ხელისუფლების დაპირება, რომ რუს ტურისტებს სხვა უცხოელებით ჩაანაცვლებდნენ, მოგეხსენებათ, ცარიელ სიტყვებად დარჩა. „რუსეთის ჩანაცვლება ვერ მოხერხდა“, ადასტურებს 44 წლის ოთარი (გვარს შეგნებულად არ ვაფიქსირებთ – მ.ს.) კაფეს ყოფილი მფლობელი, – პრობლემები მაშინვე დაიწყო (იგულისხმება ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ, რუს ტურისტებზე განხორციელებული თავდასხმები „პატრიოტების მხრიდან), ხელისუფლება გვპირდებოდა, რომ ჩამოვიდოდნენ ირანელები, არაბები, ჩინელები. რაო, ჩინელებს ლობიოსა და ხაჭაპურის გარეშე, სიცოცხლე არ შეუძლიათ? ჩემი სტუმრების 70% რუსეთიდან იყვნენ, რომლებსაც არ ჭირდებოდათ ახსნა, რა არის ქართული სამზარეულო. კი, მერეც ჩამოდიოდნენ რუსეთიდან, მაგრამ 20-ჯერ ნაკლები. გადაჯდომებით ფრენა მოუხერხებელია, ამიტომ რუსმა ტურისტებმა სხვა მიმართულებების არჩევა დაიწყეს. ძლივს გამქონდა თავი, მოგებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ფული გათავდა, კორონავირუსმაც იფეთქა და გავყიდე ჩემი პატარა კაფე“.
20 წლის ვახტანგმა, შემოსავლის წყარო 2019 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების შეწყვეტიდან ერთი თვის თავზე დაკარგა. ის ტურისტულ სააგენტოში მუშაობდა და მეპატრონემ სხვებთან ერთად, ვახტანგიც გაათავისუფლა, შეამცირა პერსონალი. „კარანტინის დროს, იცით, როგორ გადავრჩი? სოციალურ ქსელებში ჯგუფები შევქმენით, ინტერნეტის მეშვეობით ვპოულობდით მყიდველებს და რუსეთში ვაგზავნიდით ქართულ პროდუქტებს, ხურმის ჩირს, ჩურჩელას, მწნილებს, კაკლის მურაბას, სინაურ ღვინოს. ეს დაგვეხმარა ათობით ადამიანს, რომ შიმშილით არ დავხოცილიყავით. ამერიკა, დასავლეთ ევროპაო გაიძახიან, რაღაც არ მახსოვს, ამერიკელებს ხმელი სუნელი ფოსტით შეეკვეთათ. როცა ჩვენი ბრძენი ხელისუფლება რუსეთს წაეკიდება, ის არასდროს ფიქრობს ისეთ ადამიანებზე, როგორიც მე ვარ“, ამბობს ვახტანგი.
ტრაბახობდნენ, რომ რუსი ტურისტების გარეშეც იოლად გავიდოდნენ
რუსი ჟურნალისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახლანდელი პრობლემები, რომლებმაც მთლიანად დაასამარა ტურისტული ინდუსტრია საქართველოში, კონკრეტულად პანდემიითაა გამოწვეული. ჩაიკეტა საზღვრები, საერთაშორისო მოგზაურობები განადგურებულია, კოვიდ-19 რომ არ ყოფილიყო, საქართველოს რამდენიმე წლის შემდეგ, შეიძლება ჩვენი ტურისტების გარეშეც აღედგინა შემოსავალი, მიუხედავად ამისა, როცა უყურებ ცარიელ ტროტუარებს და რუსულენოვანი სარეკლამო პლაკატების ნაფლეთებს, ხვდები ყველაზე მეტი ფული ვინ მოუტანა ქართველებს. რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მოგზაურობის თითქმის მთლიანმა შეწყვეტამ, ადგილობრივ ტურისტულ ბიზნესს, ასობით მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა, აიულა ვალებში გახვეულიყო და სეიოზულად შეემცირებინა მომსახურე პერსონალის რაოდენობა. შეიძლება პოსტკოვიდური ვითარება ასეთი კატასტროფული არ ყოფილიყო, საქართველოს რომ არ დაეკარგა არსებითი შემოსავალი, რომელსაც აწ გამქრალი რუსი სტუმრებისგან ღებულობდაო. „ალბათ, უფრო სხვაგვარად იქნებოდა ყველაფერი“, მიდასტურებს ტურაგენტი მიხეილი – „როცა ფულით გატენილი მუთაქა გაქვს, ასეთი რაღაცების გადატანა ადვილია. ახლა კი მხოლოდ თვითკმარობაზე მუშაობ და მორიგი დარტყმა მოგცელავს. ჩვენი მინისტრები ბაქიბუქობდნენ, რომ რუსების გარეშეც, მშვენივრად გავიდოდით იოლას. თვითონ კი გავიდნენ, მაგრამ მე საერთოდ უმუშევარი დავრჩი.
„დაღუპული“ კაფეების სასაფლაო
ყველაზე აპოკალიფსური ატმოსფერო „მეიდანშია“, ძველი თბილისის ცენტრში, სადაც ჩვეულებრივ მთელი ღამე გრძელდებოდა დროს ტარება, რესტორნები 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ, ხალხი მღეროდა და ცეკვავდა. ახლა ეს მკვდარი ზონაა, „დაღუპული“ კაფეების, ბარებისა და ღვინოთეკების სასაფლაო. იშვიათი გამვლელები გვერდს უვლიან სასწაულად გადარჩენილ „სამიკიტნოს“. ერთ დროს აქ ნემსის ყუნწი არ ჩავარდებოდაშია, ახლა თუ გინდა ბურთი ითამაშე, თუმცა რუსულენოვან მენიუს ინარჩუნებენ. „იმედი გვაქვს, რომ რუსები ისევ ჩამოვლენ“, სევდიანად მიღიმის ოფიციანტი ქეთევანი. პერიოდულად „მეიდანში“ ქუჩის მუსიკოსებიც მოდიან, სევდიან მელოდიებს უკრავენ, გაუგებარია ვისთვის… ეტყობა გადაბრუნებული სკამებისთვის. საქართველოში, ფინანსური დახმარებისთვის ოფიციალურად 200.000-მა ადამიანმა მიმართა, საერთოდ კი, ერთ წელიწადში ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო, არადა საქართველოს მთლიანი მოსახლეობა ამჟამად 3.700.000 ადამიანია.
„მე დიდ რესტორანში მმართველის მოადგილე ვიყავი, ახლა კი ტაქსის მძოლი ვარ“, ბრაზობს 33 წლის ავთანდილი, „200-ლარიან კომპენსაციას შემპირდნენ, აი, საოცრება! ორი წლის შემდეგ ყველა მიხვდა, რომ არ ღირდა შეურაცხყოფებით რუსების პროვოცირება. საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმიდან რეკლამა მოხსნეს, ახლა მას უბრალოდ, ვეღარ იპოვი, მაგრამ გვიანია, გენაცვალე, „ბორჯომის“ დალევა, როცა თირკმელები უკვე გათიშულია“, ამბობს ავთანდილი. საღამოა, სასტუმროსკენ მივიჩქარი, რადგან 9 საათიდან დილის 5 საათამდე, კომენდანტის საათი მოქმედებს. სუვენირების დაკეტილი მაღაზიის ვიტრინის გატეხილ მინაში, ქარი უსტვენს. ტაქსს ვიძახებ. საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რუსეთის წარმატების გადმოღება შიდა ტურიზმის აღორძინებასთან დაკავშირებით. ეს გეგმაც ჩავარდა, რადგან ხალხს ფული არ აქვს, ზღვისა და მთის კურორტების სასტუმროებში არავინ წავიდა. „არ იცით, როდის დაბრუნდებიან თქვენი ტურისტები საქართველოში“, მეკითხება ტაქსის მძღოლი. მე მხრებს ვიჩეჩავ. მან მძიმედ ამოიოხრა და დასძინა, „კაპიკებს ვშოულობ, იმედი მაქვს, უკეთესი დროის დადგომამდე გავატან“.
რუსული პრესის მიხედვით მოამზადა მანანა სუხიშვილმა.