ვაგრძელებთ საუბარს აჭარაში პორტირებულ-კოჰაბიტირებულთა მიერ „მონოპოლიზებულ“ ბიზნესსფეროზე

ვაგრძელებთ საუბარს აჭარაში პორტირებულ-კოჰაბიტირებულთა მიერ „მონოპოლიზებულ“ ბიზნესსფეროზე. ხულოს მუნიციპალიტეტში ბოლქვაძე-რიჟვაძის კლანის სამთო-სატყეო „მოღვაწეობის“ შესახებ, გარკვეულწილად უკვე ვისაუბრეთ. ისე, მონოპოლიზების გარდა რა შეიძლება დაერქვას „პატიოსან გვამთა“ ქმედებას, რის შესახებაც სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი ირაკლი ჯანყარაშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერ „გარედან“ შესულ კომპანიას, რომელსაც შესაბამისი დოკუმენტაცია სრულ წესრიგშიც რომ ჰქონდეს და ითხოვდეს, ხულოს მუნიციპალიტეტიდან სულ რამდენიმე მანქანა ინერტული მასალის ამოღება-გატანას სამშენებლო საქმიანობისთვის, ხსენებული კლანის „ლიდერ-შიფი“, ამის საშუალებასა და უფლებას არ აძლევს.

ირაკლი ჯანყარაშვილი: „როგორც უკვე გითხარით, „მარადმწვანე“ ანზორას, ყველა ხელისუფლებასთან აქვს „დალაგებული“, რომ ყველაფერი მისი ვიწრო წრის ხელში იყოს, რომელსაც თავად აკონტროლებს. ის, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში უამრავი პრობლემებია, „მარადმწვანე რჩეულს“ საერთოდ არ აღელვებს. აქ სოციალურად დაუცველი ოჯახებიც ბევრია, არადა მუნიციპალიტეტში განვითარების დონე, არსებულზე გაცილებით მაღალი უნდა იყოს, რადგან მრავალფეროვანი და მოცულობითი რესურსების მატარებელია ხულო. ადგილზე რომ ჩახვიდეთ და გლეხობას გაესაუბროთ, გეტყვიან, რომ სოფლის მეურნეობა, ასე დაკნინებული არ უნდა იყოს. მაგალითად, კარტოფილის კულტურა სერიოზულად, ძლიერად იყო განვითარებული. ხულოში საუკეთესო კარტოფილი მოდის, მაგრამ ადგილობრივი ბაზარი, უცხოეთიდან შემოტანილი ამ ბოსტნეულითაცაა გაჯერებული. რატომ უნდა შემოდიოდეს კარტოფილი იმპორტზე, თან დიდი ოდენობით, როცა შეგვიძლია ადგილზე ბევრად უკეთესი ხარისხის მოვიყვანოთ?! ანზორ ბოლქვაძეს თავისუფლად შეუძლია სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით იმუშაოს, ხომ აქვს პრეტენზია, რომ მისი მშობლიური კუთხის „რჩეულია“?! მას ვითომ იმისთვის მისცეს ხმა არჩევნებზე იქაურებმა, ინერტული მასალები და ხე-ტყე გაზიდე ხულოდანო, თუ სოფლისა და მუნიციპალიტეტისთვის რომ მიეხედა?! „მარადმწვანე“ მაჟორიტარს ხულოს მუნიციპალიტეტის წინა მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთანაც ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა და დღესაც იგივე გრძელდება. ინერტული მასალების ის რაოდენობა, რაც წლების განმავლობაშია ხულოდან გასული, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. მე, როგორც ერთ ადამიანს, მოქალაქეს და ჩემს ხულოელ მეგობრებსაც (საკმაოდ ბევრნი არიან), დიდი სურვილი გვაქვს, რომ ცენტრალური ხელისუფლება დაინტერესდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მდინარეების (სხალთა, ღორჯომი, ჭოროხი) მდგომარეობით, საიდანაც ხდება ინერტული მასალების ამოღება. ადგილობრივები ძალიან ღელავენ იმ მოსალოდნელ საფრთხესთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ეკომიგრანტების რაოდენობა უფრო მეტად გაიზარდოს, ასე დაზიანდეს ეკოსისტემის სხვა ტერიტორიებიც.

არაერთხელ დასმულა კითხვა აჭარაში, რატომ აქვს მონოპოლია აღებული, ხულოში ინერტულ მასალებზე ორ ადამიანს, რომელთაგან ერთი „ქართულ ოცნებაში“ გადაპორტირებული პარლამენტარია, მეორე კი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის მამაა. იმ რიჟვაძის, რომელსაც მამიკო დავითმა განათლება, სააკაშვილის რეჟიმის დროს მიღებული პრემიების მეშვეობით მისცა. იმ პერიოდში კი, რაც ხდებოდა, ძირითადად რის გამო ღებულობდნენ „ჯილდოებს“, ფორმიანი თუ უფორმო მოხელეები, ყველამ კარგად ვიცით. დავით რიჟვაძე ის პიროვნებაა, რომელმაც რამდენადაც ვიცი, ორ ადამიანს მძიმე დანაშაული, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დააბრალა, რითაც 10-15-წლიანი პატიმრობისთვის გაწირა.

ნაციონალების მმართველობისას მამა-რიჟვაძე კონტრდაზვერვის სამსახურში მუშაობდა, მერე სამხედრო დაზვერვის რომელიღაცა სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, მისი უფროსი კახაბერ საბანაძე გახლდათ (მოგეხსენებათ, კახაბერი „ქართული ოცნების“ მმართველობისასაც იკავებდა მაღალ თანამდებობებს ძალოვან სტრუქტურებში, სანამ ექს-შეფ და „თანამოაზრე“ გიორგი გახარიასთან ერთად არ მოკურცხლა თანამდებობიდან და მმართველი გუნდიდანაც. – მ.ს.). იმ „გადამტრიალებელთაგან“ ერთ-ერთი ცოტნე ანანიძეა, რომელიც დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“.

ფოტოზე გახლავთ აჭარის მთავრობის მეთაურის მამა, ექს-„მზვერავი“ და ექს-„შერიფი“ დავით რიჟვაძე.

რეალურად კი, ცოტნე ანანიძე იმის გამო დაიჭირა რიჟვაძემ, რომ ანანიძე თუ არ ვცდები, 2009-2011 წლებში, საპროტესტო აქციებს მართავდა აჭარის ტელევიზიასთან და თურმე ეს ადამიანი სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა.

ასე რომ, დავით რიჟვაძე სააკაშვილის რეჟიმის დროს, რიგითი აქტივისტი, ან რიგითი ძალოვანი კი არა, უშუალო შემსრულებელი იყო აჭარაში.

ბათუმის მერად კი, როგორც უკვე გითხარით, ცნობილი ნაცჯალათის, მეგის ქარდავას მარჯვენა ხელი აჭარაში, არჩილ ჩიქოვანი „მოგვივლინეს“.

არჩილ ჩიქოვანი 2005-2010 წლებში იკავებდა სპეცოპერატიული დეპარტამენტის(სოდ-ი) უფროსის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2010-2012 წლებში გახლდათ აჭარის სამხედრო პოლიციის შეფი. ჩიქოვანი ამ თანამდებობაზე დაინიშნა, აჭარის კუდ-ის მაშინდელი უფროსის, შემდგომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებულის, ამჟამად ქვეყნიდან გაქცეული თემურ პატარიძის უშუალო პროტეჟით, მეგის ქარდავასთან. სხვათა შორის,აჩილ ჩიქოვანის უშუალო მითითებით, სამხედრო პოლიციიდან ბევრჯერ გაუთავისუფლებიათ თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით. ერთ-ერთი მათგანი, ახლა შსს-ს მაღალჩინოსანია და კარგი იქნება, თუ პირადად მას კითხავთ, საინტერესო იქნება მისი პასუხი, იმედია, არ დამალავს, რატომ გაათავისუფლეს თავის დროზე, სამსახურიდან.