კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ქართველებს, დახმარების მაგივრად სს-ის საქმეს ,,უკერავენ”?!

  2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როგორ დაზარალდა ცხინვალის რეგიონისა თუ გორის რაიონის მოსახლეობა, ამას დიდი თხრობა-მოყოლა არ ჭირდება. იმ ადამიანებს, რომლებმაც მიუხედავად მუდმივი, რეალური საფრთხისა, მაინც გაბედეს და დაუბრუნდნენ მშობლიურ კერას, რუსების მიერ გავლებული მავთულხლართების მიმდებარედ, უკიდურესი გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება. რატომ არ ეხმარება ხელისუფლება ამ ადამიანებს, ჯერჯერობით ვერ შევძელი გარკვევა, რადგან მთავრობას საკონტაქტოდ მხოლოდ ერთი ტელეფონი აქვს მითითებული, რომლის ავტომოპასუხეც გამცნობს, რომ რომელ სამსახურთანაც გინდა დაკავშირება, შიდა ნომერი აკრიფეთო. როგორ ავკრიფო პატივცემულნო, როცა არსად გაქვთ მითითებული? ეგებ მოწყალება მოიღოთ და მასწავლოთ, საიდან და როგორ გავიგო ეგ ნომრები. ისე, სამსახურებს სახელები რომ გადარქვით, ვითომ გაუმჯობესდა თქვენი მუშაობის ხარისხი? რაღაც ძალიან მეეჭვება პრესსამსახურებს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტები რომ დაარქვით, მანდ მოკალათებულებს უფრო აქტიურად დაეწყოთ პრესასთან თუ საერთოდ, საზოგადოებასთან ურთიერთობა. შსს-სთანაც რომ შემექმნა დაკავშირების პრობლემა, სოციალური ქსელის საშუალებით მივწერე, მალევე გამომეხმაურნენ, ტელეფონის ნომერიც მომწერეს და მეტნაკლებად ამომწურავი პასუხიც გამცეს კითხვებზე. მთავრობის ადმინისტრაციასაც მივწერე, არსებობს იმის შანსი, რომ როგორმე დავუკავშირდე თქვენს პრესსამსახურს, ანუ ,,სტრატეგიულ კომუნიკაციების სამსახურს, რომელსაც ცოტა ხნის წინ, შსს-დან გადმომისამართებული ქალბატონი გიორგობიანი ჩაუყენეს სათავეში, თუ ეს ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება-თქო. ლამის ერთი კვირა გავიდა და არავინ გამომხმაურებია, ეტყობა მართლაც ფანტასტიკის სფეროა, მოკლედ, ,,სტრატეგიულად დუმან” თუ დუმილის ,,უფლებას ინარჩუნებენ”, ჯერ ვერ გავარკვიე.

  ახლა კი უშუალოდ იმ საქმის შესახებ, რომელსაც ამხელა შესავალი წავუმძღვარე. ადვოკატ მამუკა ნოზაძის განცხადებით, ფაქტობრივად ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ე.წ. გამყოფ საზღვართან, კერძოდ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთ კარში, შსს-სა და ე.წ. ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 2 მარტს, სამი ადგილობრივი ახალგაზრდა დააკავა, რომლებსაც თითქოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი გადმოქონდათ, შემდგომი რეალიზაციის მიზნით. სანამ მამუკა ნოზაძესთან ერთად, ამ საქმის დეტალებზე ვისაუბრებდეთ, გთავაზობთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, 5 მარტს გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიას.

  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით შემოიტანეს 24.950 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული სიგარეტის ჯამური ღირებულება აღემატება 102.000 ლარს. გამოძიება მიმდინარეობს სს-ის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

  მამუკა ნოზაძე: ,,ზარდიაანთ კარში სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც 2008 წლის ომის დროს დაზარალებულები არიან. ისინი შემდეგ სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, გორშიც ცხოვრობდნენ და რამდენიმე წელია, რაც მშობლიურ სოფელში დაბრუნდნენ. აქ სახლების უმეტესობა გადამწვარია, ამიტომ ყველა ვერ დაბრუნდა. დღეის მდგომარეობით, როგორც გითხარით, სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში არიან. დამწვარ სახლებში, ბეტონის იატაკზე ცხოვრობენ და მათ აბსოლუტურად არავინ ეხმარება. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც არ ტოვებენ იქაურობას, უპრეტენზიო ადამიანები არიან, ბაღებში შრომობენ, მოსავალი მოყავთ და ასე ირჩენენ თავს. აღსანიშნავია, რომ ამ სოფელში არის ორი ბლოკპოსტია, ერთი სოფლის შესასვლელში, მეორე თავად სოფელშია განთავსებული. რადგან ოკუპირებულია ეს ტერიტორია, გადის მავთულხლართები, აქვეა რუსი სამხედროების ბლოკპოსტიც. იქ მაცხოვრებელი ხალხი გმირები არიან, არ ტოვებენ საკუთარ კერას მიუხედავად იმისა, რომ მათ უსაფრთხოებას და სიცოცხლეს, ყოველდღიურად საშიშროება ემუქრება. იქ არის რუსების პოლიგონი, სისტემატურად მიმდინარეობს სამხედრო სწავლებები, წვრთნები  რუსების მხრიდან. მთელი ღამის განმავლობაში ისმის სროლისა და საბრძოლო მასალების აფეთქების ხმა, მაგრამ სოფლელები მაინც არ ტოვებენ იქაურობას, უვლიან მიწას, რომ პატარა სარჩო-საბადებელი მაინც მოიყვანონ, რაც მათი ერთადერთი  შემოსავლის წყარო. ამ დროს იჭერენ იქ მცხოვრებ ახალგაზრდებს ,,კონტრაბანდისტობის” ბრალდებით, ჩამობრძანდნენ და ნახონ, ამ უკიდურესად გაჭირვებულ ხალხს რა ეტყობა კონტრაბანდით რომ არის დაკავებული. სოფელში სულ რამდენიმე ახალგაზრდაღაა დარჩენილი, მგონი, ხუთი თუ ექვსი და იქიდანაც სამი ბიჭი დაიჭირეს, რომლებსაც ბრალად წაუყენეს უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა. თითქოს მათ ყუთებით გადაჰქონდათ ეს სიგარეტები, არადა უამრავი ყუთია, რომელთა ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოტანა შეუძლებელია. ეს ხო მარ არის ერთი კოლოფი, რომ მავთულხლართის მეორე მხრიდან ვინმემ გადმოგაწოდოს და ჯიბეში ჩაიდო.

  მოდით, უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ, რა მოხდა 2 მარტს ზარდიაანთ კარში…

  ფაქტობრივი გარემოება ასეთია, ეს ადამიანები, ვლადიმერ თაზიაშვილი, გიორგი და ზურაბ გაბლიშვილები ღამის საათებში გადაადგილდებოდნენ, ახლობელი ჩამოუვიდათ და იმის სანახავად მიდიოდნენ სოფელ გუგუტიანთ კარში, რომელიც ფაქტობრივად, გადაბმულია ზარდიაანთ კარზე, აქ გადის ე.წ. გამყოფი ზოლი, მავთულხლართები, რომელთა მიღმიდან ყუთს ვერავინ გადმოგაწვდის, იმიტომ, რომ აქ არის ქართული პოლიციისა და რუსი სამხედროების ბლოკპოსტები. მათი არსებობის მიზანიც ალბათ ისაა, რომ რაიმე ასე ვთქვათ, უკანონობა არ მოხდეს, გადასვლა-გადმოსვლა, მით უმეტეს რაიმეს გადაწოდება-გადმოწოდება, აბა სხვა რა მიზანი აქვს სახელმწიფოსთვის ამ ბლოკოპოსტების არსებობას, მარტო იმ ე.წ. საზღვარს ხომ არ აკონტროლებენ? ეს ბიჭები გუგუტიანთ კარში მიდიოდნენ და რომ გააჩერეს, ეგონათ რუსი სამხედროები იყვნენ. აღმოჩნდნენ ქართველი პოლიციელები, მოვიდა სპეცრაზმი, ფინანსური პოლიციის თანამშრომლები, დააკავეს ესენი, ჩასვეს ავტომანქანაში და აყურებინეს, დაახლოებით 300-400 მეტრიდან როგორ მოქონდათ სადღაც გადამალული სიგარეტის ყუთები. ვლადიმერ თაზიაშვილს, გიორგი და ზურაბ გაბლიშვილებს ამ ,,დამკავებლებმა” უთხრეს, რომ ეს თქვენია,  სიგარეტის გადაზიდვას ეწეოდით, ანუ კონტრაბანდა გადმოქონდათ, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზეო. ადამიანს უკანონო რაიმე თუ გადააქვს, ის პირადი ანდა ავტომაქანის ჩხრეკისას უნდა იქნეს ამოღებული. ფეხით მოსიარულე ადამიანმა ათობით ყუთი როგორ უნდა გადმოზიდოს, როდესაც იქ არის ამხელა კონტროლი, პოლიცია აკონტროლებს ყველაფერს. სად უნდა წაეღოთ ამ ბიჭებს ამდენი სიგარეტი, როცა სოფლის გასასვლელშიც პოლიციის ბლოკპოსტია და იქაც ხდება შემოწმება. მე არ ვიცი ამ პოლიციელებს რა მიზანი ჰქონდათ, ან ვისი ინტერესი, როდესაც ამბობენ, რომ ასეთ რაღაცას უბრალო ადამიანი აკეთებდა. ამ უკიდურესად გაჭირვებულ, შიმშილის ზღვარზე მყოფი ადამიანებს, რომლებიც გადამწვარ სახლებში ცხოვრობენ, საიდან ჰქონდათ იმდენი ფული, რომ ათასეულობით კოლოფი სიგარეტი აეღოთ? იქნებ ვინმემ მიპასუხოს, რომელი ოსი თუ რუსი გამოატანდა ამ გაჭირვებულ ხალხს ,,პოსლეზე” 100.000 ლარის და მეტი ღირებულების საქონელს? ვლადიმერ თაზიაშვილს სცემეს და მორალური შეურაცხოფაც მიაყენეს,  მართალია, ჩვენ მივმართეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და მყისიერად დაიწყო გამოძიება, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რა შედეგები დაიდება. ლადო   სცნობს იმ პიროვნებებს, ვინც შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა, მას ერთ-ერთმა პოლიციელმა (შსს-ს თანამშრომელი იყო თუ ფინანსური პოლიციის, ესეც გაირკვევა) იარაღის ლულა ჩაუდო პირში და აიძულებდა, რომ ეღიარებინა, თითქოს მათი იყო ეს სიგარეტი, მაგრამ არცეთმა მათგანმა არ აღიარა ამ საქონელთან რაიმე შემხებლობა.  სახელმწიფომ, ვგულისხმობ საგამოძიებო ორგანოს, არ ჩაატარა ექსპერტიზა დნმ-ზე (სავარაუდოდ, ბიოლოგიური ექსპერტიზა – მ.ს.), დაცვის მხარემ დავნიშნეთ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა. როგორ შეიძლება ადამიანს ისე გადმოეზიდა ამხელა ტვირთი, თუ იმ ყუთებს ხელს არ მოკიდებდა, თუ მართლა ამ ბიჭების გადმოტანილი იყო, მაშინ მათი დნმ-ის კვალი უნდა დარჩენილიყო.

  მოკლედ, ისეთი ვითარებაა, რომ სრულ აბსურდამდე მივდივართ. იმის მაგივრად, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა ჰქონდეთ კონფლიქტის ზონაში, ე.წ. საზღვართან მცხოვრებ ადამიანებს, მით უმეტეს ახალგაზრდებს, რომ იქ ადგილზე დაამაგრდნენ, გაუსაძლის მდგომაეობაში აგდებენ. სახელმწიფო იმიტომაც ხარ,  ფინანსურად უნდა დაეხმარო ამ ხალხს, რაღაც საქმე წამოიწყონ, რომ მერე სხვებმაც მიბაძონ, დაბრუნდნენ, არ დაიცალოს კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფლები. აბა, მცოცავი ოკუპაცია რა არის? იქ ცარიელი ადგილები რომ არის, გადმოვლენ ოსები და რუსები და დაიკავებენ ხომ? აქ სახელმწიფოებრივი მიდგომა საერთოდ არ არის, პირიქით, იქაურ ახალგაზრდებს ჩაგრავენ, უკანონოდ ექცევიან, ასეთი უსამართლობა, რაც ამ სოფელში ხდება, იშვიათია. თვითონ სოფლელებს აქვთ ისეთი განწყობა, მთელი სოფელი გამოვალთ, მაშინ ჩვენც დავცლით აქაურობას, თუ სახელმწიფო ყურადღებას არ გვაქცევს. ჩვენს შვილებს არაფრის გამო, უკანონოდ იჭერენ, მაშინ ჩვენს აქ ცხოვრებასაც რა აზრი აქვსო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საფრთხე არსებობს,   ქუჩაში მიმავალი ნებისმიერი ადამიანი გააჩეროს პოლიციელმა, სადღაც 100 მეტრში იქნება თუ უფრო შორს, ნარკოტიკი, ან იარაღი ჰქონდეთ ჩაფლული და ამ ადამიანს დააბრალონ შენიაო. აი, ასეთ აბსურდამდე მისული ბრალდებაა. საქმეში მხოლოდ პოლიციელების ჩვენებაა, ჩვენ გავაჩერეთ, ყუთები გადმოვიტანეთ და ეს ამათიაო. რას ნიშნავს ამათია, ასეთი უკანონობები თუ ხდება, რატომ აქამდე არ აღკვეთეს? ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ დღეს ამ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის მეციხოვნეები, გმირები არიან, რადგან თავიანთ ტერიტორიას იცავენ, ციხეში უშვებენ, თან დამამცირებლად და უკანონოდ ექცევიან, ღირსებას ულახავენ ცემით და მორალური შეურაცხყოფით.

  სასამართლომ ეს ყველაფერი კარგად იცოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ორ პიროვნებას (ზურაბ და გიორგი გაბლიშვილებს) აღკვეთის ღონისძიებად, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მიზეზი – წარსულში ნასამართლევები ხართო. ეს რა შუაშია, ნასამართლეობა არ ნიშნავს ადამიანი ყოველთვის შიშის ქვეშ იყოს, ნებისმიერ უკანონო ბრალდებასთან მიმართებაში საშიშროება ემუქრებოდეს, რომ რახან ნასამართლევია, აპრიორი პატიმრობაში უნდა იყოს. ეს არის საშინელება. სასამართლოშიც დაიკითხა მთელი სოფლის მოსახლეობა, ისიც აღინიშნა, ამ სოფლიდან გატაცებულია ადამიანი, რომელიც იმყოფება ცხინვალის ციხეში და საქართველოს ხელისუფლებამ დღემდე ვერ უზრუნველყო ამ პიროვნების ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ უფრო რუსები და ოსები, უფრო რუსები გადმოდიან ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და მწყემსებს იტაცებენ. მავთულხლართებთან მიახლოება, ელემენტარულად არის შეუძლებელი და არც არავინ მიდის, რადგან ძალზე სახიფათოა სიცოცხლისთვისაც კი. ფრთხილობს ხალხის, ახლობლების საფლავებზეც კი ვერ გადიან და ამ დროს, როგორ შეიძლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვინმესთან კონტაქტში შეხვიდე და ბრალდება წაგიყენონ, რომ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში თურმე კონტრაბანდისტობას ეწევი……

(გაგრძელება იქნება)

მოამზადა მანანა სუხიშვილმა