პრემიერის პოსტიდან ,,გმირულად” გაპარულმა გახარიამ, 5 ივლისის ამბებთან დაკავშირებით მორიგი ,,ჰუმანური” განცხადება გამოაცხო, შანსი არ გაუშვა ეკბინა ხელისუფლებისთვის და უფრო დაახლოვებოდა კოლექტიური ნაცების ორბიტას. საქართველოს და რუსეთის პატრიარქების და ჩვენი მთავრობის ძალისხმევით, რამდენიმე თვიანი პატიმრობიდან გახელაძის გათავისუფლებაც ისე ,,მძიმედ” გადაიტანა გახარიას ფანკლუბმა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ლანძღვა-გინებასაც არ ერიდებიან. ნამეტანი გაამწარა ეს კონტიგენტი პატრირქისა და პრემიერისადმი მადლობებმა.
რამდენიმე ხნის წინ, ერთმა ჩემმა ფეისბუქმეგობარმა ბლოგერმა აღნიშნა, ღიმილს მგვრის იმ ადამიანების პოზიცია, ვისაც გიორგი გახარია უალტერნატივო ლიდერი ჰგონია, ხოლო მისი პარტია ქვეყნის მხსნელიო. სრულად ვეთანხმები ამ ქალბატონის პოზიციას და არცთუ უარგუმენტოდ. მართალია, ის აჟიოტაჟი ჩაცხრა, რაც გახარიას ,,გმირულ” გადადგომას და მისი კადრების ასევე ,,გმირულად” მიყოლას მოყვა, მაგრამ ხანდახან მაინც ,,გამოანათებდნენ” ხოლმე დითირამბებით ,,გახარია და კომპანიის” ფანკლუბის წევრები, განსაკუთრებით მდედრობითი სქესის კონტიგენტი. შეიძლება ახლაც ,,ანათებენ”, უბრალოდ მათ უმეტესობას დაბლოკილი ვყავარ და ,,სრულ” ინფორმაციას ვეღარ ვფლობ. ,,გუნდრუკის კმევაში” განსაკუთრებით შიდა ქართლი აქტიურობდა და ფეისბუქმომხმარებლებმა შეარქვეს კიდეც, გახარიას შიდა ქართლური ფანკლუბი. ვფიქრობ, ეს ,,სიყვარული” გორელი ძმების ხოჯევანიშვილებისა და მათი თანაქალაქელ-მეგობრის კახა საბანაძის ,,დამსახურებაა”. შეიძლება არც შემცირებულა-თქო ხსენებული ,,ფანატების” ტკვარცალი, რომლებიც ისეთი აგრესიულები არიან, ფეისბუქმომხმარებლებმა არაერთხელ აღნიშნეს, ამათ ნაცსექტანტებსაც აჯობესო. თურმე ნუ იტყვით და 2020-ის არჩევნები გახარიას ,,ხათრით” მოუგია ,,ქართულ ოცნებას”. ვიღას ახსოვს ბიძინა ივანიშვილი და საერთოდ რა გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის, ყველაფერი ნამინისტრალ-ნაპრემიერალი გახარია, ანუ გახჩო ყოფილა საბანაძე-ხოჯევანიშვილებითურთ. ეს ,,თიკუნი” ენაკვიმატმა ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა შეარქვა გახარიას, ხოლო მის მადიდებელ მდედრიონს – გახჩოხანუმები, სადაც ,,დედოფლის” პოზიცია ჟურნალისტიკის ,,დედად” თვითგამოცხადებულ, კუჭდაპატარავებულ ელიკო კილაძეს ეკუთვნის. ,,მაშენებლებში” ალბათ იგულისხმობენ არსაიდან მოსული ვინმე ქალბატონი თუ საქალბატონე ბუჩუკური, ,,დამახასიათებელპრიჩოსკიანი” ნაცების დროინდელი პოლიცია-პროკურატურის ,,კორიფე” მეზვრიშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის ექს-გუბერნატორი შალვა კერესელიძე და ა.შ.
ბატონი კერესელიძე მაინც ,,განსაკუთრებული” აღნიშვნის ღირსია, გუბერნატორობისას ჯერ მარტო იმით დაამახსოვრა თავი თანამშრომლებსა და რეგიონის მოსახლეობას, რომ თურმე კაციშვილს არ ესალმებოდა, პლიუს ამას, 2020 წლის არჩევნების წინ, რომლის შედეგადაც ,,შეგრიალდა” კერესელიძე პარლამენტში, მცხეთაში ისიც კი არ იცოდნენ, სად იყო ,,ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბი. როგორ ჩაატარეს წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთან შეხვედრა და როგორ წარუდგინა გიორგი გახარიამ მათი ,,რჩეულობის” კანდიდატი რეგიონს, ეს კიდევ ცალკე თემაა. ხალხს ისიც კი არ უთხრეს ზუსტად, სად იმართებოდა ეს შეხვედრა, წინ და უკან არბენინეს და არც შეუშვეს ,,შემოღობილში”, მოსაწვევებითაა შესვლაო. ამ მოსაწვევების უმეტესობაც ნაცების წევრებსა და მხარდამჭერებზე ჰქონდათ დარიგებული. ,,შემოღობილ” გარეთ დარჩენილი ,,მტრებზე” ვბრაზობდი, ახლა კი ვხვდები რეალობა რაში ყოფილა, თუმცა არც ,,მტრები” არიან ამათზე ნაკლები მავნებლები. ,,…და გახარია ვინ არის?”, წერს ფეისბუქმომხმარებელი ქალბატონი, – მელია ახლა არა, მერე დავიჭიროთო და ამით დროს რომ იგებდა, ამას დიდი ფიქრი უნდა? ხოჯევანიშვილები, საბანაძე ნეტავ ვინ იყვნენ, არ ვიცოდე მაინც”. ვინ არიან და ნაცების ,,სკოლა” და სამსახურგამოვლილი პერსონები, რომლებიც გახარიამ გულში ჩაიხუტა.
ალექსანდრე და გიორგი ხოჯევანიშვილების მამა ბიზნესმენი ყოფილა, კახა საბანაძის მამის პოლიციის გენერალ-მაიორ ემზარ საბანაძის მეგობარ, ნათლიმირონებიც არიან. ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და კახა საბანაძე თანაკლასელები არიან, ერთ მერხზე ისხდნენო. მათ გორში აქვთ სკოლა დამთავრებული, ემზარ საბანაძის მეუღლე გორელია, ასე რომ, კახა დედულეთში ყოფილა დაბადებულ-გაზრდილი. ხოჯევანიშვილებს დიდი ავტორიტეტი აქვთ გორში, ყველა იცნობს და პატივს სცემს, გახარიასთვის უდიდესი შენაძენები არიანო რომ დაიწერა, ჩემს გორელ ნაცნობებს დავუკავშირდი ინფორმაციის გადასამოწმებლად, ძმებს არავინ იცნობს, მშობლებს იცნობენ, რადგან გორის ყოფილ პედაგოგიურ ინსტიტუტში, ახლანდელ უნივერსიტეტში მუშაობდნენ. გიორგი ხოჯევანიშვილი გუბერნატორად რომ დანიშნეს, მაშინ გაიცნეს გორელებმა, ისიც უშუალოდ თანამშრომლებმა. გორის მერიის ორი თანამშრომელი დიდი ,,რაზმახით” რომ გადადგა, არც მაგათ იცნობს ვინმე ყოფილი თანამშრომლების გარდა, ასე რომ, ,,ფუყე” რეკლამებს თავი დაანებონო. ამ გადამლაშებულ რეკლამებთან დაკავშირებით, სულ ის ანეგდოტი მახსენდება ხოლმე, ზაზუნაც ჩვეულებრივი ვირთხაა, უბრალოდ კარგად არის გაპიარებულიო. გახარია-ხოჯევანიშვილებ-საბანაძესთან დაკავშირებით ბევრი კითხვა მიჩნდება, მაგრამ ამ ეტაპზე ერთით შემოვიფარგლები, პატივცემულნო, უზარმაზარი თანამდებობები გეკავათ და თუ რამის გამკეთებლები იყავით, მოსახლეობას ვგულისხმობ, თორემ საკუთარი თავებისა და ოჯახებისთვის რომ კარგად იღწვოდით, ეგ მოგვეხსენება.
სანამ კონკრეტულ ფაქტზე ვისაუბრებთ, ჯერ მოკლედ ხოჯევანიშვილების კარიერულ ბიოგრაფიაზე. ალქსანდრე ხოჯევანიშვილი მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე გახლდათ. მან თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის 26 თებერვალს აქვს ჩაბარებული, 2 მარტს კი, უკანმოუხედავად მოკურცხლა, ,,ოფიციალური ვერსიით”, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ალექსანდრე-ბატონი საქართველოს უსაფრთხოების სადარაჯოზე 2019 წლის იანვარიდან დადგა, მანამდე შსს-ში მუშაობდა გენინსპექციის უფროსად, სადაც 2017 წელს დაიშნა. სუს-ში შეფის მოადგილის თანამდებობა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა სოსო გოგაშვილის გადადგომის შემდეგ დაიკავა, თუმცა გოგაშვილის წასვლის შემდეგ, ეს თანამდებობა რამდენიმე თვე ვაკანტური იყო. ალექსანდრე ხოჯევანიშვილს განათლება თსუ-ში, საერთაშორისო სამართლის და ურთიერთობების მიმართულებით აქვს მიღებული. კარიერა 2001 წელს დაუწყია საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟიორის ,,რანგში”. 2004-2005 წლებში უშიშროების მინისტრის მოადგილის თანაშემწეა, 2005-2006 წლებში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საშუალო რგოლის მენეჯერი. 2006 წლიდან საქმიანობა თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციაში გააგრძელა, 2009-2010 წლებში ეკონომიკის სამინისტროს გენინსპექციაში ხელმძღვანელ პოზიციებზეა, 2010-2012 წლებში ამავე უწყების სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს” თავმჯდომარე გახლავთ, 2012 წელს ს.ს. ,,სოფლის მეურნეობის კორპორაციის” დირექტორი გამხდარა. 2014-2017 წწ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ იმსახურაო, 2017 წლიდან 2019 წლის 25 იანვრამდე კი, როგორც აღვნიშნეთ შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო.
მისი ძმა, ნაგუბერნატორალი და აწ მაჟორიტარი დეპუტატი გიორგ ხოჯევანიშვილი 1985 წელსაა დაბადებული გორში, ალექსანდრეზე ხუთი წლით უმცროსი გახლავთ. მისი ბიოგრაფიის მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, ერთს გეტყვით, თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 2019 წლის 30 ოქტომბერს შიდა ქართლის გუბერნატორის სტატუსით აქვს შევსებული, სადაც ვკითხულობთ, რომ რამდენიმე მიწის ნაკვეთი აქვს გორის რაიონის სოფელ კარალეთში, მიწის ნაკვეთებს ფლობს ბაკურიანში, ყვარლის რაიონის სოფელ საბუესა და გარდაბნის რაიონში, კერძოდ, ბაგების სატყეო უბანში. გიორგი-,,რჩეულისთვის” ავტოფარეხი და ბინა უჩუქებიათ თბილისში, საბურთალოზე, დელისის მე-3 ქუჩაზე, ასევე 1000 კვ.მ მიწის ფართობი წავკისში 2012 წელს, 750 კვ.მ გარდაბნის სატყეო უბანში, რომლის არც შეძენის თარიღი ჩანს, არც ფორმა და არც გადახდილი თანხა. ეს ფრიად საინტერესო ინფორმაციებია, წავკის-გარდაბანი ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის ასევე ყოფილი მეჯინიბის, ,,ვარდოსნების” მმართველობისას უშიშროების სამსახურის ფაქტობრივ შეფად დაწინაურებული ვაჟა ლელუაშვილისა და წავკისელ ფეოდალად ,,სახელდებული” გარდაბნის ექს-გამგებლისა და ექს-პარლამენტარის თემურ-გიორგი ფეიქრიშვილის სამფლობელოა. გიორგი ხოჯევანიშვილი 2012 წელს გამხდარა აქ მიწების მფლობელი, სულო ცოდვილო, შემთხვევით ესეც ,,თავისუფლების” სანაცვლოდ ხომ არ დაჯილდოვდა ლელუაშვილ-ფეიქრიშვილისგან? აკი კარგად ინფორმირებულმა ,,ავმა ენებმა” რამდენიმე წლის წინ მითხრეს, ლელუაშვილ-ფეიქრიშვილმა მარტო ზვიად ძიძიგური და ხიდაშელ-უსუფაშვილის წყვილი კი არ დააჯილდოვეს წავკისში უძრავი ქონებით, ანუ რამდენიმე სართულიანი ვილებით, სია გაცილებით გრძელიაო. გიორგი ხოჯევანიშვილი შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობას 2018 წლის 20 აგვისტოდან 2020 წლის აგვისტომდე იკავებდა, ქართული ოცნებიდან” გახდა გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი მეათე მოწვევის პარლამენტში.
რამდენიმე ხნის წინ გამოვაქვეყნე სტატია, სადაც საუბარი იყო, თუ როგორ დააკავა შსს-სა და ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა შიდა ქართლში, ოკუპირებული ტერიტორიის, მავთულხლართების მიმდებარე სოფელ ზარდიაანთ კარში სამი ახალგაზრდა, რომ თითქოს მათ 100.000 ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტი გადმოჰქონდათ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. დაკავებულთა ინტერესების დამცველი საუბრობდა, რომ ეს ადამიანები უდანაშაულოები არიან, რომ მათ განზრახ დააბრალეს კონტრაბანდისტობა, რომ თავად სახელმწიფო სტრუქტურები არიან ჩართული ამ უკანონობაში და ხელს გაჭირვებულ ხალხს აწმენდენ. მე ჯერ არ ვიცი დაზუსტებით, კონკრეტულად რომელი მხარე სცოდავს ამ შემთხვევაში, პოლიცია თუ დაკავებულები, მაგრამ საუბარია უკიდურესად გაჭირვებულ ხალხზე, რომლებმა მიუხედავად ამ გაჭირვებისა, არ მიატოვეს მშობლიური კუთხე. საიდან უნდა ჰქონოდა ამ ხალხს 100.000 ლარზე მეტი სიგარეტის შესაძენად, როცა ნახევრად მშივრები არიან, გადამწვარ სახლ-კარში თითო ოთახი ძლივს შეაკეთეს, რომ თავშესაფარი ჰქონდეთ. მათი ერთადერთი შემოსავალი, კონფლიქტის, ანუ სახიფათო ზონაში მდებარე ბაღ-ბოსტნებში მოწეული მოსავალია. ოკუპირებულ ტერიტორიის მოსაზღვრედ მცხოვრებ ხალხს აბსოლუტურად არავინ ეხმარება. არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება, შეულესავ, ბეტონის კედლებ-იატაკიან, პატარა ოთახებში უწევთ ცხოვრება რამდენიმე სულს, საწოლებიც კი არ აქვთ. ადგილობრივი პოლიციის უფროსი და თანამშრომლები არიან გადაკიდებული იქ მცხოვრებ, თითზე ჩამოსათვლელ ახალგაზრდებზე. მგონი, სპეციალურად ხდება ეს ყველაფერი, რომ აიძულონ ზარდიანთ კარში, გუგუტიანთკარში თუ სხვა ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ქართველები, რომ იქაურობა დატოვონ და ოკუპანტებს გაუადვილდეთ ამ ტერიტორიების მიტაცებაცო.
ახლა ვეკითხები გიორგი გახარიას, რომელიც შს მინისტრობამდე ეკონომიკის მინისტრი იყო, ბოლოს პრემიერი, რატომ არ ეხმარებოდა მისი მთავრობა უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებსაც დევნილის სტატუსი და შესაბამისი შემწეობაც მოუხსნეს, რადგან მშობლიურ კუთხეში დაბრუნდნენ? რატომ არ ეხმარებოდა გუბერნატორი ხოჯევანიშვილი ამ ხალხს, გორის რაიონის ეს სოფლები არ მიაჩნდა შიდა ქართლად? მაჟორიტარის სტატუსში რამდენჯერ მოინახულა კონფლიქტის ზონაში მყოფი სოფლები და გაეცნო მათ მდგომარეობას? როცა თანამდებობები გეკავათ, მაშინ არაფერი გაგიკეთებიათ ამ ხალხისთვის და ვითომ ოპოზიციიდან რამის გამკეთებლები ხართ? კახა საბანაძევ, შს პირველი მოადგილის თანამდებობა გახარიას შს მინისტრობის დროსაც რომ გეკავა და მისი გაპრემიერების შემდეგაც, როდისმე დაინტერესდი რა ხდება კონფლიქტის ზონაში, რა პრობლემა ჰქონდა იქ მცხოვრებ ხალხს? იქნებ ,,ანგელოზები” არიან შიდა ქართლელი პოლიციელები და ,,კონტრაბანდისტები” ცილს სწამებენ, ეს მაინც გაგერკვია. თქვენ და თქვენ ფანკლუბს გაქვთ პრეტენზია, რომ საქართველეოს მხსნელები ხართ? მართლაც სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს.