„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელის“ კლიენტებთან დარღვევის გამო, რეაგირებისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს და პროკურატურას მიმართავს. კერძოდ, „ახალგაზრდა ადვოკატები“ ამ უწყებებს „ბერმელის“ საქმიანობის კანონიერების შესწავლის მოთხოვნით მიმართავენ. „მსესხებლებთან და მომხმარებლებთან სამართლებრივი ურთიერთობის პროცესში, იკვეთება არაკეთილსინდისიერი და სავარაუდო დანაშაულის ნიშნები, რაც თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების შემთხვევებს გამოხატავს“, აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში, რომელსაც ცალკეული დაზარალებული მოქალაქეების საქმეების შესწავლის შედეგად აკეთებს.
ორგანიზაციის იურისტის კობა ბურკაძის განცხადებით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, მათ სხვადასხვა დაზარალებულმა მოქალაქეებმა მიმართეს, რომელთა წინაშე მდგარი პრობლემები, დეტალურად იქნა შესწავლილი. ვინაიდან შესწავლილი დოკუმენტაციით, მასშტაბური ხასიათის შესაძლო კანონდარღვევა იკვეთება და ადგილი შეიძლება ჰქონდეს, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის სისტემურ ხასიათს, „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიზანშეწონილად მიიჩნევს გარემოებების თაობაზე, საქმის კურსში ეროვნული ბანკი და გენერალური პროკურატურა ჩააყენოს. მისი განმარტებით, შესწავლილი მასალებით დგინდება, რომ მისო „ბერმელის“ ჩვეულებრივ საქმიანობას წარმოადგენს შემდეგი სახის ოპერაციების განხორციელება:
1. კომპანია სესხს გასცემს აშშ დოლარში და გაცემულ სესხს იბრუნებს აშშ დოლარის ვალუტაში;
2. კომპანია სესხის მომსახურე თანხას იბრუნებს სალარო მომსახურეობით და არა – საბანკო ანგარიშზე შეტანის სახით;
3. კომპანია სესხის ხელშეკრულებაში არ უთითებს საბანკო რეკვიზიტებს და არ ცნობს მათ გამოყენებას;
4. კომპანია არ აძლევს მომხმარებელს შესაძლებლობას, თანხის შენატანის ჩეკში დააფიქსიროს თანხის შენატანის დანიშნულება, რაც მსესხებელს უფლებამოსილებას ართმევს მიუთითოს სწორი დანიშნულება, ხოლო გამსესხებელს აძლევს საშუალებას – შეცვალოს დანიშნულების შინაარსი;
5. კომპანია მომხმარებლებს მიზანმიმართულად უძვირებს სესხს და აღნიშნულს უკავშირებს პროგრამულ ხარვეზებსა და ე.წ. ყალბი სესხების საქმეს, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაშია;
6. კომპანია, მიუხედავად სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისა, მოქალაქეების მიმართ არ გასცემს ვალდებულებების დასრულების შესახებ ცნობებს და არ ახდენს იპოთეკით დატვირთული უამრავი ქონებების, იპოთეკიდან გათავისუფლებას;
7. კომპანია ცალკეული მომხმარებლების მიმართ გაცემული შემოსავლის ორდერებთან მიმართებით, განმარტავს, რომ ეს დოკუმენტები ყალბია და არ გასცემს ინფორმაციას, დასახელებული შემოსავლის ორდერების ყალბად მიჩნევის საკითხებზე.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, ზემოდასახელებულ მიდგომებსა და ტენდენციებში მისო „ბერმელის“ საქმიანობის კანონიერება უნდა შემოწმდეს. ორგანიზაცია ფიქრობს, რომ კომპანია არღვევს მომხმარებელთა უფლებებს და საქართველოს ეროვნული ბანკის იმ რეგულაციებს, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის პრინციპებს შეეხება. მთლიანობაში, საკითხი საჭიროებს შესწავლას და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, სამართლებრივი დასკვნის წარმოდგენას. ორგანიზაცია განმარტავს, რომ ასეთი დაზარალებული მოქალაქეების საქმეებს, უკვე წარმართავს სასამართლოში და საზოგადოებას პრობლემის მიმართ აქტიურობისა და მეტი წინდახედულობისკენ მოუწოდებს.