აზერბაიჯანის პრეზიდენტის მკვახე პასუხის ვიდეოჩანაწერი, ვირუსივით მოედო მსოფლიოს, წერს რუსული ინტერნეტმედია. საუბარი შეეხება ილჰამ ალიევის გასული წლის 9 ნოემბერს „ბი-ბი-სი ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუს, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას. პრეზიდენტის ფართო ინტერვიუს ფრაგმენტმა, დასავლელ ობივატელებში აღფრთოვანება გამოიწვია, აღნიშნავს რუსი ჟურნალისტი.
ალბათ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქვეყნის პირველმა პირმა, ასე მკაცრად უპასუხა მსოფლიოში ცნობილ, გავლენიან მედიაკორპორაციას. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხი, წმინდა ინგლისურით იქნა გაცემული და იმდენად დამაჯერებელ არგუმენტებს შეიცავდა, რომ ბოლომდე გაანადგურა ე.წ. თავისუფალი მედიასაშუალებების მუშაობის მიმართულება. ამ მიმართულებაში იგულისხმება – დემაგოგია სიტყვის თავისუფლებაზე იმ ქვეყნებში, რომლებიც თავიანთი გზით მიდიან. სოციალურ ქსელსა თუ მედიით გაკეთებულ კომენტარებს თუ გავეცნობით, ევროპელებისა და ამერიკელებისთვის ეს შოკი იყო. მათ სამყაროში, ჟურნალისტი პროფესიონალურად დაყენებული რიტორიკით, ინტელექტის მწვერვალია, რომლის წინაშეც ძლიერნი ამა ქვეყნისანიც ქედს იხრიან. ამ დროს, იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც მათი წარმოდგენით, ცივილიზაციის „უკანა ეზოშია“, აცამტვერებს ამ პროფესიის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელს ბი-ბი-სი-დან. ეს ყველაფერი სახეზე იყო, ჟურნალისტს ენა ებმოდა, ცდილობდა თავის დაძვრენას და ბოლოს თვითონვე შეცვალა საუბრის თემა.
ამ ვიდეოს ფრაგმენტი, ჟულიან ასანჟის არაოფიციალურმა მეუღლემ, მისმა ორი შვილის დედამ სტელა მორისმაც გამოაქვეყნა ტვიტერით. ახლა რაც შეეხება აზერბაიჯანის პრეზიდენტის პასუხს, რომელიც ფრიად ფართო განხილვის თემად იქცა. ილჰამ ალიევმა ბრიტანელ ჟურნალისტს განუცხადა, რომ მას უფლება არ აქვს ლექციები უკითხოს „თავისუფალ პრესაზე“ იმ დროს, როცა დიდ ბრიტანეთს ციხეში ყავს გამოკეტილი ასანჟი. ამ ადამიანს კლავენ მორალურად და ფიზიკურად იმის გამო, რომ იგი ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა. რუსი ჟურნალისტის განცხადებით, სანამ ის ამ პატარა წერილს ამზადებდა, ხსენებულმა ვიდეოფრაგმენტმა ტვიტერში 3,5 მილიონი ნახვა მოაგროვა.