გააიაფებთ საწვავს, თუ პოლიციას დავუძახოთ?!

„დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს“, ამ სათაურით ავრცელებს განცხადებას „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ (აფბა). აფბა საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ დღეს, როგორც საერთაშორისო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე მოქმედი, ასევე ადგგილობრივი პარამეტრები იძლევა საშუალებას, რომ საქართველოში დაიწყოს საწვავის გაიაფება.

აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წელს, საწვავის ფასი საქართველოში განუხრელად იზრდება. მან ისტორიაში პირველად გადალახა ყველა ფსიქოლოგიური ნიშნული და ერთი ლიტრი საწვავის ფასი გასცდა 3 (სამი) ლარს. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ ზღვრის გადალახვამ გამოიწვია სოციალური ფონის კიდევ უფრო გაუარესება იმდენად, რამდენადაც საწვავი არის სოციალური, არაელასტიური პროდუქტია, რომლის კომპონენტიც თითქმის ყველა პროდუქტში გვხვდება და მისი ჩანაცვლება შეუძლებელია. ამას ადასტურებს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებიც, სადაც ბოლო წლების ყველაზე მაღალ ინფლაციაში (9,9%) მნიშვნელოვანი წილი, სწორედ საწვავის ფაქტორს უჭირავს. 

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციას“ მიგვაჩნია, რომ ბოლო პერიოდში არ არსებობს საწვავის ფასის ასე მასშტაბურად გაძვირების რეალური მიზეზი. კერძოდ, მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასი გაიზარდა საშუალოდ 7,6%-ით. ყველაზე ოპტიმალური და მოკრძალებული გათვლით, ერთი ლიტრის ფასიც ამავე პერიოდში საქართველოში გაძვირდა 7,5%-ით. ამავე პერიოდში თითქმის 11%-ით გამყარდა ეროვნული ვალუტა (ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი), რასაც უნდა გაებათილებინა ნავთობის გაძვირება და შეეძლო  საწვავის ფასის ზრდა შეჩერება, მეტიც – გაიაფებაც კი.

რაც შეეხება დღევანდელ რეალობას, აფბა მუდმივად აკვირდება, როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, რომლებიც ზემოქმედებენ საწვავის ფასზე, ისე საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასების ცვალებადობას. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციაში მიგვაჩნია, რომ დღეს , როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი პარამეტრები იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყნის შიგნით დაიწყოს ფასების შემცირება. ბოლო ერთ თვეში, ნავთობის ფასმაც დაიწყო შემცირება და ერთ თვეში WTI-ის ნავთობის ფასი, ბარელზე საშუალოდ 6%-ით შემცირდა. ამავდროულად, ლარის კურსი კვლავ აგრძელებს გამყარების ტენდენციას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აფბა-ში მიგვაჩნია, რომ დღეს საწვავის გაიაფების ყველა რესურსი არსებობს, რაზეც დაუყოვნებლივ უნდა მოახდინონ რეაგირება იმპორტიორმა კომპანიებმა, რაც მნიშვნელოვანი შვება იქნება, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბიზნესსუბიექტებისა და საზოგადოებისთვის“, ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.