`„გიხაროდენ“, „პოლიტპატიმრები“ თავისუფლები არიან!

მოკლედ, „ობიექტურ-დემოკრატიულმა“ დასავლეთმა ლამის „გლოვა“ გამოაცხადა, ჟორიკა-გიორგი რურუას, ამ „უმწიკვლო“ ფერმერსა და ინვესტორს ციხიდან თუ არ გამოუშვებთ, საქართველოს სახელმწიფოებრიობას საფრთხე დაემუქრებაო. ფეისბუქმომხმარებლებმა კი აღნიშნეს, ის ქვეყანა შევარცხვინეთ, რომლის სახელმწიფოებრიობაც ჟორიკაზე იქნება „დამოკიდებულიო“, მაგრამ რას იზამ, ძალა აღმართს ხნავს, მით უმეტეს, თუ ეს ძალა „მეგობრულ-პარტნიორულია“. 

მავანთათვის რომ გეკითხათ, რურუა-უმცროსი სულ ტყუილად დაიჭირეს, პირველი პრეზიდენტის ვაჟმაც კი გამოუცხადა „მგზნებარე“ მხარდაჭერა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ პოლიტპატიმარი გიორგი რურუაო. ეს მავანნი ამტკიცებდნენ, პოლიციამ ჩაუდო იარაღი რურუას, თორემ რაში ჭირდებოდა ეს გაუფორმებელი იარაღი, როდესაც ისედაც აქვს ტყუპ-ტყუპად „დაკანონებულებიო“. გასაგებია, რომ რურუა-უმცროსს მრავლად აქვს „დაკანონებული“, მაგრამ ერთი კითხვა მიჩნდება, რად უნდოდა ამ „უმწიკვლოებას“ ამდენი იარაღი, მუზეუმის გახსნას აპირებდა? ვის რას უმტკიცებთ, მარტო თბილისი კი არა, საქართველოა პატარა და ყველას კარგად ახსოვს (თუ იმ პერიოდში ჯერ დაბადებული არ იყო, ან ძალიან პატარა იყო, ანდა შეგნებულად დაიმართა ამნეზია) რაც ხდებოდა 90-იანი წლების დასაწყისის საქართველოში, ბუზებივით რომ ხოცავდნენ ერთმანეთს ახალგაზრდები თუ ძველგაზრდები. რას „მოღვაწეობდა“ იგივე „მხედრიონი“ თავისი ასე ვთქვათ, ძირი-შემადგენლობით, თუ შემდგომ მიტმასნილი დაჯგუფებებით, რომელთაგან გამორჩეულად სასტიკი „ვერის საძმო“ იყო, დამატებით „ბოროტებიც“ რომ შეარქვეს. ამ „ბოროტების“ ერთ-ერთი ლიდერი არ იყო ჟორიკა რურუა? მათი „საქმენი-საგმირონი“ ყველაზე კარგად პოლიცია-პროკურატურის მაშინდელ თანამშრომლებს ახსოვთ და ისიც ახსოვთ, როგორ ვერ „უმტკიცებდნენ“ ამ კასტას უამრავი თვითმხილველის წინაშე ჩადენილ დანაშაულს. „მაგათ ისეთი მფარველები ყავდათ, მართლმსაჯლებისთვის თავის არიდება, დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა“, მითხრა ერთმა ჩემმა რესპოდენტმა, რომელსაც მაგ დროუს მოუწია სამართალდამცავ სტრუქტურაში მუშაობა.

ისე, ლამის 30 წლის წინანდელი როგორ უნდა გამიკვირდეს, როცა თორაძეებისა და სხვათა მკვლელობაში რბილად რომ ვთქვათ, ეჭვმიტანილი ჟორიკა რურუა მარტო პოლიტპატიმრად კი არა, ლამის გმირად გამოაცხადეს. საქმეში ჩახედულთა განცხადებით, რურუა-უმცროსი სავარაუდოდ, ყველაზე მცირე დანაშაულისთვის დაიჭირა მოქმედმა ხელისუფლებამ. უდანაშაულობის პრეცუმფციას არ დავარღვევთ, მაგრამ ყველა მძიმე დანაშაული, სადაც სავარაუდოდ, ეს პერსონაც მონაწილეობდა, აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული, დამტკიცებული და სათანადო განაჩენი გამოტანილი, აცხადებს საღად და ობიექტურად მოაზროვნე საზოგადოება. სანდო და კომპეტენტური წყარო, გიორგი რურუასთვის იარაღის „ჩადების“ მტკიცებას და „გაფორმებულების“ არგუმენტის მოშველიებას აბსურდად მიიჩნევს, ვის და რატომ უნდა ჩაედო მაგისთვის იარაღი, როდესაც ისედაც ყოველთვის იარაღით დადიოდა. რაც შეეხება გაფორმება-გაუფორმებლობას, ყველა გაფორმებულ იარაღს ბალისტიკური ექსპერტიზა აქვს გავლილი

რომელიმე მათგანით დანაშაული რომ მოხდეს, მაშინვე დაადგენენ ვისი ჩადენილია. ჟორიკას რომელი იარაღიც აღმოუჩინეს, არ ჰქონდა ბალისტიკური ექსპერტიზა გავლილი. საქმეც მაგაშია, რომ ასეთი იარაღით თავისუფლად შეეძლო ვინმე მოეკლა, გაეწმინდა ეს იარაღი, მოკლულისთვის ხელში ჩაედო და მორჩა, ეძებე მერე მკვლელი. მაგას იმდენი მტერი ყავს, აწყობდა გაუფორმებელი იარაღი, ვიღაც რომ მისულიყო და რამე ეთქვა, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არც უპასუხებდა, ეგრევე დაახლიდა ტყვიას და იარაღსაც მიუგდებდა.

რაც შეეხება რურუა-უმცროსის გაფორმებულს „არსენალს“, რომელთა შორისაა, „ბრაუნინგი“, „ვალტერი“, „ვარდოსნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შსს-ს შეიარაღებაში გამოჩენილი ისრაელის წარმოების პისტოლეტი „იერიხო“ და ა.შ. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ამ საეჭვო წარსულის მქონე პიროვნებას, რომელიც შევარდნაძის მმართველობის დროს ოფიციალურად იყო ძებნილი იყო (სხვა საქმეებზე აღარაფერს ვამბობთ), ვინ უფორმებდა ამ რაოდენობის ცეცხლსასროლ იარაღს. ვინ უფორმებდა და სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლების სათავეში მოსული ნაცსექტა, მიპასუხეს ე.წ. ვარდოსნების მიერ „დაწუნებულმა“ და „ქართული ოცნების“ მიერ, რატომღაც „შეუწყნარებელმა“ პროფესიონალმა პოლიციელებმა.

2004 წელს, გიორგი-ჟორიკას რამდენიმე იარაღი აქვს გაფორმებული. იანვრის დასაწყისში, როდესაც შს მინისტრი კუბდარის „მოყვარული“ გია ბარამიძე ბრძანდებოდა, „სტეჩკინის“ მარკის პისტოლეტი გაიფორმა, ამავე წლის ივლისში, სავარაუდოდ, ოქრუაშვილის მინისტრობის დროს „ტეტე“, 11 აგვისტოს – სკს, კარაბინის მსგავსი იარაღია, გრძელი, სნაიპერულიო. ამავე დღეს გაუფორმები ჟორიკა-„კოლექციონერს“ „საიგა“. ასეთი იარაღი მანამდეც ჰქონდა და მეორეც დაიკანონაო. 20 სექტემბერს, ჩეხური პისტოლეტი „ჩეზე“ გაიფორმა, ამ პერიოდში ქვეყნის N1 პოლიციელი ნამდვილად ოქრუაშვილი გახლდათ. ვანო მერაბიშვილის „გახერხემალების“ შემდეგ 2005 წლის 24 იანვარს, „ბრაუნინგი“ გაუფორმეს რურუა-უმცროსს, 22 თებერვალს ისევ „ბრაუნინგი“, 23 მარტს „იერიხო“ საპატრულო პოლიციას რომ აქვს შეიარაღებაში, ხოლო 8 ივნისს „ვალტერი“. აი, ამდენ საბრძოლო იარაღს უფორმებენ პიროვნებას, რომელიც 1995 წლიდან ძებნილი იყო და რატომღაც 2001 წლის 28 იანვარს, ძებნიდან მოხსნეს, რადგან მის მიმართ აღძრული სს-ის საქმე დიდი ოდენობით გამოძალვის ბრალდებით რატომღაც შეწყვიტესო.