როგორც სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი ირაკლი ჯანყარაშვილი აცხადებს, როგორც ყველგან, აჭარაშიც სახეზეა ნაცებისდროინდელი და მოქმედი, კოჰაბიტირებული მაღალჩინოსნების საქმიანი „ტანდემი“. ამ მაღალჩინოსნებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) წარმომადგენლებიც იგულისხმება. მართლაც საშიშია, როცა ოფიცრის მუნდირში გამოწყობილი ინდივიდები განიხილავენ მშენებლობისა თუ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ნებართვების გაცემა-გასხვისების საკითხს.
აჭარაში მავანთა მიერ მონოპოლიზებულ ბიზნესსფეროზე, ირაკლი ჯანყარაშვილი უფრო დეტალურად გვესაუბრება.
ჟურნალისტის განცხადებით, ხულო-ქედა-შუახევი, ანუ მთიანი აჭარა, „მარადმწვანე“ პარლამენტარს ანზორ ბოლქვაძეს აქვს „ჩაბარებული“ (მას თურმე „მარადმწვანე“ ანზორასაც ეძახიან აჭარაში), კარიერებს, ანუ წიაღისეულის მოპოვების ბიზნესს ის კურირებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამასთან, დავით რიჟვაძესთან ერთად.
ირაკლი ჯანყარაშვილი: „ბოლქვაძე და მამა-რიჟვაძე ერთმანეთში არიან „დალაგებული“ და მათ არავინ ეხება. ნებისმიერ სხვა კომპანიას რომ გაუჩნდეს ინერტული მასალების მოპოვების სურვილი, ამ „დუეტის“ ნებართვის გარეშე, იქ ასვლას ვერ ახერხებენ. რაც შეეხება მათ „კარიერულ“ საქმიანობას, დიდი ალბათობით, ეს „ბიზნესჯგუფი“ უკანონოდ მოიპოვებს ინერტულ მასალას იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი დოკუმენტაციის წარდგენა არ შეუძლიათ შესაბამისი უწებებისთვის, იქნება ეს გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი, თუ სხვა.
ანზორ ბოლქვაძე ინერტული მასალების მოპოვებასთან ერთად, ხულოში ხე-ტყის ბიზნესით, მასალის გატანითაცაა დაკავებული, სადაც „ავ ენებს“ თუ დავუჯერებთ, ასევე წილში უზის დავით რიჟვაძე.
ჩემი აზრით, აქ მთავარი მაინც ის არის, რომ „მარადმწვანე“ ანზორა, როგორც ნაცების მმართველობისას „იპრავებდა“ ყველაფერს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც იგივე ხდება, რა გავლენებითაც ნაცრეჟიმის დროს სარგებლობდა, „ქართული ოცნების“ მმართველობისასაც იგივე გავლენები აქვს. ბოლქვაძე უკვე მეოთხედ არის პარლამენტის წევრი, ჯერ ნაციონალების სიით გახდა მაჟორიტარი დეპუტატი ხულოდან. შემდეგ პაატა ბურჭულაძესაც ყავდა სიაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. მერე, თუ სწორად მახსოვს, როგორც ამბობდნენ, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა „გადაიბირა“ და მარტო მმართველ პარტიაში კი არ „გადმოაპორტირა“, პარლამენტშიც შეიტანა „ქართული ოცნების“ სიით. მოკლედ, ერთ არჩევნებში ბოლქვაძემ ორი, სხვადასხვა პარტიის ნომრით მიიღო მონაწილეობა. 2020 წელს კი, მეორედ გახდა მმართველი პარტიის სიით, ხალხის „რჩეული“.
ახლა რა ასე ვთქვათ, „ფიშკაა“ ამ ადამიანს ხელში – ეს არის ფული, გავლენები და „კრიშა“. ხულოში ნაბიჯს ვერ გადადგამ, თუ ანზორ ბოლქვაძის კლანს არ შეუთანხმე. ინერტული მასალების მოპოვების თემაში, ბოლქვაძესთან ერთად გარემოს დაცვის ადგილობრივი სამსახურის წარმომადგენლებიც უშუალოდ არიან ჩარეული, რადგან ისინი თვალს ხუჭავენ ხსენებული მასალის უკანონოდ და განუსაზღვრელი ოდენობით მოპოვება-გატანაზე. ჩემი ინფორმაციით, გარკვეული სისტემაც ჰქონიათ შემუშავებული, ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორების, თუ რაც ჰქვიათ, დასწრებით ხდება „მომპოვებელთა“ მუშაობა. ეს ინსპექტორები ცვლების მიხედვით მუშაობენ, აღარ მახსოვს გარემოზე ზემოქმედების ადგილობრივი სამსახურის უფროსის გვარი, ის ატყობინებს თურმე წინასწარ „ბოლქვაძე და კომპანიას, რომელი ცვლაა, მიდიან „დამცველები“ ადგილზე და ხდება შეთანხმება, რა რაოდენობის მასალა უნდა გაიტანონ კონკრეტულ დღეს. წლებია, გრძელდება ხულოში ასეთი მტაცებლური ფორმით, ინერტული მასალების მოპოვება-გატანა, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლებიდან ჯერაც არავინ დაინტერესებულა ხეობის ლანდშაფტური მდგომარეობით, თუ რა ვითარებაა.
მოგეხსენებათ, ინერტული მასალის ამოღება მდინარეების კალაპოტიდან ხდება, რეგიონიდან იმ რაოდენობის მასალა გადის, რისი ფიზიკურად მოპოვებაც კი შეუძლებელია, თუკი იქ რაიმე არ დაზიანდა. მთიანი აჭარა, ეკოლოგიურად ყოველთვის ძალზე მგრძნობიარე რეგიონი იყო, გამორჩეული ეკომიგრანტების სიმრავლით, ამ დროს ეს ხალხის „რჩეული“ ბოლქვაძე გავლენიან პარტნიორებთან ერთად, ათწლეულია ინერტულ მასალებს რომ ეზიდება, ცხადია, საფრთხეს უქმნის ეკოსისტემას და კიდევ უფრო ზრდის ეკომიგრაციის საფრთხეს. „ოცნების ქალაქის“ შესახებაც იცის საზოგადოებამ, ეს დასახლება 2012 წელს შეიქმნა, ოქტომბრის თვეში ჩამოსახლდნენ აქ პირველად ეკომიგრანტები. ჩვეულებრივი ბარაკული ტიპის დასახლებაა, ახლა შენდება კორპუსები, რომ ეს ხალხი, ბინებით დააკმაყოფილონ. თუ სასწრაფოს არ მიაქცია ყურადღება შესაბამისმა უწყებებმა და ორგანოებმა მთიან აჭარაში არსებულ განუკითხაობას, ვიმეორებ, ეკომიგრანტების რიცხვი გაცილებით გაიზრდება. ხსენებული სამსახურები თუ დაინტერესდებიან და შეისწავლიან მთიანი აჭარის ლანდშაფტს, ინერტული მასალების მოპოვების თვალსაზრისით, თუ რა რაოდენობის მოპოვება შეიძლება, მარტივად დაადგენენ, რომ უკანონობასთან გვაქვს საქმე. გარემოზე ზემოქმედების სამსახური კი, პრაქტიკულად არაფერს აკეთებს, ერთი დოკუმენტიც კი არ გამოქვეყნებულა. ჟურნალისტები რომ დაინტერესდეთ და მიმართოთ ხსენებულ სამსახურს, მოგაწოდონ ინფორმაცია, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რა რაოდენობის ინერტული მასალაა გატანილი, საერთოდ, ზოგადად, გარემოსთან მიმართებაში, რას აკეთებენ ეს „დამცველები“, პასუხს ვერ მიიღებთ. ნებისმიერმა ორგანიზაციამ, რომ მოითხოვოს დოკუმენტაცია კვლევისა და ექსერტიზისითვის, ვერც დოკუმენტაციას მიიღებს და მეტიც, მათ უბრალოდ არ აუშვებს ანზორ ბოლქვაძე ხულოში, არ მისცემს იქ რაიმე კვლევის ჩატარების საშუალებას. ამას როგორ ახერხებს, ეს მეორე საკითხია. ეს იმის შედეგია, რომ რომ კლანური მმართველობაა აჭარაში, გაბატონებულია ბოლქვაძე-რიჟვაძის კლანი თავისი „სატელიტებით“. ამ „გავლენიანების კასტას“ მიეკუთვნება რა თქმა უნდა, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანიც. ხსენებული კლანის ნაწილს, რიჟვაძე-ჩიქოვანის „განშტოებას“ ბათუმი აქვთ გადანაწილებული, ისინი გახლავან პასუხისმგებელნი. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩიქოვანი ნაცჯალათის, სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას მარჯვენა ხელი, მთავარი დასაყრდენი იყო აჭარაში.
მანანა სუხიშვილი
599512824
(გაგრძელებას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ)