თბილისის მერიასთან დავას აზრი არ აქვს, რაც არ უნდა მართალი იყოს ადამიანი, სამართალს მაინც ვერ იპოვის, მნიშვნელობა არ აქვს პროკურატურაში იჩივლებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თუ სასამართლოში, „დამმოძღვრეს“ კარგად ინფორმირებულმა იურისტებმა. მერიას იურიდიული სამსახურიც აქვს, სადაც მისი თანამშრომის რბილად რომ თქვათ, საეჭვო საქციელი შეგიძლია გაასაჩივრო, მაგრამ თუ ზემოხსენებული უწყებანი არ რეაგირებენ უკანონობაზე, მერია თვითონ ხომ არ მოსჭრის თავს „შვილს“. როგორ რეაგირებს ეს უკანასკნელი დარღვევებზე, ამაში უკვე დარწმუნდა მომჩივანი, არც იურიდიული სამსახური ჩამორჩა აბსურდის კერვაში, მერიის აწ უკვე ინსპექციად წოდებული სამსახურის (ყოფილი ზედამხედველობის სამსახური) ჩინოვნიკებს. პროკურატურაც ორი წელია „ონლაინშია“, დაზუსტებით ვერ გეტყვით რა უპასუხა მომჩივანს, თუ სერთოდ უპასუხა. „ვარდოსნებსა“ და მათ „შემდგომებს“ ძალიან უყვართ ყურის მოყრუება. ან ისეთ აბდაუბდას მოგწერენ, ეს განსაკუთრებით „უალტერნატივო“ და „განუმეორებელი“ მერის კახი კალაძის ქვეშევრდომთ ეხება, რომ მასში გარკვევა, „უბრალო მოკვდავთათვის“, ფანტასტიკის სფეროა.
დაახლოებით თვენახევრის წინ, დედაქალაქის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დაუკავებიათ. ჯერ არ ვიცი ეს ღონისძიება სამართალდამცავებმა ჩაატარეს, სუს-მა თუ სხვა უწყებამ, მაგრამ ვწუხვარ, ჩემს რესპოდენტს რომ არ ვურჩიე, აუცილებლად მიემართა უსაფრთხოების სააგენტოსთვის კონკრეტული ჩინოვნიკის საეჭვო საქციელთან დაკავშირებით, რომლის „საქმენი საგმირონი“ ამ ადამიანს 8.000-ლარიან ჯარიმად დაუჯდა. მისი ერთადერთი იმედი სასამართლოღაა და მიმართა კიდეც სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოპასუხე მხარეებად – თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მერიის მუნიციპალური ინსპექცია და მერიის არქიტექტურის სამსახური ფიქსირდება. ისე, არაერთხელ დავსვი ეს კითხვა და ახლაც გავიმეორებ, ხელისუფლებავ, რა პრინციპ-კრიტერიუმებით სარგებლობ ჯარიმების ოდენობის დადგენისას? ეკოლოგიის გამნადგურებელ მდიდარ კომპანიებს 5.000 ლარით რომ აჯარიმებ, ხოლო კუთვნილ ფართში კედლის ამშენებელ მოქალაქეს 8.000-ლარიან ჯარიმას რომ უწესებ, სინდისთან ხარ მწყრალად, თუ აზროვნებათან?! დედაქალაქის საკრებულოსთანაც მაქვს კითხვა, რა კანონი თუ ნორმატიული აქტი მიიღეთ ამისთანა, რომ ყველა მოძალადე, ცოდნასთან მწყრალად მყოფ ჩინოვნიკს ხელ-ფეხი გაუხსენით, როგორც უნდა, ისე წაიკითხოს თქვენი „შემოქმედება“ და ისე იმოქმედოს, როგორც მოეგუნებება?!
დაზარალებულ მოქალაქეს თავის სასარჩელო განცხადებაში ჩამოთვლილი აქვს უდავო გარემოებების ნუსხა, რასაც იმედია, სასამართლო მაინც გაითვალისწინებს. ამ ეტაპზე, მხოლოდ ამ ადამიანის პოზიციას ვაქვეყნებთ. უახლოეს მომავალში შევეცდები დავუკავშირდე ყველა მოხსენიებულ საჯარო მოხელეს, მოვისმენ მათ პოზიციას და გამოვაქვეყნებ. თუ არ ინებებენ პასუხის გაცემა, ესეც ერთგვარი პასუხია, როგორ ესმით მათ თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობანი. არსებობს ზემდგომი ინსტანციები და მათ იმჯელონ ამ ჩინოვნიკების ქმედებებზე.
ამ კონკრეტულმა მოქალაქემ, შეიძინა დიდუბეში მდებარე ფართი N39 2020 წლის 27 თებერვალს, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, ანუ იგი წარმოადგენს კეთილსინდისიერ მყიდველს. მან N39-ის შეძენამდე შვიდი თვით ადრე, შეიძინა ფართი N38 და საჯარო რეესტრის ამონაწერით, ისიც მის საკუთრებას წარმოადგენს. ე.ი. ერთმანეთის გვერდით მდებარე ორივე კანონიერი ფართის მესაკუთრე ეს ადამიანია. შენობა N38-ზე, რომლის ფასადიც გადის ქუჩაზე, 2019 წლის 1 ოქტომბერს, არქიტექტურის სამსახურის მხრიდან, გადაწყვეტილება N— საფუძველზე მან მიიღო თანხმობა პირველი კლასის სამუშაოების ჩასატარებლად. კერძოდ, ძველი მასალების ცვლილება ახლით, რაც შესაბამისად განახორციელa. მის ორივე ფართს (ყოფილი ავტოფარეხები) ამ ეტაპზე მინიჭებული აქვს კომერციული ფართის სტატუსი. უდავო გარემოებაა ისიც, რომ კონკრეტული კორპუსის ეზოში განთავსებული ავტოფარეხები არ წარმოადგენენ უკანონო ნაგებობებს, ვინაიდან 2006 წლიდან კორპუსის წითელ ხაზებშია განთავსებული, რაც დასტურდება 2006 წლის საკადასტრო გეგმით, რომელიც მფლობელმა თან დაურთო მის მიერ უწყებაში შეტანილ ორივე საჩივარს. ამ გეგმაზე ნათლად ჩანს, კორპუსის წითელ ხაზებში მოქცეული ავტოფარეხების არეალი და ისიც შესანიშნავად იკითხება, რომ სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდით N— ფორმა იუსტიციის სამინისტროს მიერ, შეტანილია ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში. მომჩივანის მიერ წარდგენილ საჩივარს თან ერთვოდა N39 ფართის შიდა აზომვითი ნახაზი, რომელზეც შესანიშნავად ჩანს ფართის მყარი მიჯნის კედლები და შესაბამისად, კარის არეალი. მოქალაქემ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის სახელზე 19.11.2020 წელს, შეიტანა საჩივარი, სადაც განაცხადი N—- ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის, უფროსი სპეციალისტის ირაკლი კორძახიას საეჭვო და ძალადობრივი საქციელები გააპროტესტა, ვინაიდან არ დაეთანხმა მის მიერ შედგენილ მიკერძოებულ მითითებას.
მომჩივანს განაცხადის საფუძველზე N—-, 2020 წლის 23 დეკემბერს დაინიშნა საქმის განხილვა. მას უწყება ჩაბარდა და ზუსტად მითითებულ დროს, მის ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტთან ერთად, გამოცხადდა განხილვაზე ვინმე მარიამთან (გვარი არ ახსოვს). მოგეხსენებათ, იმ პერიოდში პანდემიის გამო, ქვეყანაში დაწესებული იყო შეზღუდვები. პარალიზებული იყო თითქმის ყველა უწყება და არ მოძრაობდა მუნიციპალური ტრანსპორტი. საქმის განხილვაზე არ გამოცხადებულა მოპასუხე მხარე, ანუ ზედამხედველობის სამსახურის არცერთი წარმომადგენელი. მერიის შენობაში ყველგან სათვალთვალო კამერებია, ამიტომ, ადვილად შეგიძლიათ დარწმუნდეთ ჩემი სიტყვების სიმართლეშიო. „შესაბამისად, არ გაკეთებულა არც ზეპირი მოსმენის აუდიოჩანაწერი, სადაც მე კონკრეტული კითხვებით მივმართე ქალბატონ მარიამს და ის დაბნეული მპასუხობს, რაღაც გაუგებრობებს. პირველი, რამაც გამაოცა და ქალბატონ მარიამსაც ვკითხე, ის იყო, რომ ასეთ კრიზისულ ვითარებაში, როცა მთელი ქვეყანა პარალიზებულია, რატომ არ შეეხო შეზღუდვები მერიას და ზედამხედველობის სამსახურს, რა სასწრაფო აუცილებლობით იყო განპირობებული მოქალაქეების დაბარება, თუკი მოპასუხე მხარე არ უნდა გამოცხადებულიყო. მაშინ, როცა ქვეყანაში არსებობდა ინფექციის გავრცელების სერიოზული საფრთხე. ამასთანავე, ტაქსით გადაადგილებაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა უმუშევარი ადამიანისთვის. გამაკვირვა იმ გარემოებამაც, რომ ქალბატონი მარიამი განხილვაზე მხოლოდ ერთადერთი, ქსეროქსზე ამოღებული კედლის სურათით გამოცხადდა და საერთოდ არ იყო საქმის გაცნობილი“, აცხადებს მომჩივანი. იგი თავის მიერ მიტანილი დოკუმენტაციით, ყველანაირად ცდილობდა ქალბატონი იურისტისთვის აეხსნა საქმის ძირითადი არსი, თუმცა ეს უკანასკნელი მონოტონურად იმეორებდა ერთი და იგივეს, რომ რაღაც სხვა ნებართვა იყო საჭირო, ოღონდ რა ნებართვა სჭირდებოდა პირველი კლასის სამუშაოებს, ეს თვითონაც არ იცოდაო.
„ახლა ვხვდები, რომ ქალბატონმა მარიამმა განზრახ შემიყვანა შეცდომაში, დამაძალა რაღაც გაურკვეველი საბუთის ძებნა, იმ მიზეზით, თითქოს ჩემთვისვე იქნებოდა უკეთესი. დამაკვალიანა მიმემართა იუსტიციის სახლისთვის, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე არქივისთვის და ასევე მერიის სამსახურისთვის. ვუპასუხე, რომ უტრანსპორტობის გამო, გადაადგილება მიჭირდა, იმავე წამს დადარაჯებულივით, წარმოების ვადის ორი თვით გაგრძელება შემომთავაზა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პირადად მე, მისთვის წარმოების ვადის გაგრძელება არ მითხოვია, ეს მისი იდეა იყო, თითქოს „ჩემზე ზრუნვით“ გამოწვეული. მე მხოლოდ ვთხოვე, შემსრულებელს ყურადღებით წაეკითხა ჩემი საჩივარი და წარდგენილი დოკუმენტები, ვინაიდან, ყველაფერი, რისი მოძიებაც კი შემეძლო, უკვე ჩაბარებული მქონდა. მისი პასუხი იგივე იყო, დამეყო გაურკვეველი ნებართვის ძებნა. ეს ამ ქალბატონის მხრიდან გამიზნული, ვერაგული საქციელია, ვინაიდან ფაქტი, შემდგომ უკვე იმ უკანონო დადგენილების შედგენისას იქნა გამოყენებული. თითქოს მე მოვითხოვე ორი თვის ვდა, რაღაც დოკუმენტის საძებნელად და რაკი ვერ წარმოვადგინე, სწორედ ამის გამო დამაჯარიმეს. დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ ვერაგული საქციელის გამო, შეგნებულად არ გაკეთდა ზეპირი მოსმენის აუდიო ჩანაწერი, რათა შემდგომ, ჩემი სიმართლის დასადგენად არ მომეთხოვა“, აცხადებს მერიის ინტრიგებში გახლრთული და შესაბამისად, დაზარალებული მოქალაქე.
მოამზადა მანანა სუხიშვილმა
(გაგრძელება იქნება)