ნაცთა ბელადის ხელგაშლილობა

როგორ ურიგებდა პრეზიდენტყოფილი სააკაშვილი თავის ფავორიტებს, სახელმწიფო თუ „არასასურველი“ პერსონებისთვის წართმეულ ქონებას, დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს. ის დოკუმენტაცია, რომელიც წლების წინ მომაწოდეს, მაგრამ მიზეზთა გამო, გამოქვეყნება ვერ მოხერხდა, ზემოთქმულს ადასტურებს. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის N373 განკარგულებაში ვკითხულობთ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაციის შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, ქ. ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა N ___-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა N57 (44.80 კვ.მ ფართობი) და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N_____ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს ფიზიკურ პირს ____________  პ/ნ ______________ 2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს, საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. განკარგულებას ხელს აწერს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ბეჭდითაცაა დამოწმებული. იმ პერიოდში ეკონომიკის მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახლდათ, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან, მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებს. საინტერესო იქნება მისი პასუხი კითხვაზე, თუ ვის დაურიგა სააკაშვილმა ერთ ლარად სახელმწიფო ქონება.