უფლებადამცველი გიორგი თევზაძე, საქართველოს მოსახლეობას ამ ისტორიული თარიღს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის დღეს ულოცავს. მოგეხსენებათ, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში, კერძოდ, 1987-88 წლებში დაიწყო. გიორგი თევზაძე ამ მოძრაობის დაწყებიდანვე აქტიურად იყო ჩართული, ,,წმინდა ილია მართლის საზოგადოების” წევრი გახლდათ, რომელსაც მერაბ კოსტავა ხელმძღვანელობდა. ბატონი მერაბის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ კი ზვიად გამსახურდია. ,,წმინდა ილია მართლის საზოგადოება”, ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია იყო ბლოკ ,,მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოსი”. გიორგი თევზაძე 1987 წლიდან ხელმძვანელობდა ხსენებულ ორგანიზაციაში არსებულ ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფს, ხოლო შემდეგ იყო, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. დღეს ყველა უფლებადამცველობას იბრალებს, მსუყე გრანტების სანაცვლოდ, ებრძვის ყველაფერ ეროვნულსა და ტრადიციულს, თუმცა რატომღაც ყველა ე.წ. ქართული ტელევიზიის ,,სასურველი” სტუმრები არიან. ის ადამიანები კი, რომლებიც იმ პერიოდიდან იბრძოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვისთვის, როცა ამ უფლებებზე საუბარიც კი საშიში იყო, ხშირად ,,ელიტარების” ყურადღების მიღმა, გარკვეულწილად ჩრდილში რჩებიან. სწორედ, ამ ნამდვილი, მებრძოლი უფლებადამცველთა წარმომადგენელია გიორგი თევზაძე და აქედან გამომდინარე, უფრო დასაფასებელია მისი მილოცვა.
გიორგი თევზაძე: ,,1991 წლის 31 მარტი, ისტორიული დღეა, რომელსაც ეპოქალური დატვირთვა ენიჭება. გვინდა გავიხსენოთ ეს მნიშვნელოვანი დღე, როდესაც საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე. კენჭისყრაში მონაწილეობა ამომრჩეველთა 90%-მა მიიღო და აქედან 98%-მა, საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა ხმა. ეს იყო უკანასკნელი რეფერენდუმი, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით ჩატარდა.
რეფერენდუმის კითხვა იყო: თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად? ამ გადაწყვეტილებით აღსდგა სამართლებრივი კავშირი 1918-1921 წლების, დამოუკიდებელ საქართველოსთან. ამ რეფერენდუმის მნიშვნელობა ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის თანახმად, ,,საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ასსრ-სა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში”.
ხსენებული რეფერენდუმის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, აღადგინა ისტორიული სამართლიანობა, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით.
ამ დღის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, შემდგომი წლების გადასახედიდან. ეს არის მთელი ქვეყნისა და საზოგადოების შანსი, გახდეს ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული და წარმატებული ნაწილი. ამისთვის კი აუცილებელია კანონის უზენაესობა, სამართლიანი მართლმსაჯულება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ასევე აუცილებელია, ქვეყნის სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა”.