სააკაშვილის „გმირმა“, უცხოელი სტუდენტები დეპორტით „დაასაჩუქრა“

 მოგეხსენებათ, სააკაშვილმა ბრძანა, რუსი ოპოზიციონერ-ბლოგერი (მისი „რეგალიების“ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს)  ალექსეი ნავალნი, ჩემთვის გმირიაო. გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ სააკაშვილის ძალზე საეჭვო გემოვნება რომ არაფერი ვთქვათ, გმირის მნიშვნელობასაც ვერ აცნობიერებს. ამ „ყარიბისთვის“,  მრავალ თანამდებობა გამოცვლილი და ბოლოს, თელავის მისადგომებთან ავტობუსზე მობღოტიალე დავით კირკიტაძეც გმირი იყო, თუმცა დავუბრუნდეთ ჩვენს თემას. უცხოელი სტუდენტების მხრიდან ნავალნის მხარდაჭერა, მათი რუსეთიდან დეპორტაციით დასრულდა, წერს რუსული ინტერნეტმედია. ახალგაზრდა რევოლუციონერებმა, რამდენი ნიღაბიც არ უნდა გაიკეთონ, დაუმალონ თავიანთი მშვენიერი სახეები ვიდეოკამერებს, სულერთია, მაინც იპოვნიან, მათ შორის უცხოელებსაც. მეზობელი ქვეყნებიდან ბევრი სტუდენტი ჩადის რუსეთში უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ და თავიანთ სამშობლოში ღირსეული სამსახური იშოვნონ, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველას არ მოწონს სწავლა. ეს ახალგაზრდები, თურმე რევოლუციონერების სათამაშოდ და რუსეთში დასავლური დემოკრატიის განვითარების დასახმარებლად ჩასულან. საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ სპეცსამსახურები და სამართალდამცავი სტრუქტურები გულდასმით ამუშავებენ ქუჩის კამერების ვიდეოჩანაწერებს და მომიტინგეთა შორისაც არიან სამოქალაქო ფორმიანი თანამშრომლები, რომლებიც მეტნაკლებად აქტიური მომიტინგეების ფარულ ჩაწერას ახორციელებენ. ერთი ასეთი „მხილებული“ ყაზანის უნივერსიტეტის სტუდენტი ანდრეი გახლავთ, რომელიც უზბეკეთიდან ყოფილა სასწავლებლად ჩასული. თავისი წინამორბედი ულიანოვის (ლენინი) მსგავსად, რომელიც წარსულში ამავე  უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, გადაწყვიტა რევოლუციის მოწყობა და რუსეთის დახმარება, დემოკრატიის აღდგენის საქმეშიო. ეტყობა უზბეკეთში ყველაფერი კარგადაა დემოკრატიისა და რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვის კუთხით, ამიტომაც გადაწყვიტა ანდრიუშამ, რომ თავისი წვლილი ახლა უკვე რუსეთშიც შეეტანაო, წერს ენაკვიმატი ჟურნალისტი.

 ხულიგანი მალევე გაშიფრეს, მაგრამ მკაცრად არ დაუსჯით, მაინც სტუმარიაო. უბრალოდ, უნივერსიტეტიდან გარიცხეს და რუსეთიდან დეპორტაცია გაუკეთეს, უკან დაბრუნების აკრძალვით. როგორ არ ეცადა ნორჩი ჩეგევარა პოლიციის „გაცურებას“, რომ იქ უბრალოდ სეირნობდა და მომიტინგეთა ნაკადმა შეითრია, მაგრამ არაფერმა უშველა. ისე, ეს ამბავიც იმ „ოპერიდანაა“, პოლონეთიდან საზღვარს მომდგარი სააკაშვილი, მისმა „თაყნაიმცემელთა“ მასამ რომ „შეითრია“ უკრაინაში, თორემ თვითონ სულ არ „აპირებდა“ საზღვრის დარღვევას. მოკლედ, ვერმოტყუებული სამიგრაციო სამსახურის თანამშრომლები დაეხმარნენ ანდრიუშკას, რომ შეეკრა თავისი მწირი სტუდენტური ბარგი-ბარხანა, თავის არალეგალ თანამემამულეებთან ერთად, რომლებიც ყაზანის მშენებლობებზე იყვნენ დასაქმებული და თვითმფრინავის ტრაპამდე მიაცილესო. თუ გაიგებდნენ ის „თანამემამულეები“, რომ ეს ნორჩი ჩე გევარა იყო „რეიდის“ და გადეპორტების მიზეზი, ალბათ, უნივერსიტეტიდან გარიცხვას, მსუბუქ „ფლირტად“ მოაჩვენებდნენ ლენინის „მემკვიდრეს“. კიდევ ერთი ნორჩი რევოლუციონერი უკრაინიდან ჩამოვიდა მოსკოვში, უნივერსიტეტშიც მოეწყო თითქოსდა სასწავლებლად, ცოდნის მისაღებად, მაგრამ ეტყობა, შინაური „მაიდნის“ იდეებმა თავბრუ დაახვია ყმაწვილს და გადაწყვიტა თავის სამშობლოს მსგავსად, რუსეთის ევროკავშირთან მიერთება დაეწყოო. არტემი, ასე ჰქვია ჩვენ გმირს, როგორ არ ეცადა სახე დაემალა ნიღბითა და ბალახონის კაპიშონით, მაგრამ მაინც ჩაუვარდა ხელში სამართალდამცავებს. ფედერალური სამიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა არტემის აღმზრდელობითი საუბარი ჩაუტარეს და 99 წლით გაადეპორტეს მშობლიურ კიევში. უკრაინულ არმიას ხომ ასე ძალიან ჭირდება ახალი ჯარისკაცები, ამ დროს ასეთი საჩუქარი მიიღო, სამხედრო კომისარიატს არც ჭირდება წვევამდელის ძებნაო. როგორც არტემის უფრო ჭკვიანი თანამემამულეები ამბობენ, რომლებიც ნავალნის მხარდასაჭერ მიტინგზე არ წასულან, ნორჩი გმირი პირდაპირ ბორისპოლის აეროპორტიდან გაუმწესებიათ დონბასის რეგიონში, სასწავლო რაზმში. ახლა ეს მარგინალი, რუსეთს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოთი ემუქრება, პირდაპირ სანგრიდან წერს ცრემლიან წერილებს. რა თქმა უნდა, გაზაფხულის მოსკოვში სეირნობა სჯობია ფრონტის ხაზზე ჯდომას, მაგრამ ყველა თვითონ ირჩევს საკუთარ გზასო. დასასრულ ჟურნალისტი მოუწოდებს: ბატონო უცხოელებო, თუ მეცნიერებების „დასაღეჭად“ ჩამოხვედით რუსეთში, მაშინ ისწავლეთ, მიტინგებზე კი ნუ დადიხართ. ჩვენს რევოლუციონერებს კი, თვითონვე მოვუვლითო.