რაო, ენერგეტიკას „შესეულებო“, რეფორმა ჩავარდა?!

 არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) განცხადებით, რეფორმა ჩავარდა, ენერგეტიკული ბირჟა, სავარაუდოდ 1 ივლისს ვერ ამოქმედდება. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დანიშნოს საპარლამენტო მოსმენა „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დათქმულ ვადებში რეალურად ვერამოქმედების მიზეზების გარკვევის მიზნით. აფბას მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია, ენერგეტიკის განვითარების თვალსაზრისით, მორიგ მნიშვნელოვან ჩავარდნაზე.

  „ენერგეტიკაში არსებული ვითარებითა და დარგის განვითარებით დაინტერესებული საზოგადოება ელის 2021 წლის 1 ივლისს, როცა რეალურ რეჟიმში უნდა ამოქმედდეს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“. ანალიტიკოსები და დარგის სპეციალისტები ბაზრის ამ რეფორმიდან, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვან სასიკეთო იმპულსებს ელიან, ისეთებს, როგორიცაა ელექტროენერგიის ვაჭრობის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა, სამართლიანი ფასწარმოქმნის დამკვიდრება და კორუფციული დაშვებების მინიმუმამდე დაყვანა.

  აფბა, აქტიურად სწავლობს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებს და შეგვიძლია ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკული ბირჟის ეფექტურად ამოქმედებისთვის, საკმარისზე მეტი დრო იყო (სამი წელი რეფორმის მოსამზადებელი უწყებათშორისი ჯგუფები მუშაობდნენ საკითხზე, ხოლო წელიწადზე მეტია, რაც უკვე საკუთრივ ბირჟა ჩამოყალიბდა), პასუხისმგებელმა პირებმა ვერ მოახერხეს, დროში სწორად გაეთვალათ რეფორმის ეტაპები. მათ ვერ შეძლეს, რომ დამოუკიდებლად თუ სახელმწიფოს რაიმე ფორმით მონაწილეობით, ბაზრის ფიგურანტები, ტექნიკური თვალსაზრისით, დროულად მომზადებულივნენ რეფორმისთვის.

  სამწუხაროდ, ჩვენ დღესვე შეგვიძლია დანანებით აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, ვადებში ვერ ეტევა, ამ ყველაფერზე კი, პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც  „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ მენეჯმენტს, ასევე ესკოს (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი) და სსე-ს (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა), რომლებიც „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დამფუძნებლები არიან. ამასთან პასუხისმგებლობის გაზიარება მოუწევთ ეკონომიკისა და ენერგეტიკის დარგის ხელმძღვანელობასაც. უკვე ნათელია, რომ დარგის განვითარება თვითდინებით ხდება და ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, განახლებადი სადგურებისა და მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობის, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების ჩათვლით, შეყოვნებული ან ჩაშლილია დარგის ხელმძღვანელობის სრული ვერტიკალის მონაწილეობით, ან უმოქმედობით.

  სამწუხაროდ, ის, რაც ახლა ხდება, აფბა-სთვის მოულოდნელი არ არის, რამდენადაც ჩვენთვის ცხადია, რომ დარგში, სადაც გამჭვირვალობისადმი დამოკიდებულება აგდებულია და სადაც საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულება ნულამდეა დასული, მუდამ იქნება მსგავსი და უარესი ფაქტები.  შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, როგორც ესკოს, ისე სსე-ის მხრიდან, საკუთრივ ჩვენმა ორგანიზაციამ ვერ მიიღო პასუხები ელემენტარულ კითხვებზე – თუ რატომ არ ქვეყნდება იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩაშლილი ტარიფები, ანუ საკონტრაქტო ფასი და რა მდგომარეობაა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ მხარდაჭერილი, კონკრეტული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებში ჩატევის და თანხების ათვისების თვალსაზრისით. აქვე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ სსე-ს საქმიანობით დაინტერესებულია საქართველოს მთავარი პროკურატურა, რაც ამყარებს ეჭვს იმის შესახებ, რომ კომპანიაში ადგილი აქვს კანონთან შეუსაბამო ქმედებებსა თუ სავარაუდო კომერციულ ქმედებებს. ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან არაერთხელ გაკეთებულა განცხადება, რომ დარგში მიმდინარე პროცესებზე ინფორმირებულობის მაქსიმალური სტანდარტის დამკვიდრება, პირველ რიგში, სახელმწიფო ინტერესებში შედის.

  „ენერგეტიკული ბირჟის“ რეფორმის ჩავარდნის ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რთული სათქმელია, რასთან გვაქვს საქმე – არაპროფესიონალიზმთან, საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებასთან, არაკომპეტენტურობასთან თუ კიდევ უფრო მძიმე მოვლენასთან, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით, სავარაუდოა, რომ ბირჟის რეალურ რეჟიმში ამოქმედების მრავალგზის საზეიმოდ დაანონსებული თარიღი, მრავალი თვით გადაიწევს. ეჭვს ბადებს ის გარემოებაც, რომ ბირჟის ამოქმედების დროში გადავადება, უკვე მეორედ ხდება  დროში გადავადება უკვე მეორედ ხდება და ამ ჩავარდნის გამო, არცერთი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

ჩვენ მივმართავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ კახა კუჭავას, რათა მან უზრუნველყოს „ენერგეტიკული ბირჟის“ რეფორმის ფაქტობრივი ჩავარდნის მიზეზების დასადგენად, ღია და საჯარო საპარლამენტო მოსმენა, სადაც წარმოდგენილი იქნება, როგორც ბირჟის მენეჯმენტი, ისე დამფუძნებელი ორგანიზაციების – ესკოსა და სსე-ს პირველი პირები, დარგის ხელმძღვანელი პირები, ვისი უშუალო პასუხისმგებლობაც არის ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმის წარმატებით განხორციელება.

  ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ ღია, საჯარო და გულწრფელ დისკუსიაში შეიძლება გამოიკვეთოს ის რეალური მიზეზები, თუ რატომ ვარდება პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი და რეფორმა. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი გამოსავლის პოვნა“, ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.