პოლონეთის ეროვნული გმირის, ვალერიან თევზაძის საფლავი, „თევზაძეთა საგვარეულო კავშირის წევრებმა პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს და 26 მაისი აღნიშნეს..
მიმდინარე წლის 22 მაისს, ვარშავის უნივერსიტეტის მიწვევით, პოლონეთში იმყოფებოდნენ „თევზაძეთა საგვარეულო კავშირის“ წარმომადგენლები: კავშირის თავმჯდომარე კლიმენტი თევზაძე; აღმასრულებელი მდივანი, ცნობილი უფლებადამცველი, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, სამხედრო ვეტერანთა ომბუდსმენი გიორგი თევზაძე; საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე; მედიცინის დოქტორი ლაშა თევზაძე; ასევე წევრები კახაბერ და ნოდარ თევზაძეები. „თევზაძეთა საგვარეულო კავშირის“ წარმომადგენლებმა, მონაწილეობა მიიღეს ვარშავის უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო პრესკონფერენციაში.
2024 წლის 24 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქვემო სილეზიის სავოევოდოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქალაქ ვროცლავში არსებული, საქართველოს საპატიო საკონსულოს ინიციატივით და ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის დავით ყოლბაიას ორგანიზებით, ქ. ძერჟინივიუში ჩატარდა ოფიციალური ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქვემო სილეზიის, როგორც მაღალი თანამდებობის პირებმა, ისე ქართული დიასპორული ასოციაცია „საქართველოს“ წევრებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს კონსული პოლონეთში თენგიზ ფურცელაძე საელჩოს წარმომადგენელთან ერთად. სწორედ, ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოდან სპეციალურად მოწვეული სტუმრები – „თევზაძეთა საგვარეულო კავშირის“ წარმომადგენლები.
ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში, კონსულმა თენგიზ ფურცელაძემ, საქართველოს საპატიო კონსულმა ქ. ვროცლავში ვოიჩეხ ვრობელმა, საქართველოდან მოწვეულმა სტუმრებმა, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ყოლბაიამ და ქვემო სილეზიის სავოევოდოს მაღალი თანამდებობის პირებმა, გვირგვინებით შეამკეს პოლონეთის ეროვნული გმირის, პოლკოვნიკ ვალერიან თევზაძის საფლავი. სიტყვით გამომსვლელებმა, აღნიშნეს მისი ფასდაუდებელი ღვაწლი, პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. „თევზაძეთა საგვარეულო კავშირმა“, ვალერიან თევზაძე კავშირის უმაღლესი ჯილდოთი, ოქროს თევზითა და სიგელით დააჯილდოვა, როგორც წარჩინებული გვარიშვილი. ჯილდო დიასპორული ასოციაციის წარმომაგენლებს გადაეცა და ადგილსამყოფელს პოლონეთში დაიდებს, საბოლოო ადგილს კი, ვალერიან თევზაძის სახლ-მუზეუმში დაიმკვიდრებს. ღონისძიება, ღირსების საზეიმო ზალპით დასრულდა.
ჟურნალისტმა კომენტარი სთხოვა უფლებადამცველ გიორგი თევზაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ ვიზიტი ძალზე მნიშვნელოვანი და ემოციური იყო.
გიორგი თევზაძე: „პირველ ყოვლისა, ჩვენ პოლკოვნიკ ვალერიან თევზაძის საფლავი მოვინახულეთ და პატივი მივაგეთ ჩვენს გამოჩენილ, ღირსეულ გვარიშვილს, რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის, როგორც საქართველოს (ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლს), ისე პოლონეთის წინაშე, როგორც გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ მებრძოლს. ამას სათანადოდ აფასებს პოლონელი ერი და მისი მთავრობა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით. აქვე ავღნიშნავ ჩვენი თანამემამულის, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის, დავით ყოლბაიას უდიდეს, განუსაზღვრელ ღვაწლს, რასაც იგი აკეთებს საქართველოსა და ჩვენი დიდი წინაპრების წარმოჩენა-პოპულარიზაციისთვის. სწორედ, ასეთი ადამიანებისადმი თანადგომა და მხარდაჭერა იქნებოდა მნიშვნელოვანი, საქართველოს ხელისუფლების და პოლონეთში მოქმედი ჩვენი საელჩოს მხრიდან“.