორიკულადაც აღარ კითხულობენ – მართმსაჯულებას ეშველება რამე?!…

  ვფიქრობთ, აღნიშნული საქმე უდავოდ უნდა იქცეს ფართო მსჯელობის საგნად, რათა საზოგადოებამ თვალნათლივ დაინახოს, რას ნიშნავს მართლმსაჯულება, რომელიც პირდაპირ კავშირშია მოქალაქის კანონიერი უფლებების დარღვევასთან. ყველას უნდა მოეხსენებოდეს, ვისაც პრეტენზია აქვს იყოს მართლმსაჯულების ფერხულში, რომ მთავარი გამოწვევა, მით უმეტეს სასამართლოში, არის ნდობა. უზენაესი სასამართლო არის მართლმსაჯულების პოლიტიკის განმსაზღვრელი და მიმართულების მიმცემი ორგანო, ერთგვარი სასამართლო პრაქტიკის ჩამომყალიბებელი, სამართლიანი წესების დამდგენი და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ინსტანციას. უზენაესი სასამართლოს პოზიციის ასეთი იგნორირება, რაც სააპელაციო სასამართლოს ადმინასტრაციულმა პალატამ მოახდინა, სწორი, სამართლიანი მითითების შეუსრულებლობა, საზოგადოებაში აკნინებს უზენაესი სასამართლოს როლს, ხოლო მართლმსაჯულებისა და სასამართლოს მიმართ, ნდობას.