არიქა, როგორმე უნდა მოვასწრო!

  ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, ეს მაოხრებელი გზირი „ფორს-მაჟორში“ ჩავარდა, როგორმე უნდა მოესწრო ყველა იმ ავკაცობის ჩადენა, რაც გაწერილი ჰქონდა „გეგმაში“. ხელისუფლებაში ყოფნის  30-წლიან „გეგმას“ საფრთხე დაემუქრა, ამიტომ დაჩქარებული წესით უნდა განეხორციელებინა ყველაფერი. 2012 წლის 25 სექტემბერს, ანუ არჩევნებამდე ხუთი დღით  ადრე,  „გულუხვმა“ მორიგი განკარგულება „გამოაცხო“, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.

  ამ განკარგულების პირველ პუნქტში ვკითხულობთ, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად (მართლწერაში არც ასე ძალიან მოვიკოჭლებ, უბრალოდ ზუსტად გადმოგცემთ პრეზიდენტის აპარატში შედგენილ ტექსტს. ისე, ზოგ შემთხვევაში, სასვენ ნიშანსაც წამლად ვერ იპოვით – მ.ს.), სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გარდაბნის, მარნეულის, თეთრიწყაროს, დმანისის, ბოლნისის, ცაგერის, თერჯოლის, ვანის, ხონის, წყალტუბოს, ონის, ბაღდათის, ტყიბულის, სამტრედიის, ხარაგაულის, მცეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების – რუსთავისა და ქუთაისის ტერიტორიაზე მდებარე, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეთ ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს.

  ნუ, ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა, საპრივატიზებო პირობად განისაზღვრა, რომ „მითითებულებს“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა გადაეხადათ ის ერთი ლარი. ამ პერიოდში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კანადიდან ჩამოყვანილი „პერსპექტიული“ კადრი ვერა ქობალია გახლდათ. მის უწყებას დაევალა ამ განკარგულების შესრულების მიზნით, „სათანადო“ ღონისძიებების განორციელება. ცნობისთვის, კონდიტერი თუ ხაბაზი ვერონიკა, „ავი ენები“ იმასაც ამტკიცებენ, სტრიპტიზბარში ცეკვავდაო, 2012 წლის 25 ოქტომბრამდე იკავებდა მინისტრის თანამდებობას. ასე რომ, მის მიმართაც ფრიად „გულუხვი“ სააკაშვილის დავალების შესრულება არ გაუჭირდებოდა.