„ახალგაზრდა ადვოკატები“: მოქალაქეს, ჩამორთმეული ქონების გამო, სახელმწიფო 312.500 ლარს გადაუხდის

საქმე ეხება ბაკურიანში ჩემპიონატის გამო ჩამორთმეულ უძრავ ქონებას.

2023 წლის, 25 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ექსპროპრიაციის გზით ჩამორთმეული უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ანაზღაურების სახით, ყოფილი მესაკუთრის სასარგებლოდ 312.500 ლარის კომპენსაციის ანაზღაურება დაევალა. სასამართლომ გაიზიარა სარჩელი, უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის ნაწილში და არ გაიზიარა მომჩივანი მხარის მტკიცება, უძრავი ნივთის დათმობით მიუღებელი შემოსავლის გადახდევინებასთან დაკავშირებით, რითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მოქალაქე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2.500 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობდა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, „დიდველზე“. 2021 წლის 29 ოქტომბერს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილით, მოქალაქეს ეცნობა, რომ სახელმწიფო გამოთქვამდა დაინტერესებას უძრავი ქონების გამოსყიდვაზე, ვინაიდან მიწის ნაკვეთი ექცეოდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში. კერძოდ, 2023 წელს, საქართველოს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში უნდა ემასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატის – თხილამურებსა და სნოუბორდისთვის თავისუფალი სტილით სრიალში. ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საჭირო გახდა ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მოქალაქის უძრავი ქონება კი მოექცა, სახელმწიფო პროექტით განსახორციელებელი სამუშაოების არეალში.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის ოქტომბრის საექსპერტო დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეფასებული იქნა 312.500 ლარად. ამასთანავე, მოქალაქემ მოითხოვა უძრავი ნივთის ექსპროპრიაციის შედეგად, საკუთრების კომერციული ფასის განსაზღვრა და მიუღებელი შემოსავლის დადგენა. ერთ-ერთი აუდიტორული კომპანიის დასკვნის თანახმად, სახელმწიფოს მხრიდან კონფისკაციის შედეგად მისაღები (მიუღებელი) შემოსავალი 2022 წლის თებერვლის თვის მდგომარეობით, შეადგენდა 1.250.000 ლარს, რასაც ქონების დათმობის შემთხვევაში, მხარე მიიღებდა მომდევნო ათი წლის განმავლობაში.

ცნობისთვის: სასამართლოს სარჩელი 2022 წლის მაისში წარედგინა, საქმე მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა განიხილა. მოქალაქის ინტერესები ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა წარმოადგინა.